ცხოვრების ხე, მსოფლიო ხე — მსოფლიო წესრიგის სიმბოლური სახე ძველი ქვეყნების ხალხთა მითოლოგიაში. იგი განასახიერებდა სამყაროს მთლიანობას, ქვეყნიერების ნაწილთა ურთიერთკავშირს, რომელიც ორგანიზებული, სივრცობრივი სტრუქტურის სახით იყო წარმოდგენილი. სამყაროს მთლიანობა განხილული იყო როგორც ერთმანეთის საპირისპირო ნიშანთა მქონე ელემენტების ერთობლიობა (მაგ: ზესკნელი — ქვესკნელი), რითაც განსხვავდებოდა პირველადი სუბსტანციისაგან, უფორმო ქაოსისაგან. ხე, როგორც სამყაროს სიმბოლო, აღმოცენდა და მრავალფეროვანი ვერსიით გავრცელდა ძველი მიწათმოქმედი და მესაქონლე ხალხის მითოსში.

თავდაპირველი სახით

რედაქტირება

უძველესი შეხედულებების თანახმად, ცხოვრების ხე დგას სამყაროს ცენტრში და თავისი ვერცკულით გაივლის კოსმოსის სამ სარტყელს: ფესვები მოქცეულია ქვესკნელში, ტანი სკნელზე (მიწის პირზე) დგას, ხოლო წვერი ზეცაშია. ამ ელემენტების უძველესი სიმბოლიკა ცხოველური სახისა იყო. თუ ცხოვრების ხის წვერსა და ტანს გამოხატავდნენ ფრინველისა და ცხოველის სახით (ხშირად ადამიანის სახითაც), ფესვებს ანუ ქვესკნელს განასახიერებდა თევზი, ქვეწარმავალი და ა.შ. მოგვიანებით წარმოიქმნა უფრო განზოგადოებული სიმბოლური მწკრივი, რომელიც ცხოვრების ხეს წარმოადგენდა დროში განფენილად (წარსული, აწმყო, მომავალი) ან სამყაროს ელემენტთა კავშირის სახით (წყალი, მიწა, ცეცხლი) და ა.შ.

ლიტერატურა

რედაქტირება