წიგნის მუზეუმი (თბილისი)
მუზეუმი თბილისში
წიგნის მუზეუმი — მუზეუმი თბილისში, რომელიც გაიხსნა 2017 წლის 17 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში. იგი საქართველოში პირველია და კავკასიაში უდიდესი[1]. მუზეუმი გაიხსნა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის გიორგი კეკელიძის ინიციატივით[2].
წიგნის მუზეუმი ეროვნული ბიბლიოთეკის საცავში დაცულ 19 ათასზე მეტ რარიტეტულ წიგნს აერთიანებს. მუზეუმში წარმოდგენილი იქნება როგორც მუდმივმოქმედი ექსპოზიციები, ისე დროებითი გამოფენები. წიგნის მუზეუმი ოთხ სივრცეს მოიცავს[2]. ესენია:
- იშვიათი გამოცემების მუზეუმი, სადაც სიძველით და ფორმით გამორჩეული წიგნებია წარმოდგენილი, კერძოდ ქართულ-იტალიური ლექსიკონი (1629), ვახტანგის სტამბის გამოცემები, ინკუნაბულა და სხვ;
- „ვეფხისტყაოსნის“ მუზეუმი – აქ წარმოდგენილია პოემის ყველა გამოცემა ქართულ და უცხოურ ენებზე;
- ილიას დარბაზი – ილია ჭავჭავაძის კაბინეტის ექსპოზიცია, მისი პირადი ნივთებითა და ბიბლიოთეკით;
- ბროსეს საცავი – თანამედროვე საცავი, აღჭურვილი კლიმატის კონტროლის შესაბამისი აპარატურით.
მუზეუმში შესვლა უფასო იქნება ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის[1].