ჩაღლაიანის ხიდი
ჩაღლაიანის ხიდი — ხიდი თურქეთში, რომელიც თავისი მონუმენტურობით იქცევს ყურადღებას. მისი ბურჯები და თაღი აშკარად არქაულია, ხოლო სავალი ნაწილები და ბორდიურები ახლახან ჩანს შექმნილი. ადგილობრივების გადმოცემით:
„ადრე ხიდს თავისი მოაჯირები ჰქონდა. იგი ზემოთაც ძველი ქვებით იყო გამართული. შემდეგ ბავშვებმა ისინი მოარყიეს და წყალში გადაყარეს. მოგვიანებით რიზედან მოვიტანეთ ქვები და ხელახლა გავაკეთეთ.“
|
ხიდი ზღვის დონიდან 213 მ-ის სიმაღლეზეა გამართული, ხოლო ბურჯებს შორის მანძილი 21,20 მ-ია, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ბურჯები აქაც კლდეზეა დაფუძნებული. ისინი სამი მეტრის სიმაღლისაა.
განსაკუთრებით აღსანიშნავი აქ თაღის წყობაა. თაღის შემადგენელი ყოველი ქვის ტრაპეციულობა გათვლილია მშენებლობისას სამშენებლო ჰორიზონტალური ბაქანის ცენტრიდან განსაზღვრული კუთხით. ყოველ შედარებით ფართე ტრაპეციულ ქვათლილს მოსდევს ასევე ტრაპეციული ვიწრო ქვა. იქმნება ერთგვარი „ფსევდოისოდომი“ და ყოველი ქვის მდგრადობა წყობაში გარანტირებულია.
აღმოსავლეთ ჭანეთის ხეობათა შორის ქვის თაღოვანი ხიდების სიმრავლით გამოირჩევა ფორტუნას წყლის აუზიც. ხეობაში ამ ტიპის ძეგლების სიმრავლე მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე უნდა მიუთითებდეს. ყოველივე ეს კი ქმნიდა მეტად ხელსაყრელ პირობებს ძველი გზებისა და საგზაო ნაგებობების მშენებლობისათვის. აქ გამავალი გზებით შესაძლებელი ხდებოდა ზღვისპირა ზოლი დაკავშირებოდა ჭანეთ-ლაზეთის ქედს გადაღმა რეგიონებს და განსაკუთრებით კი ტაო-კლარჯეთს, ერზრუმს, ბაიბურთს, ისპირს და ა.შ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 69-71 ISBN 978-9941-0-6458-6.