ჩხერის ღვთისმშობლის ეკლესია
ჩხერის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხერში, სოფლის სამხრეთ-დასავლეთით სასაფლაოზე.
აღწერა
რედაქტირებაჩხერის ღვთისმშობლის ეკლესია დიდი ზომის დარბაზული ტაძარია, ნაგებია ყორე ქვით, მშენებლობაში გამოყენებულია რიყის ქვაც. ნაგებობის კუთხეები შირიმის ქვით არის გამოყვანილი. სარკმლის ღიობები განსხვავებული ქვის ჯიშის კვადრებისგან არის გამოყვანილი, ხოლო შესასვლელების თაღები კი ქვიშაქვაშია გამოკვეთილი. ეკლესია ნაგებია კირის დუღაბზე. ეკლესია გეგმაში მართკუთხაა, აღმოსავლეთით ღრმა ნახევარწრიული აფსიდით, რომელშიც სამი თაღოვანი ნიშია, ერთი სამხრეთით, ორი ჩრდილოეთით. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს კი არ ეყრდნობა, არამედ მხრებს ზემოთ არსებულ კაპიტელებს, ხოლო მხრებს ებჯინება შირიმის ქვით გამოყვანილი კედლის თაღები. საერთოდ ეკლესიის კედლის თაღები ეყრდნობა ორ წყვილ ერთსაფეხურიან პილასტრებს, კამარის შესადგმელი თაღები კი კედლის თაღების შეერთების ადგილას, პილასტრის ზემოთ არსებულ კაპიტელებს. ეკლესია ნათდებოდა აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის ვიწრო თაღოვანი სარკმლებით, რომლის არეებსაც შემოვლებული აქვს ლილვები. სამხრეთის სარკმელი დანგრეულია. ეკლესიაში შესვლა ხდება სამხრეთისა და დასავლეთის თაღოვანი შესასვლელებით. სამხრეთის შესასვლელის თაღის თავზე წყობაში ჩადგმულია ლილვებშემოვლებული ფილა ხუთი ჯვრის გამოსახულებით. ცენტრალურ ნაწილში დიდი ჯვარია, ხოლო გვერდებზე პატარა, აღმოსავლეთის ფასადის ფრონტონში ჩადგმულია დიდი ზომის ერთ ქვაში გამოკვეთილი ჯვარი, წრიული და გეომეტრიული ორნამენტით შემკული, განივ მკლავებზე პატარა ჯვრებია გამოსახული. ეკლესიის აფსიდში შეიმჩნევა ნალესობის კვალი, ნალესობის კვალი შეინიშნება აღმოსავლეთის ფასადზე სარკმლის ქვემოთ. დასავლეთის მინაშენი დანგრეულია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16342