ჩე გევარას მავზოლეუმი

ჩე გევარას მავზოლეუმი (ესპ. Mausoleo Che Guevara) — მემორიალი კუბაში, ქალაქ სანტა-კლარაში. მასში განთავსებულია მოკლული მარქსისტი რევოლუციონერის — ერნესტო ჩე გევარას ნეშტი მის 29 თანამებრძოლთან ერთად, რომლებიც 1967 წელს ჩე გევარას მიერ ბოლივიაში სამხედრო ამბოხის მცდელობისას დახოცეს. მთლიანი სივრცე, რომელიც 22 ფუტის სიმაღლის ჩეს ბრინჯაოს ქანდაკებას შეიცავს, მოიხსენიება როგორც ჩე გევარას სკულპტურული კომპლექსი.

ჩე გევარას მონუმენტი და მავზოლეუმი

1997 წლის 17 ოქტომბერს, კუბაში სრული სამხედრო პატივით გადმოასვენეს ბოლივიაში აღმოჩენილი ჩე გევარას ექსჰუმირებული ნეშტი. მავზოლეუმთან გახსნილია გევარას ცხოვრებისადმი მიძღვნილი მუზეუმი, იქვე ანთია სამარადისო ცეცხლი, რომელიც ფიდელ კასტრომ აანთო გევარას ხსოვნისადმი პატივსაცემად.

სანტა-კლარა ამორჩეული იქნა იმ მოვლენის სამახსოვროდ, როდესაც 1958 წლის 31 დეკემბერს, სანტა-კლარას ბრძოლისას ჩე გევარას ძალებმა ქალაქი აიღეს. კუბის რევოლუციის საბოლოო შედეგი იყო დიქტატორ ფულხენსიო ბატისტას ქვეყნიდან გაძევება.

ქალაქის მეორე ნაწილში, თავის თავდაპირველ მდგომარეობას ინარჩუნებს მატარებელი, რომელიც ბატისტას ჯარებს იარაღით ამარაგებდა და რომელიც ჩე გევარამ ააფეთქა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება