წინანდლის ეკლესიების კომპლექსი

წინანდლის ეკლესიების კომპლექსიარქიტექტურული ძეგლი სოფელ წინანდლის ცენტრში. კომპლექსში შედის ერთმანეთისგან ოციოდე მეტრის მოშორებით მდგარი, სხვადასხვა დროის ორი ეკლესია, რომელთა შორის ერთი ღვთისმშობლის, ხოლო მეორე წმ. გიორგის სახელზეა აგებული.

ღვთისმშობლის ეკლესია რედაქტირება

ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (9.2 x 6.5 მ). თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ნაშენია რიყის ქვით. კონსტრუქციულ ნაწილებში (კარ-სარკმლის წირთხლები, საბჯენი თაღები, კამარა) გამოყენებულია კვადრატული აგური. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: დასავლეთიდან და სამხრეთიდან, მათ შორის სამხრეთისა გვიანდელია და შიგნითკენ მკვეთრადაა გაგანიერებული, ორივე შესასვლელი ხის ძელებით, თარაზულად არის გადახურული, მესამე კარი (ამჟამად ამოშენებულია), რომელიც გარედან ორზე გაცილებით განიერია, ჩრდილოეთიდან, XX საუკუნის შუა წლებში მოუწყვიათ. ამ დროს ამოუშენებიათ დასავლეთი და სამხრეთი შესასვლელები. ეკლესიის დარბაზი შესამჩნევად მოკლეა. იმდენად, რომ მისი განივი ღერძი დაახლოებით 1 მეტრით ჭარბობს გრძივ ღერძს. აღმოსავლეთით ღრმა, წესიერი ნახევარწრის ფორმის აფსიდია. აფსიდის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო, შეისრულთაღოვანი ნიშაა მოწყობილი. თითო, სწორკუთხა სარკმელი ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებშიცაა. მათ შორის ჩრდილოეთ სარკმელი მოგვიანებითაა გაგანიერებული.დასავლეთ სარკმლის გადახურვა საფეხურებადაა დამუშავებული და შიგნიდან გარეთკენ მაღლდება. აფსიდი გადახურულია დადაბლებული პროპორციების კონქით. კონქის ზემოთ, როგორც ჩანს მცირე სიცარიელეა. მასთან დამაკავშირებელი ხვრელი აფსიდის სარკმლის გადახურვაშია მოწყობილი, რომლის გამოც აღმოსსავლეთ კედელი, დანარჩენ კედლებთან შედარებით, გაცილებით უფრო სქელია (სისქე დაახლოებით - 1.3 მეტრია). ეკლესიების ფასადები ორსაფეხურიანი ლავგარდნითაა დასრულებული, რომლის თითოეული საფეხური ჩვეულებრივად დალაგებული და კუთხეებით წინწამოწეული აგურის, თითო რიგითაა გამოყვანილი. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ასწვრივ, აგურის წყობის შეღრმავებით, გამოსახულია საფეხუროვან პოსტამენტზე დაყრდნობილი, მაღალი ჯვარი, რომლის ზედა მკლავზე შეღრმავებულივე რომბია წაბმული. გარდა ამისა, ფრონტონის არეში კიდევ სამი, მსგავსი რომბია - თითო-თითო ჯვრის ზედა მკლავის გვერდებზე, ხოლო ერთი ზედა მკლავის ასწვრივ, ფრონტონის წვერთან. მსგავსი ჯვარი, ოღონდ რომბების გარეშე, გამოსახულია ეკლესიის დასავლეთ ფრონტონზეც. ეკლესიის სამხრეთ- აღმოსავლეთ კუთხეს, თითქმის მთელ სიმაღლეზე, აუყვება გაურკვეველი დანიშნულების ნაგებობის (კონტრფორსის?) კედლის ნაშთი, რომელიც ეკლესიასთან წყობითაა შერწყმული. 1980-იანი წლების მიწურულს, ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა სამეცნიერო-სარესტავრაციო საწ. სახელოსნომ ჩრდილოეთ კედელში ამოშენდა. მოგვიანებით მოწყობილი შესასვლელი, სახურავზე მოიხსნა. მოგვიანებით დაშენებული, დაახლოებით ოცდაათიოდე სმ-ის სიმაღლის ფენა. განახლდა ლავგარდანი, ეკლესია გადაიხურა ღარისებრი კრამიტით.

წმინდა გიორგის ეკლესია რედაქტირება

წმ. გიორგის ეკლესია წარმოადგენს ე. წ. „თავისუფალი ჯვრის ტიპის" გუმბათოვანი ტაძრის ნაირსახეობას. შენობის ბირთვი გეგმით კვადრატული ჯვრული კამარით გადახურული სივრცეა, რომელსაც აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან შედარებით დაბალი, ვიწრო სივრცეები ერთვის. მათ შორის აღმოსავლეთით მდებარე, საკუთრივ საკურთხეველი, შიგნიდან ნახევარწრიულია, ხოლო გარედან ხუთწახნაგოვანი. დასავლეთისა კი - სწორკუთხაა (შენობის გარეთაა ზომები ღერძებზე: სიგრძე - 15.2 მ, სიგანე - 8 მ). დასავლეთ ეკლესიას დასავლეთიდან ეკვრის კვადრატული გეგმის, სამ მხარეს ნახევარწრიული თაღებით გახსნილი კარიბჭე, რომლის სახურავზე, ადრე, მცირე ზომის სამრეკლო იქნებოდა დადგმული (შემორჩენილი იყო საფუძვლის ნაშთი). ეკლესია ნაშენია კვადრატული აგურით, ალაგ-ალაგ (ძირითადად ქვედა ნაწილებში), წვრილი რიყის ქვის, სწორხაზოვანი რიგების ჩართვით. შესასვლელი სამია: ცენტრალური ნაწილის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში - ერთმანეთს მოპირდაპირედ. ხოლო დასავლეთით - „მკლავის“ ცენტრში. ინტერიერი ცხრა ფართონ, მაღალი, თაღოვანი სარკმლითაა განათებული. აქედან სამი - აფსიდშია, ორ-ორი - ცენტრეალური კვადრატის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში - კარის აქთ-იქით, თითო კი - დასავლეთ „მკლავის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში. ცენტრალური ნაწილის კარ-სარკმლები შიგნიდან მოთავსებულია საფეხურით შეღრმავებული, ნახევარწრიული თაღით დასრულებულ არეში. აფსიდში სამი, ნახევართაღოვანი ნიშაა მოწყობილი - ორი ჩრდილოეთით, ხოლო ერთი სამხრეთით. ცენტრალური ნაწილის კამარის წვეროში სწორკუთხა პლაფონია გამოყვანილი. ეკლესიის ცენტრალური ნაწილის და დასავლეთ „მკლავის“ კუთხეებს, გარედან, სადა პილასტრები აუყვება. ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადზე, კარ-სარკმლები ერთიან, სადა საპირეში არის ჩასმული, რომელშიც, სარკმლების ქვემოთ, გამოყვანილია მათივე სიგანის თითო, სწორკუთხა, შეღრმავებული არე. შესასვლელების ზემოთ კი - კედელში, წყობის შეღრმავებით გამოყვანილი, ნახევარწრიულ პოსტამენტზე დაყრდნობილი ჯვრის გამოსახულებაა. თითოეულ სარკმელს ამკობს აგურის რელიეფური თავსართი - ჰორიზონტალური გადანაკეცებით ბოლოებში. საკურთხევლის შვერილს განაპირა წახნაგებზე იგივე ზომის თითო, ცრუ სარკმელია. ფასადები დასრულებულია აგურის სამსაფეხურიანი ლავგარდნით.

2007-2008 წლებში, სოფლის გამგეობის თაოსნობითა და მაცხოვრებელთა შეწევნით, ძეგლს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ინტერიერი და ფასადები გაიწმინდა და გაჭყარტლული ნალესობისგან აღდგა კედლების მონგრეული ნაწილები და ლავგარდანი კარიბჭეზე დაიდგა. ახალი თუნუქის, პირამიდისებრი სახურავით გადახურული, რვაწახნაგოვანი სამრეკლო. ეკლესიის თითოეული ნაწილი გადაიხურა თუნუქის დამოუკიდებელი სახურავით. კეთილმოეწყო ეზო და იგი რიყის ქვის გალავნით შემოიფარგლა.

ლიტერატურა რედაქტირება