ჩამავალი მზე
ჩამავალი მზე (იაპონ. 斜陽, Shayō) 一 იაპონელი მწერლის, ოსამუ დაძაის 1947 წელს გამოქვეყნებული რომანი.[1][2][3] სიუჟეტის ორიენტირს წარმოადგენს არისტოკრატული იაპონური ოჯახი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში კრიზისსა და სტაგნაციას განიცდის.
„ჩამავალი მზე“ | |
---|---|
斜陽 | |
ქართული გამოცემა | |
ავტორი | ოსამუ დაძაი |
ქვეყანა | იაპონია |
ენა | იაპონური |
გამომცემელი | Shinchō |
გამოცემის თარიღი | 1947 |
მედია | ბეჭდური |
ნაწარმოებში მრავალგან შევხვდებით ალუზიას რუს მწერალსა და დრამატურგზე, ანტონ ჩეხოვზე. უფრო მეტიც, ერთი ვერსიით, სიუჟეტის ინსპირაციის წყაროს რუსი დრამატურგის პიესა - ალუბლის ბაღი - წარმოადგენს.[4]
სიუჟეტი
რედაქტირებაოცდაცხრა წლის კაძუკო, მისი ძმა ნაოჯი და მათი დაქვრივებული დედა ომის შემდგომ ტოკიოში მცხოვრები გაღატაკებული არისტოკრატული ოჯახის წევრები არიან. კაძუკო დაქორწინებული იყო, თუმცა განქორწინდა და დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს იმ არგუმენტით, რომ მას ქორწინებაგარეშე ურთიერთობა აქვს ერთ მხატვართან, რომელსაც ის დიდად ეტრფოდა. ბავშვი, რომელსაც ის ამ ურთიერთობიდან ელოდა, მკვდრადშობილი გაჩნდა. ნაოჯი, რომელიც სამხედრო საქმიანობას ეწეოდა და, იმ დროს, წყნარი ოკეანის სამხრეთში იმყოფებოდა, დაკარგულად გამოცხადდა. კაძუკო იხსენებს პერიოდს, როდესაც მან გაანადგურა საკუთარი სახლის მიდამოებში აღმოჩენილი გველის კვერცხები. აღმოჩნდა, რომ კაძუკოს მამის გარდაცვალების დროს სახლში (და მის მიდამოებში) მრავალ გველგვესლას დაუბუდებია, რაც, კაძუკოსა და მისი დედის თვალში, საკმაოდ ავისმომასწავლებელ ნიშანს წარმოადგენდა.
კაძუკო და დედამისი, ნათესავების დახმარებით, გადაბარგდებიან იძუს ნახევარკუნძულზე, სადაც ისინი მიწის დამუშავებითა და ხვნა-თესვით იწყებენ თავების რჩენას. ამ პერიოდში, კაძუკო ხშირად ახსენებს, რომ ის საკუთარ თავს არ ჰგავს და რომ „უხეშ ქალად“ გადაქცეულიყო. ამ დროს, მივიწყებული ნაოჯი, რომელიც ყველას დაკარგული ეგონა, შინ ბრუნდება. ის ოპიუმზეა დამოკიდებული, თუმცა ასევე იყო ომამდელ პერიოდშიც. ის დიდი სისასტიკით ეპყრობა საკუთარ ოჯახის წევრებს - დედასა და დას -, დროის უმეტეს ნაწილს კი ტოკიოს ლიტერატურულ წრეებში ატარებს, სადაც ის, ომამდელ პერიოდში, ასევე, ხშირად დადიოდა ხოლმე. ერთ დღეს, კაძუკო აღმოაჩენს ნაოჯის „მთვარის ყვავილის ჟურნალს“, რომელშიც აღწერილია, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას ხალხისა და ბრბოს ფანატიზმისა და არაგულწრფელობის მიმართ, ამახვილებს ყურადღებას იმაზე, თუ როგორ იბრძვის ის ამის წინააღმდეგ, როგორც ინდივიდი და როგორც მოყვარული მწერალი.
კაძუკო წერილს უგზავნის უეჰარას, მისი ძმის ძველ მეგობარს, რომელსაც თავად ის ჯერ კიდევ მაშინ გაეცნო, როცა გათხოვილი იყო. ის წერილით გადმოსცემს იმ გრძნობას, რომელიც უეჰარას მიმართ გააჩნია და ამბობს, რომ, მიუხედავად მისი ალკოჰოლისადმი დამოკიდებულებისა, მისგან შვილის ყოლას ისურვებდა. ის, ასევე, ახსენებს ქრისტიანობასა და მარქსიზმს, დასძენს რა, რომ წაუკითხავს როზა ლუქსემბურგის წიგნი, რომელიც საკუთარი ძმის ნივთებში იპოვა. წერილს ის „M.C.”, რომლითაც ორმაგად იქმნება ალუზია, როგორც „My Chekhov"-ზე, ისე „My Child”-ზე. მიუხედავად გულდადებული წერილისა, მას პასუხი არ მიუღია. ამასობაში, მისი დედის ჯანმრთელობა უარესდებოდა - ამ უკანასკნელს ტუბერკულოზი დაუდგინდა. კაძუკო შენიშნავს ვერანდაზე მოსრიალე შავ გველს. გველი, ფაქტობრივად, სიმბოლურ დატვირთვას ატარებს - სწორედ მისი გამოჩენის შემდეგ გარდაიცვალა მამამისი მის ბავშვობაში. ამ სიმბოლოს ძალა არც აქ დაუკარგავს - რამდენიმე დღეში კაძუკოს დედაც გარდაეცვალა.
კაძუკო საბოლოოდ ხვდება უეჰარას, მათი პირველი შეხვედრიდან მრავალი წლის შემდეგ. მალევე, ნაოჯი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს და ტოვებს ანდერძს, რომელშიც გადმოსცემს სირცხვილის გრძნობას საკუთარი არისტოკრატული წარმომავლობის გამო, ასევე, გმობს ყველანაირ იდეოლოგიას, რომელიც ინდივიდის წინააღმდეგ მიდის და თრგუნავს მას. ისტორია მთავრდება კაძუკოს მიერ უეჰარასადმი მიწერილი წერილით, სადაც ის ამბობს, რომ ორსულადაა და მზადაა, აღზრდის პასუხისმგებლობა მთლიანად საკუთარ თავზე აიღოს - მას სურს ძველ ზნეობათა განდევნა და ახალი, რევოლუციური წესებით დამკვიდრება ცხოვრებაში. იგი ამთავრებს წერილს, რომელშიც ის უეჰარას კიდევ ერთხელ მიმართავს როგორც „M.C.“ ინიციალებით, ამჯერად, ინიციალებს ხსნის, როგორც "ჩემი კომიკოსი" („My Comic”).
გამოცემა
რედაქტირებაჩამავალი მზე პირველად, სრული სახით, გამოჩნდა ჟურნალ Shincho-ში. აქ ის 1947 წლის ივლისიდან ოქტომბრამდე გამოიცემოდა, სანამ იმავე წელს სრულად არ აიკინძა.>[2]
ფონი
რედაქტირებაკაძუკოს პერსონაჟი დაფუძნებულია მწერლისა და პოეტის, შიძუკო ოტას (1913–1982) ცხოვრებაზე, რომელთანაც თავად ქორწინებაში მყოფ დაძაის ჰქონდა ურთიერთობა. მისი დღიური საფუძვლად დაედო კაძუკოს ჩანაწერებს.[5][6]
მემკვიდრეობა
რედაქტირებადაძაის ეს რომანი დღესდღეობით განიხილება, როგორც მისი საუკეთესო რომანი,[5][7] რომელმაც დიდი გამოხმაურება და სენსაცია ჰპოვა პირველივე გამოცემისას.[3] წიგნი შერაცხულია, როგორც „პოსტსაომარი იაპონიის აკურატული აღმწერი“,[5][8] ხოლო მისი სათაური იქცა ერთგვარ მეტაფორად, რითაც ყურადღებას ამახვილებენ იაპონური არისტოკრატიის სტაგნაციაზე.[3][5]
გარე ბმულები
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 太宰治 (Dazai Osamu) ja. ციტირების თარიღი: 8 September 2022
- ↑ 2.0 2.1 Sakakibara, Richie (1999). Between the Defeat and the Constitution: Democracy in Dazai Osamu's Postwar Fiction. University of Michigan, გვ. 34.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Dazai, Osamu (1968). The Setting Sun. New York: New Directions.
- ↑ https://es.wikipedia.org/wiki/El_ocaso
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 Hadfield, James (18 January 2014). „The Setting Sun“. Japan Times. ციტირების თარიღი: 8 September 2022.
- ↑ Hoye, Timothy (2011). „Styles of Truth in Dazai Osamu's Setting Sun“, Voegelinian Readings of Modern Literature. University of Missouri Press, გვ. 78. ISBN 9780826219152.
- ↑ Miller, J. Scott (2021). Historical Dictionary of Modern Japanese Literature and Theater. Rowman and Littlefield, გვ. 29. ISBN 9781538124413.
- ↑ Miller, J. Scott (2021). Historical Dictionary of Modern Japanese Literature and Theater. Rowman and Littlefield, გვ. 29. ISBN 9781538124413.