ძელშავი
ძელშავი (სინ.: ძველშავი, ობჩური ძველშავი) — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. მიეკუთვნება იმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ზემო იმერეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (საჩხერის) „ადგილობრივი ძველშავისა“ და „საჩხერის ძველშავის“ სახელწოდებით გავრცელებული ჯიში სულ სხვაა და იგი ობჩური ძელშავისაგან საგრძნობლად განსხვავდება.
ძველშავისგან ამზადებენ ორიგინალურ ღვინოს „ძველშავს“, გამოიყენება როგორც ძირითადი საკუპაჟე მასალა ცქრიალა, სუფრის, სადესერტო, წითელი და ვარდისფერი ღვინოების დასამზადებლად. ამას გარდა, მისი და კაბერნეს ფრანგული ჯიშის დამატებით მიიღება შესანიშნავი შუშხუნა ღვინო. შუა იმერეთში მისგან ღია წითელი ან მოვარდისფროა ნაკლებ სხეულიანი, მაგრამ ენერგიული და ხალისიანი ღვინო დგება. ზემო იმერეთსა და რაჭაში ის უფრო თხელი და ნაკლებშინაარსიანია, ამიტომ მიმართავენ კუპაჟს მგალობლიშვილთან, ოცხანურ საფერესთან და ა.შ. უკეთესი ხარისხის მასალას ძელშავი ცქრიალა ღვინისათვის იძლევა — ამ წესით დაყენებული ღვინო ღია ჩალისფერია, მსუბუქი და საკმაო ხალისიანი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 20–24%, მჟავიანობა 7,0–12,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 8,0–13,5 ტ/ჰა.
სახელწოდება
რედაქტირებაჯიშის სახელწოდების ენობრივი ანალიზის საფუძველზე აკად. ივ. ჯავახიშვილი ძელშავს აკუთვნებს საქართველოს უძველეს ვაზის ჯიშთა ჯგუფს. მისი განმარტებით შორეულ წარსულში — დაახლოებით VI საუკუნემდე სიტყვა „ძელი“ ფეხზე მდგომ მოუჭრელ ხეს ნიშნავდა, ხოლო სიტყვის მეორე ნაწილი „შავი“ ვაზის ერთწლიანი რქების მოყავისფრო შეფერვის გამომხატველია. შემდეგ ძელი, როგორც მოჭრილი ხის აღმნიშვნელი სიტყვა გახდა და ამჟამადაც ამ მნიშვნელობით იხმარება. აღნიშნულის გამო ძელშავი VI საუკუნეზე უფრო ადრინდელ ჯიშად უნდა იქნეს მიჩნეული. ამრიგად, ძველთაგანვე ამ ჯიშს ადგილობრივმა მევენახეებმა თავისი სახელწოდებით ერთწლიანი რქების მოყავისფრო შეფერვის გამო შეარქვეს, ისე როგორც ჯიშ რქაწითელს, ახალგაზრდა ყლორტების მოწითალო შეფერვის გამო.
ბიოლოგიური აღწერა
რედაქტირებაახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და პირველი ორი ჯერ კიდევ გაუშლელი ფოთოლაკი ორივე მხრიდან შებუსულია სქელი აბლაბუდისებრი ბეწვებით, მორუხო თეთრი ფერისაა და ბაცი ვარდისფერი არშია აკრავს გვირგვინისა და ფოთოლაკების ირგვლივ. მეორე იარუსის (3–4) ფოთლები ზედა მხრიდან კარგავს შებუსვას და იღებს მოყვითალო-მწვანე ფერს მონარინჯისფრო იერით. ქვედა მხრიდან ფოთლების შებუსვა მცირდება და შეფერვა რუხი მოთეთრო ხდება.
ზრდასრული ფოთოლი: სამნაკვთიანია, იშვიათად ხუთნაკვთიანი. საკმაოდ დიდი (18×16 სმ). ოვალური, იშვიათად მომრგვალოა, ზედაპირი ბადისებრ დანაოჭებულია. ზედა ამონაკვთები ღრმაა, უფრო ხშირად დახურული. ქვედა ამონაკვთები არაღრმა, ჩვეულებრივ, ღიაა. ყუნწის ამონაკვეთი ღია, ჩანგისებური ან თაღისებური ფორმის. ქვედა მხარე შებუსულია საკმაო სქელი აბლაბუდისებრი ბეწვებით და სქელი ჯაგრისებრი ბუსუსებით. ფოთლის კიდეების დაკბილვა სამკუთხედისებურია. ყუნწი შებუსულია თხელი სწორმდგომი ბუსუსით და ხშირად შეფერილია ღია ღვინისფრად.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალოზე დიდი ზომისაა (15×9სმ), წონა 120–200 გ, საშუალოდ. განიერკონუსური, ხშირად დატოტვილი, იშვიათად ცილინდრულ-კონუსისებურიც გვხვდება. ოდნავ კუმსია ან საშუალო სიკუმსის. ყუნწი მოკლე, საშუალოდ 2–3 სმ სიგრძის, ბალახისებრი, რქასთან მიმაგრების ადგილას ხევდება და რქის ფერს იღებს.
მარცვალი: მარცვალი მუქი წითელი, თითქმის შავი ფერის. საშუალო და საშუალოზე მსხვილი, ზომა 1,7×1,6 სმ. მომრგვალო, იშვიათად შეზნექილი ფორმის მარცვლებიც გვხვდება. მტევანში მათი რაოდენობა არათანაბარია, ახასიათებს მცირეოდენი წვრილმარცვლიანობა (3-5%). კანი უხეში, ადვილად სცილდება რბილობს, დაფარულია საკმაოდ სქელი ცვილისებრი ნაფიფქით, რომელიც მას იისფერ იერს აძლევს. რბილობი წვნიანია, წიპწებთან ოდნავ შესქელებული. წვენი უფერულია, ტკბილი, ჯიშური არომატი ძლიერ სუსტად აქვს გამოხატული. წიპწების რაოდენობა 1–2.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართელოს ამპელოგრაფია, თბ., 1960. — გვ. 494–501.