ჩესმეს ბრძოლა, ჩეშმეს ბრძოლა (თურქ. Çeşme Deniz Savaşı) — საზღვაო ბრძოლა რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომის დროს 1770 წლის 7 ივლისს ჩესმეს ყურეში (ეგეოსის ზღვა, ქიოსის სრუტე). არქიპელაგში მოქმედმა რუსულმა ფლოტმა 5 ივლისს ქიოსის სრუტეში, ჩესმეს ჩრდილო-დასავლეთით, შეუტია ოსმალეთის ფლოტს და მოწინააღმდეგის საფლაგმანო ხომალდი ჩაძირა. ოსმალეთის ფლოტმა თავი შეაფარა ჩესმეს ყურეს, სადაც იგი რუსეთის ფლოტმა ჩაიჭირა. 7 ივლისს ღამით ყურის შესასვლელთან კონტრ-ადმირალ ს. გრეიგის ავანგარდმა ცეცხლი წაუკიდა ოსმალეთის ხომალდებს, ხოლო შეტევაზე გადასულმა რუსეთის ფლოტის 4 ბრანდერმა - სახაზო ხომალდს. 1 სახაზო ხომალდისა და 5 გალერის გარდა ოსმალეთის მთელი ფლოტი დაიწვა.