ჩაის სასხლავი აპარატი

ჩაის სასხლავი აპარატიმანქანა, რომელსაც იყენებენ ჩაის შპალერების გასასხლავად, დუყების წარმოქმნის ინტენსიფიკაციისა და შპალერისათვის მანქანური კრეფისათვის მოსახერხებელი ფორმის მისანიჭებლად. ყოფილ სსრკ-ის პლანტაციებში იყენებდნენ საკიდ (ტრაქტორზე, თვითმავალ შასზე ან ჩაის საკრეფ მანქანაზე) და ხელის ჩაის სასხლავ აპარატებს. საკიდი ჩაის სასხლავი აპარატი ბშპ-1 განკუთვნილია ვაკეზე და 8°-მდე ფერდობებზე გაშენებული პლანტაციების გასასხლავად. მისი ძირითადი კვანძებია სეგმენტურ-მჭრელი ტიპის შპალერული და გვერდითი სხვლის მექანიზმები და საკიდი სისტემა. პლატფორმიან სასხლავ მოწყობილობას აქვს მოძრავი და უძრავი რკალები. უძრავი რკალი მიმმართველია. ჩაის სასხლავი აპარატის შპალერების გასწვრივ გადაადგილებისას ბუჩქის ვარჯში ჩაღრმავებული შპალერული გასხვლის მექანიზმი ერთ სიმაღლეზე ჭრის ერთწლიან ნაზარდს, ხოლო გვერდითი სხვლის დანები ერთდროულად სხლავენ შპალერებს გვერდებიდან. ჩაის სასხლავი აპარატი აპპ-600-ის დანიშნულებაა 80 სმ-ზე მეტი სიმაღლის ბუჩქების ნახევრად მძიმე სხვლა. აპარატის მჭრელ მოწყობილობაში შედის სასხლავი რკალი, ამძრავი მექანიზმი და ვერტიკალური დანა. აპარატის შპალერის გასწვრივ გადაადგილებისას ვერტიკალური დანა ჭრის ბუჩქების გადახლართულ ტოტებს და უზრუნველყოფს აპარატის თავისუფალ გადაადგილებას, სასხლავი რკალი კი ბუჩქს სხლავს. ორივე აპარატს ჰკიდებენ თვითმავალ შასიზე ტ-16მმჩ. აპარატებს ამუშავებს შასის სიმძლავრის წასართმევი ლილვი.

ხელის ჩაის სასხლავი აპარატები ჩპრ-700 და ჩპრ-1 განკუთვნილია ფერდობებზე და მცირეკონტურიან მონაკვეთებზე გაშენებული პლანტაციების ფორმირებისათვის. მათი მუშა ორგანოებია მარცხენა და მარჯვენა უძრავი და მოძრავი დანები. შპალერებს, როგორც წესი, ორი გავლით სხლავენ. ეს ორი აპარატი ერთმანეთისაგან განსხვავდება მჭრელი რკალის სიმრუდის რადიუსითა და პირმოდების განით. ხელის ჩაის საკრეფი აპარატი პპმ-0,5 განკუთვნილია ფერდობებზე და დასერილ ადგილებზე გაშენებული პლანტაციების ნახევრად მძიმე სხვლისათვის. მისი მჭრელი აპარატი ბრტყელია, აქვს სეგმენტებიანი ქვედა უძრავი და ზედა მოძრავი დანები. ბუჩქებს ორივე მანქანა სხლავს მთელ სიგანეზე, მიწიდან 35-40 სმ-ის სიმაღლეზე. ორივეს ამუშავებს მოტოხერხ „დრუჟბას“ ძრავა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 74.
  • შხვაცაბაია ჟ., ბეჟანიშვილი გ., სოფლის მეურნეობის მანქანები, ნაწ. 2, თბ., 1982 წელი.