წინამძღვრიანთკარის საცხოვრებელი სახლი

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

წინამძღვრიანთკარის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარის ჩრდილო-დასავლეთ უბანში. აგებულია XIX საუკუნის პირველ მეოთხედში.

სახლი ეკუთვნოდა გიორგი წინამძღვრიშვილს, ილია წინამძღვრიშვილის ბიძას. ორსართულიანი, გეგმით სწორკუთხა საცხოვრებელი სახლი (22,2 x 12,6 მეტრი) ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. კედლებში მთელ პერიმეტრზე ორ იარუსად ჩასმულია ხის შემკვრელები. სახლის პირველ სართულზე სამეურნეო დანიშნულების სათავსებია, მეორეზე-სასტუმრო დარბაზი (ამჟამად ოთახებადაა დაყოფილი) და საძინებელი ოთახები. შენობაში შესასვლელი პირველი სართულის სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. აქ კედელში დატანებულია მეორე სართულზე ასასვლელი ვიწრო ერთმარშიანი კიბე. ასეთივე კიბით უკავშირდება მეორე სართული სხვენს. სახლის სამხრეთ ფასადის შუა ნაწილში ორივე სართულზე ხის მოზრდილი აივნებია. პირველი სართულის აივნიდან მარანში და სამეურნეო დანიშნულების სხვა ოთახებში შეიძლება შესვლა ცალკ-ცალკე შესასვლელებით. მარანს დასავლეთით აქვს დამოუკიდებელი შესასვლელიც აქვს. მარნის დასავლეთ კედელში ორი, ხოლო ჩრდილოეთისაში ოთხი ვიწრო სარკმელია. ორ-ორი თაღოვანი სარკმელი სამეურნეო ოთახების სამხრეთის კედლებშია გაჭრილი.

პირველ სართულზე იატაკი მიწისაა. მეორე სართულის ოთახებს ხის იატაკი აქვს, აივნის იატაკი კი კვადრატული აგურისაა. ყველა ოთახს აივანზე გასასვლელი კარი აქვს. განაპირა ოთახები დარბაზს სწორკუთხა კარით უკავშირდება. მეორე სართულზე თვრამეტი სწორკუთხა სარკმელია. ამ სართულის დასავლეთისა და ჩრდილოეთის კედლებში გაჭრილი კარი მომცრო აივნებზე (აღარ არსებობს) გადიოდა; აღმოსავლეთის კედელში გაჭრილი კარი მოგვიანებით მიშენებულ გრძელ აივანზე გადის. შუა გრძივი კედლის კუთხეებში თითო ღუმელია. სახლისათვის მოგვიანებით აღმოსავლეთით ღია აივანი, ხოლო დასავლეთით ერთსართულიანი სამეურნეო სათავსი მიუშენებიათ. გვიანდელია მთავარი ფასადის მხარეს მიშენებული მეორე სართულზე ასასვლელი ხის კიბეც. მთავარი ფასადი შელესილია. ამ მხარეს პირველი სართულის აივანს აგურის ორი სრულიად სადა კვადრატული სვეტი აქვს, მეორე სართულის რიკულებიან აივანს კი კაპიტელებიანი მრგვალი სვეტები. მეორე სართულის სარკმლები დასრულებულია არქივოლტებით, რომლებიც ჰორიზონტალურ პროფილირებულ სარტყელთანაა დაკავშირებული. შენობა გადახურულია ღარიანი კრამიტით. სახურავი ორფერდაა. სახურავზე, სამხრეთით სამერცხლეა.

ლიტერატურა

რედაქტირება