ცის სფერო
ცის სფერო — ნებისმიერრადიუსიანი დამხმარე წარმოსახვითი სფერო, რომელზეც აგეგმილებენ ციურ მნათობს და რომელსაც სხვადასხვა ასტრომეტრიული ამოცანის მოსახსნელად იყენებენ.
შორეულ წარსულში ცნება „ცის სფერო“ წარმოიშვა იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანს, რომელსაც შორეულ მნათობებამდე მანძილთა განსაზღვრა არ შეეძლო, ისინი ერთსა და იმავე მანძილზე, კერძოდ რეალურ სფეროზე, განლაგებულად ეჩვენებოდა. ძველ საბერძნეთში აღმოცენებული გეოცენტრული კოსმოლოგიური სისტემის თანახმად, მთვარე, მზე და პლანეტები თავიანთ სფეროებზე გარემოიქცეოდნენ დედამიწის ირგვლივ, ვარსკვლავები კი ყველაზე გარეთა სფეროზე.
ეს მოძღვრება საქართველოშიც გავრცელდა და ლიტერატურაშიც პოვა გამოძახილი. მაგ.: სულხან საბა-ორბელიანს მოყავს ცათა იერარქიული სქემა, რომლის მიხედვით, დედამიწას აკრავს ჰაერი, შემდეგ ეთერი, უფრო გარეთ თანმიმდევრულად არის მთვარის ცა, რომელსაც ჭირანო ეწოდება, მერკურის ცა — ცორანო, ვენერას ცა — მელტარო, მზის ცა — კოჭიმელა, მარსის ცა — ჭიმჭიმელი, იუპიტერის ცა — კიმკიმელი, სატურნის ცა — არბასტრო და ა. შ.
მოგვიანებით ასტრონომებმა დაადგინეს, რომ სხვადასხვა ციური სხეული ჩვენგან სხვადასხვა მანძილზეა, მაგრამ ცის სფეროს ცნება შემორჩა, როგორც ხელსაყრელი მოდელი ასტრონომიული გამოთვლებისათვის.
განსახილველი ამოცანის ხასიათის მიხედვით ცის სფეროს ცენტრად შეიძლება მივიღოთ ის ადგილი, სადაცაა დამკვირვებელი (ტოპოცენტრული ცის სფერო), დედამიწის ცენტრი (გეოცენტრული ცის სფერო), მთვარის ცენტრი (სელენოცენტრული ცის სფერო), ცენტრი რომელიმე პლანეტისა (პლანეტაცენტრული ცის სფერო), ან მზისა (ჰელიოცენტრული ცის სფერო), ან სხვა ნებისმიერი წერტილი.
თითოეული მნათობი შეიძლება დავაგეგმილოთ ცის სფეროს ზედაპირზე იქ, სადაც მნათობისა და ცის სფეროს ცენტრებზე გამავალი წრფე კვეთს ცის სფეროს ზედაპირს. ამის შემდეგ ცის კოორდინატების ნებისმიერ სისტემაში ორი კუთხური კოორდინატის საშუალებით ცალსახად განისაზღვრება ცის სფეროზე ყოველი მნათობის მდებარეობა. მზის, მთვარის, პლანეტებისა და ვარსკვლავების და ამოსვლა-ჩასვლასთან და საერთოდ ცის ბრუნვასთან დაკავშირებულ ამოცანებში ხელსაყრელია სათანადო f განედზე მყოფი დამკვირვებლის ტოპოცენტრული ცის სფეროს გამოყენება.
დედამიწის თითოეული პოლუსისათვის ცის ერთი ნახევარსფეროს მნათობები ყოველთვის ჰორიზონტს ზემოთაა, მეორე ნახევარსფეროსი — ყოველთვის ჰორიზონტს ქვემოთ, ეკვატორზე ყველა მნათობი ყოველდღე ამოდის და ჩადის, საშუალო განედებზე კი ვარსკვლავთ ნაწილი ჩაუვალია, ნაწილი — ამოუვალი, ნაწილი კი — ამომავალიცაა და ჩამავალიც.
ცის სფეროს ძირითადი წრეწირებია ცის ეკვატორი, მათემატიკური ჰორიზონტი, ეკლიპტიკა, ცის მერიდიანი და სხვ., ძირითადი წერტილები კი — ზენიტი, ნადირი, ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები, გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობის, ზაფხულისა და ზამთრის მზებუდობის, აგრეთვე ჩრდილოეთის, სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის წერტილები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 226.
- ხარაძე ე, ასტრონომიის საფუძვლები, თბ., 1971.