შკივი
შკივი (ნიდერლ. schijf) — ბორბალი, ღვედური, საბაგირო, ფრიქციული გადაცემების დეტალი. შკივი წარმოადგენს ფართოფერსოიან თვალს, რომელსაც ირგვლივ შემოწვდება უსასრულო ღვედი ან ბაგირი. ბრუნვითი მომენტის გადასაცემად შკივი ლილვთან შეერთებულია სოგმანით, შლიცებით და სხვა. უქმად მბრუნავი შკივი თავისუფლადაა ჩამოცმული ლილვზე. იგი მრავალგვარია.
მცირე დიამეტრის შკივი მონოლითურია. საშუალო და დიდი დიამეტრის შკივებს აქვს ერთმანეთთან დისკოთი ან მანით დაკავშირებული მორგვი და ფერსო. არსებობს ნაწილებისგან შედგენილი შკივიც. ბრტყელი ღვედის დაცენტრებისათვის შკივს აქვს ოდნავ ჩაზნექილი ზედაპირი. ღვედის გადმოვარდნისგან დასაცავად ცილინდრულ შკივს ზოგჯერ აქვს რებორდი, ხოლო სოლური ან მრგვალი ღვედისათვის — სათანადო პროფილის ზედაპირი. კბილა ღვედური გადაცემის შკივს აქვს ღერძული მიმართულებით განლაგებული კბილები და რებორდები. საფეხუროვან შკივზე ღვედი ერთი საფეხურიდან მეორეზე გადაჰყავთ, რის შედეგადაც ღებულობენ სხვადასხვა გადაცემის ფარდობას. შკივი შეიძლება დამზადდეს სხვადასხვა მასალისაგან: თუჯისგან, ფოლადისგან, მსუბუქი შენადნობებისგან, პლასტმასისგან, ზოგჯერ კი — მერქნისგანაც.
ლიტერატურა
რედაქტირება- კ. ნუცუბიძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 11.