ძირავის ბრძოლა
თარიღი 371
მდებარეობა სოფელი ძირავი
შედეგი რომაულ-სომხური გამარჯვება
მხარეები
სასანიანთა ირანი
კავკასიის ალბანეთი
რომის იმპერია
სომხეთის სამეფო
ძალები
შაპურ II
ურნაირი
ტრაიანუსი
ვადომარი
მუშეგ I მამიკონიანი

ძირავის ბრძოლა (სომხ. Ձիրավի ճակատամարտ) — 371 წელს სოფელ ძირავთან, ბაგრევანდის პროვინციაში რომაულ-სომხურ და სასანიანთა ირანის ძალებს შორის მომხდარი ბრძოლა, რომელიც სასანიანთა მარცხით დასრულდა[1], რასაც მოჰყვა სომხეთის კვლავ რომის იმპერიის ვასალ სახელმწიფოდ ქცევა. ბრძოლა გამოწვეული იყო სომხეთის მეფე პაპის პოზიციების ცვალებადობით ირანსა და რომს შორის, რამაც სპარსეთის შაჰს აიძულა აშკარა მოქმედებაზე გადასულიყო სომხეთის დასამორჩილებლად.

წინაპირობები

რედაქტირება

369 წელს სასანიანთა ირანის შაჰმა შაპურ II-მ დაარწმუნა სომხეთის მეფე პაპი, რომ უარეყო რომის ვასლობა და მის მხარეს გადასულიყო. შაპურის გავლენით პაპმა დახოცა რომაელთა სარდლები კილაკესი და არტაბანესი და მათი მოკვეთილი თავები შაჰს გაუგზავნა ერთგულების ნიშნად. სომხეთის მეფის, როგორც რომის ვასალის ამგვარმა საქციელმა ერთობ გააღიზიანა და აღაშფოთა რომაელები, ამის საპასუხოდ კი რომის იმპერატორმა ვალენტიმ თავისი სარდალი, არინთეოსი დიდი ლაშქრით წარგზავნა სომხეთში, რის შესაჩერებლადაც პაპი მაშინვე დაუბრუნდა ძველ პოზიციას. პაპის ამგვარმა საქციელმა თავის მხრივ შაპურიც გააღიზიანა, რასაც მოჰყვა შემდეგი მოქმედებები.

უკვე 370 წელს შაპურმა გადაწყვიტა, რომ სომხეთის პრობლემატური საკითხი ძალით მოეგვარებინა. მან ბათილად გამოაცხადა 363 წელს გაფორმებული საზავო ხელშეკრულება, რომელიც რომსა და სპარსეთს შორის 30-წლიან მშვიდობას ითვალისწინებდა, და დაიწყო ლაშქრის მზადება მომავალი წლის გაზაფხულზე სომხეთში შესაჭრელად. სულ მალე მას შეუერთდა მისი ვასალი კავკასიის ალბანეთის მეფე ურნაირიც.

როდესაც პაპმა მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ შეიტყო, სასწრაფოდ მოუყარა ჯარებს თავი ძირავში. რომის იმპერატორ ვალენტის დამხმარე ჯარები ტრაიანუსმა და ვადომარმა ბაქსიშსა და ერჰანდში განალაგეს. მალე ისინიც ძირავისკენ დაიძრნენ და გამაგრებული ბანაკი აღმართეს, სანამ სომხებს ელოდნენ. გადაწყდა, რომ სომეხი სპასპეტი მუშეგ I მამიკონიანი უსარდლებდა რომაელ-სომხების გაერთიანებულ ლაშქარს.

სომხურ-რომაული ლაშარი სპარსულს 371 წელს სოფელ ძირავთან, ბაგრევანდის მახლობლად შეხვდა და სასტიკად დაამარცხა იგი. სომხებმა თავიდანვე გაარღვიეს სასანიანთა საბრძოლო ხაზები, რამაც ბრძოლა გაუადვილათ. ფაუსტ ბიზანტიელი გამარჯვებაში მნიშვნელოვან წილს სწორედ მუშეგ მამიკონიანს აწერს. მოვსეს ხორენაცი და ასევე რომაელი მემატიანეები ერთხმად აღნიშნავენ, რომ რომაელი სარდლები არ მონაწილეობდნენ ბრძოლაში, არამედ სომეხთა მეფის დაცვით იყვნენ დაკავებულნი. ბრძოლაში მიღწეულმა წარმატებამ სომხები ერთობ შეაგულიანა, რამაც ნაწილობრივ, თავის მხრივ განაპირობა სხვა ბრძოლებში მიღწეული წარმატებები, რომელთა დროსაც სომხებმა რომაელთა დახმარებით მოახერხეს სასანიანთა სპარსეთის მიერ ოკუპირებული პროვინციების, კერძოდ კი გორდუენესა და აღძნიქის გამოხსნა, რომლებიც შაჰმა შაპურ II-მ 363 წელს დაიპყრო.

მიუხედავად ბრძოლის წაგებისა, შაპურს დანებება არ ჰქონდა გადაწყვეტილი. ამის შემდეგ მან ლაშქარი კვლავ შეუსია სომხეთს და სასაზღვრო რეგიონები დაარბია. ამას მოჰყვა განძაკის ბრძოლა[2], რომელშიც სომხურ-რომაულმა ალიანსმა იმ წელს მეორედ დაამარცხა სპარსელები. ამის შემდეგ შაპურმა ელჩები გააგზავნა და ზავი დადო, რომელსაც შვიდწლიანი მშვიდობა მოჰყვა[3].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Chaumont, M. L. (1985). "Albania". Encyclopaedia Iranica, Vol. I, Fasc. 8. pp. 806–810.
  • Chaumont, M. L. (1986). "Armenia and Iran ii. The pre-Islamic period". Encyclopaedia Iranica, Vol. II, Fasc. 4. pp. 418–438.
  • Grousset, René (1947). Histoire de l'Arménie des origines à 1071. Paris.
  • Hughes, Ian (2013). Imperial Brothers: Valentinian, Valens and the Disaster at Adrianople. Pen & Sword. ISBN 978-1848844179.
  • Lenski, Noel Emmanuel (2002). Failure of Empire: Valens and the Roman state in the fourth century A.D. University of California Press. ISBN 978-0-520-23332-4.
  • Garsoian, Nina (2000). "Mamikonean family". Encyclopaedia Iranica.
  1. Chaumont 1986, pp. 418–438.
  2. Ammianus Marcellinus, Res Gestae, 29.1.4.
  3. Hughes 2013, p. 106.