წებელდის საბოქაულო

წებელდის საბოქაულო (რუს. Цебельдинское приставство) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციული ერთეული 1847–1866 წლებში.

XIX საუკუნის ბოლოსათვის წებელდა იმართებოდა მარშანიების საგვარეულოს მიერ.

პირველად რუსეთის იმპერიამ წებელადზე გაილაშქრა 1835 წელს. წებელდის მეორე ექსპედიცია 1837 წლის მაისში გაიმართა. კავკასიის მთავარმართებელმა ბარონმა როზენმა წებელში სამხედრო ექსპედიცია მოაწყო და ამ მხარის მფლობელი მარშანიები დაიმორჩილა. რუსეთის ხელისუფლებას დალელი მარშანიებიც დამორჩილდნენ. კოდორის ხეობის შუა და ზემო წელში — წებელსა და დალში უშუალო რუსული მმართველობა დამყარდა, შეიქმნა წებელდის საბოქაულო. წებელდის ბოქაული უშუალოდ აფხაზეთში განლაგებული რუსეთის ჯარების მეთაურს — აფხაზეთის ჯარების სარდალს ემორჩილებოდა. ამ დროიდან თემის ქართული სახელი „წებელი“ რუსულმა „წებელდამ“ შეცვალა[1]. წებელდის დაბყრობისთანავე ადგილ მარამბასთან რუსების მიერ აშენებულ იქნა გამაგრება სპეციალურად წებელდის ბოქაულისათვის. 1837–1841 წლებში წებელდის პირველი ბოქაული იყო კიევის უნივერსიტეტის სტუდენტი პრაპორშიკი ფელიქს ლისოვსკი[2]. დაარსდა წებელდის ოკრუგი მდინარეების ჩხალთის, სეკენია და ამტყელის აუზის საზღვრებში. 1840 წელს დალის ხეობაში მოხდა აჯანყება, რომელიც რუსული არმიის მიერ მიხეილ შარვაშიძის მეთაურობით წარმატებით იქნა ჩახშობილი. 1842 წელს კოდორის ხებაში აშენდა ასევე სხვა გამაგრებული პუნქტიც[3][4].

ერთ-ერთი მონაცემით შავიზღვის სანაპირო ზოლზე მდებარეობდა ორი საბოქაულო, ესენია ჯიქეთის და წებელდის საბოქაულოები, რომლებიც 1847 წლის საბოქაულოების მმართველობით სიაში გვხვდება. 1853 წელს წებელდის ბოქაულმა დაიყოლია ადგილობრივი თავადაზნაურობა სასამართლოს შექმნაზე. პირველი სასამართლო 7 მარტს გაიხსნა თუმცა მასზე მძიმე დანაშაულის განხილვის გამო მხარეებს შორის დაპირისპირება დაიწყო და მალევე დაიხურა. მას შემდეგ სახალხო სასამართლოები ხან დგებოდა და ხან არა.

რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს წებელდის თავადაზნაურობამ დაიკავა ოსმალეთის მხარე, რის გამოც წებელდის ბოქაულს მოუწია ტერიტორიის დატოვება და შესაბამისად მოიშალა საბოქაულოს მართველობა. წებელდის საბოქაულო დროებით გაუქმდა 1854 წლის 5 აპრილს, ხოლო აღსდგა რუსეთის ჯარების დაბრუნებისთანავე 21 ივნისს[5].

1859 წლის 6 დეკემბერს რუსეთის იმპერატორის დადგენილებით კნიაზ ბარატინსკიმ წებელდაში შემოიღო განსაკუთრებული მმართველობა, დაყო რა იგი ოთხ საპოლიციო უბნად, რომლებსაც სათავეში ჩაუყენა მდივან-ბეგები[6][7].

დასავლეთ კავკასიის სრულად დაპყრობისთანავე, წებელდის მოსახლეობა სრულად (1400 კომლი) გადაასახლეს ოსმალეთში, ადგილზე კი დატოვეს მისი უმნიშვნელო (27 კომლი) რაოდენობა[8].

1866 წლის 11 აგვისტოს ალექსანდრე II-ს მიერ დამტკიცებული დებულების თანახმად, სოხუმის სამხედრო განყოფილების ადმინისტრაციულ დაყოფაში რიგი ცვლილებები შევიდა[9]. გაუქმდა წებელდისა და სამეგრელოს მფლობელობაში შემავალი სამურზაყანოს საბოქაულოები და გაგრის ქედიდან ენგურამდე არსებულ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ოთხი ახალი (ბიჭვინთის, დრანდის, წებელდის, ოქუმის) ოლქი. ცალკე ადმინისტრაციული ერთეულის სახით შევიდა მასში ქ. სოხუმი.

  1. გაზ. ჩემი აფხაზეთი, №10, აპრილი, 2010 წ.
  2. Колесникова М.Е., Авидзба А.Ф. О деятельности пристава Цебельды Ф.Я. Лисовского в 1837-1841 гг.: по материалам сборника архивных документов «Западный Кавказ в первой половине XIX века»
  3. Кавказский календарь на 1858 год, Тифлис, 1857.
  4. Абхазия и Сухум в XIX столетии
  5. Собрание сочинений Р.А. Фадеева : Т. 1-3. - Санкт-Петербург : В.В. Комаров, 1889
  6. Утверждение русскаго владычества на Кавказе. К столетию присоединения Грузии к России. 1801-1901, Т. XII, Тифлис, 1901, ст. 429-430
  7. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XXXIV, указ 35197, ст. 316
  8. Статистические сведения о кавказских горцах, состоящих в военно-народном управлении. «Сборник сведении о кавказских горцах», 1868
  9. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XLI, указ 43551, ст. 1022-1025