ძენოს თვითშემეცნება

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

„ძენოს თვითშემეცნება“ (იტალ. La coscienza di Zeno) — იტალიელი ავტორის, იტალო ზვევოს 1923 წლის ფსიქოანალიტიკური რომანი.[1] ნაწარმოების პროტაგონისტად გვევლინება ძენო კოსინი, ხოლო თავად სიუჟეტში ვეცნობით ფიქციური გმირის ერთგვარ მემუარებს, რომელთაც იგი, ფსიქიატრის დავალებით, ინახავს, რადგან მხოლოდ ასე შეიძლებოდა, თერაპევტის აზრით, ძენოსთვის დახმარების გაწევა. წიგნის თავების შესაბამისად, პერსონაჟი გვიყვება საკუთარ მამაზე, ბიზნესზე, ცოლსა და თამბაქოსადმი მიდრეკილებაზე.

„ძენოს თვითშემეცნება“

ავტორი Italo Svevo
ენა იტალიური ენა
გამოცემის თარიღი 1923

წინასიტყვაობაში ზემოხსენებული ექიმი, დოქტორი „ს“, რომლის სავარაუდო შთაგონების წყაროსაც ზიგმუნდ ფროიდი ან ედუარდო ვაისი წარმოადგენს, აცხადებს, რომ მას სურს გამოაქვეყნოს ზოგიერთი მემუარები, რომლებიც ავტობიოგრაფიულ სტილშია დაწერილი მისი პაციენტის, ძენო კოსინის მიერ, რომელიც უკვე მოხსნილია სამკურნალო პროცედურიდან. ყოფილი პაციენტის ჩანაწერები წარმოადგენს სრულიად ნაწარმოების შინაარსს.

რომანი ფაქტობრივად წარმოადგენს ძენოს ფსიქიკის ანალიზს, — ინდივიდის, რომელიც საკუთარ თავს ავად და უძლურად მიიჩნევს, იგი გამუდმებით ეძებს განკურნების გზებს, ხშირ შემთხვევაში აბსურდული და კონტრპროდუქტიული მეთოდებით. ძენო საუბრობს საკუთარ ბედკრულობაზე, სულიერ ავადმყოფობასა და ამ უკანასკნელიs განკურნების ძიებაზე, რომელსაც ვერასდროს იპოვის, თუმცა, საბოლოო ჯამში, ის აღმოაჩეnს, რომ ავადაა არა მისი სული, არამედ იმ საზოგადოების, რომელშიც ცხოვრება უწევს.

წიგნი თავად ავტორის ხარჯებით გამოიცა, რადგან, თავდაპირველად, იგი ყველა გამომცემლობამ უარყო. თუმცა, ავტორის მეგობრის, ჯეიმზ ჯოისის, წყალობით, რომელიც ავტორს ინგლისური ენის კურსებს უტარებდა, წიგნმა მალევე გაითქვა სახელი იტალიასა და საფრანგეთში.

არსებობს ვერსია, რომ პროტაგონისტი ძენო თავად ავტორის ალტერ-ეგოა, რამდენადაც მათ გააჩნიათ მრავალი საერთო თვისება, მათ შორის: ორივე მელოტია, ორივე მათგანი სიგარეტზეა დამოკიდებული, ორივე ბიზნესმენია, აგრეთვე ორივე მოყვარული მევიოლინეა და ა.შ.

წიგნში თითქოს ერთგვარად გადმოცემულია ძენოს აღიარება, უფრო ფართოდ რომ ითქვას, მისი სულის აღსარება. პირველ პირში შესრულებული თხრობა არ მიჰყვება ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას, მაგრამ აქცენტი კეთდება ძენოს ცხოვრების მთავარ მოვლენებზე. ავტორი იყენებს დიდი იუმორითა და არალიტერატურული სტანდარტებით გაჯერებულ ენას, თავად პერსონაჟები კი ტრიესტისა და ტოსკანის დიალექტებზე, მრავალი გერმანული ტერმინით, საუბრობენ.

ძენო კოსინი, ნაწარმოების მთავარი გმირი, ვაჭარია, რომელიც მდიდარი ოჯახიდანაა, თუმცაღა საკუთარ პოტენციალს ფლანგავს, ცხოვრებას უსაქმურობაში ატარებს და, ამავდროულად, მამასთან კონფლიქტურ ურთიერთობას აყალიბებს, რაც მის მთელ ცხოვრებაზე აისახება. სიყვარულში, ოჯახთან, მეგობრებთან და სამსახურში ურთიერთობისას ის მუდმივად გრძნობს არაადეკვატურობისა და „უუნარობის“ განცდას, რასაც იგი ავადმყოფობის სიმპტომად განმარტავს.

ძენოს ეს „ავადმყოფობა“ უშლის ხელს გარე სამყაროსთან იდენტიფიცირებაში. სხვა პერსონაჟებისგან განსხვავებით, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ სრულყოფილები არიან და, შედეგად, კრისტალიზებულები რჩებიან უცვლელობის მდგომარეობაში, ის აცნობიერებს თავის ამ არასრულყოფილებას და ცდილობს მის აღმოფხვრას. მსგავს პერსონაჟთა შორის გამოსარჩევნი არიან მისი დები, მამა, მეუღლე, ენრიკო კოპლერი, გვიდო შპეიერი და ა.შ., რომელთაც აქვთ ტენდენცია, დარჩნენ ისეთებად, როგორებიც არიან, ხოლო პრობლემური ძენო თავს უვარგისად თვლის და, ამიტომ, მიდრეკილია ცვლილებებისა და საკუთარი არსებობის „რეფორმაციისკენ“. ამ რწმენის საფუძველზე, მთავარი გმირი იბრუნებს შემდეგ დასკვნას: სულიერი დაავადება აღიქმება, როგორც საწყისი პირობა, რომელიც აუცილებელია თვითგანვითარებისთვის.

წიგნი წარმოადგენს ტრილოგიის ბოლო ნაწილს (ნაწარმოებებთან — Una Vita და Senilita - ერთად), თუმცა ამ უკანასკნელთა პერსონაჟებისგან განსხვავებით, ძენო ახერხებს, აღმოფხვრას საკუთარ თავში არასრულფასოვნების კომპლექსი.

მოკლე შინაარსი

რედაქტირება

ნაწარმოების მთავარი მოქმედი პირია ძენო, ე.წ. „სამუდამო სტუდენტი“, რომელიც ცდილობს, საკუთარი თავი მრავალ სფეროში გამოსცადოს, თუმცა იგი მაინც მამის წარმატებული მეწარმეობით მოპოვებულ ქონებაზეა დამოკიდებული. მის ცხოვრებაში ნელ-ნელა ყველაფერი უფერულდება, თითქოს იგი ვეღარ ხედავს საკუთარ თავში დადებითს და გათავისებული აქვს, რომ იგი უძლურია, გავლენა მოახდინოს საკუთარ ცხოვრებაზე და ბედისწერას ემორჩილება, თუმცა, ამავდროულად, დარწმუნებულია, რომ ცხოვრება ჰქმნის და აყალიბებს მას, როგორც პიროვნებას.

პირველი ეპიზოდი მოგვითხრობს პროტაგონისტის წარუმატებელს მცდელობაზე, დაანებოს თავი მოწევას. ძენო მშვენივრად იაზრებს, რომ მას ისევ და ისევ უწევს „ულტიმა სიგარეტას“ ხმარება, თუმცა მიჩნევს, რომ ამას საკუთარი მიზეზიც გააჩნია.

მეორე თავში ვაწყდებით მამა-შვილის ურთიერთობას. ეს გროტესკული ეპიზოდი მამის სიკვდილის შემდეგ ვითარდება, როცა ძენო მამის მიერ გაწნულ სილაზეა ჩაფიქრებული.

მესამე თავში ძენო წარმოგვიდგენს საკუთარ როლს პარტნიორის შერჩევაში, როგორც ერთგვარ თამაშს. მართლაც, მას შემდეგ, რაც მას ოჯახის მეგობრის, მალფენტის სახლში სტუმრად მიიწვევენ და იქ სამ ქალიშვილს გაიცნობს, არჩევანს შედარებით ნაკლებად მიმზიდველ მანდილოსანზე აკეთებს. მიუხედავად ამისა, ნაწარმოებში ისეთი სურათი იქმნება, რომ თავდაჯერებული, პრაქტიკული ავგუსტი სწორედ ის ქალია, რომელიც მერყევ, კეკლუც ძენოს შეავსებს, შედეგად, ერთი შეხედვით, ქორწინებაც ბედნიერი გამოდის.

ეს ხელს არ უშლის ძენოს, შეიძინოს ახალი თაყვანისმცემელი — კლარა -, რომელიც, გარდა იმისა, რომ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელია, განასახიერებს ცვლილებას ბურჟუაზიული ერთფეროვნებისგან. ამავდროულად, ურთიერთობა ძენოს აძლევს შესაძლებლობას, დაფიქრდეს საკუთარ ცუდ სინდისზე. საბოლოოდ, კლარა ტოვებს ძენოს და ღალატობს მას მუსიკის მასწავლებელთან, რომელიც თავად ძენომ გააცნო მას.

მეხუთე ეპიზოდში ძენოს მიერ დააარსებული კომპანიის შესახებ, რომელიც მან საკუთარ ქვისლთან — გვიდოსთან — ერთად შექმნა. უეცრად, გვიდო შემთხვევით გარდაიცვალა დამამშვიდებლების ძალიან მაღალი დოზის მიღებით, რომელიც, რეალურად, საფონდო ბირჟაზე წარუმატებელი სპეკულაციით იყო გამოწვეული. ამის შემდეგ ძენო იწყებს საკუთარი მამის კოპანიის განგებას.

მაშინაც კი, თუ ძენო საკუთარ თავს არაკომპეტენტურად აღწერს, ამ დროსაც მან გაანადგურა თავისი კონკურენტი გვიდო, აიღო ბიზნესი და იპოვა ბედნიერება ქორწინებაში.

ბოლო თავში აღწერილია ყველაფერი ის, რაც მოხდა ჩანაწერების შედგენამდე. ძენომ შეწყვიტა ფსიქოთერაპია და ერთწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ სურდა მემუარების განახლება, თუმცა ამჯერად არა საკუთარი ექიმი „ს“-სთვის (რომელსაც ზემოხსენებული ჩანაწერები დაუტოვა). ის ერთგვარად დასცინის საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ „გათავისუფლებულს, როგორც განკურნებულს“ — ანუ, სხვაგვარად, უკმაყოფილოა იმ შედეგით, რომელიც დოქტორმა „ს“-მ მისცა. საბოლოო ჯამში, ძენო მკაფიოდ რწმუნდება ერთ რამეში, სახელდობრ იმაში, რომ ავად არა ის, არამედ ის საზოგადოებაა, რომელშიც ცხოვრება უწევს. წიგნის კულმინაციაში გადმოცემულია ამ კატასტროფის აპოკალიპტური ინტერპრეტაცია.

გამოხმაურება

რედაქტირება

უნდა აღინიშნოს, რომ ნაწარმოები ავტორის შემოქმედებაში ერთგვარ გადატრიალებას წარმოადგენდა — მართლაც, პირველი ორი რომანის გამოქვეყნების შემდეგ (Una Vita და Senilita), რომლებიც, შეიძლება ითქვას, კრიტიკოსთა და ლიტერატორთა უდიდესმა ნაწილმა დააიგნორა, აღნიშნული რომანი ავტორმა განსხვავებულ სტილში დაწერა, რის გამოც წიგნმა შექება დაიმსახურა ავტორის მეგობრისა და ისეთივე ცნობილი მწერლისგან, როგორიცაა ჯეიმზ ჯოისი, რომელმაც ეს წიგნი ორ ფრანგ კრიტიკოსს — ვალერი ლობრანსა და ბენჟამინ კრემიუს წარუდგინა. იტალიაში ნაწარმოების პოპულარობას ხელი შეუწყო ნობელიანტმა პოეტმა — ეუჟენიო მონტალემ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Il libro fu finito di stampare il 1º maggio 1923 „coi tipi del premiato Stabilimento tipografico Licinio Cappelli in Rocca di San Casciano“: Giovanni Palmieri, Nota al testo, in Italo Svevo, La coscienza di Zeno, edizione rivista sull’originale a stampa, Firenze, Giunti, 1994, p. 427.