შიროიამას ბრძოლა
შიროიამას ბრძოლა (იაპ. 城山の戦い შიროიამა ნო ტაკაკაი?) — ბრძოლა მოხდა 1877 წლის 24 სექტემბერს კაგოშიმაში, იაპონია, და საცუმას აჯანყებულთა ბოლო ბრძოლა იყო.
კუმამოტოს ციხის ალყაში და ცენტრალურ კიუსიუში სხვა დამარცხებების შემდეგ საიგო ტაკამორის ლოიალური სამურაის ჯგუგებმა საცუმოსკენ დაიხიეს, სადაც 1877 წლის 1 სექტემბერს შიროიამას ბორცვზე დაბანაკდნენ, რომელიც კაგოშიმას გადაჰყურებდა.
იმპერიული არმიის ჯარებმა გენერალი იამაგატა არიტომოს ხელმძღვანელობით და საზღვაო ჯარებმა ადმირალ კავამურა სუმიოშის მეთაურობით მალევე იწყეს დაჯგუფება და აჯანყებულებს ალყა შემოარტყეს. ბრძოლებში დანაკარგებისა და განდგომილთა გამო, საწყისი 20.000-დან, რომლებმაც ქალაქ კუმამოტოში მთავრობის გარნიზონს ალყა შემოარტყეს ექვსი კვირით ადრე, საიგოს მხოლოდ 400-მდე სამურაი ჰყავდა შემორჩენილი.
200.000-იანი ჯარით იამაგატას უპირატესობა უეჭველი იყო. თუმცა მრავალი მარცხისა და უშედეგო მანევრის შემდეგ იამაგატას გადაწყვეტილი ჰქონდა მოწინააღმდეგისთვის შანსი არ დაეტოვებინა. იმპერიულმა ძალებმა რამდენიმე დღე დაუთმეს კომპლექსური გამაგრებების და თხრილების გაყვანას, მტრის ხელიდან დაძვრენის თავიდან ასაცილებლად. კაგოშიმას ყურეში ხუთი სამთავრობო საბრძოლო გემი მზადყოფნაში იყო მძიმე არტილერიისთვის ზურგის გასამაგრებლად, რომელიც სისტემატურად ავიწროებდა აჯანყებულთა პოზიციებს, საერთო ჯამში 7000-ზე მეტი ჭურვის გასროლით.
საიგო საკუთარ პოზიციებს მსროლელთა შეზღუდული რაოდენობითა და ტყვიამფქვრევების გარეშე იცავდა. ტყვიაწამლის შემოლევის გამო საიგოს ძალებს ბუდისტური ქანდაკებების ლითონისგან უხდებოდათ ტყვიების გამოდნობა. იამაგატამ საიგოს წერილი გაუგზავნა, სადაც დანებებას სთავაზობდა, თუმცა ბუშიდოს წესი საიგოს ამის უფლებას არ აძლევდა.
იამაგატას საბრძოლო გეგმა იყო საიგოს პოზიციებზე ყველა მხრიდან შეტევა. ნაწილებს ეკრძალებოდათ ერთმანეთის დახმარება მკაფიო ნებართვის გარეშე. თუ ნაწილი უკან დაიხევდა, მაშინ მათი მეზობელი ნაწილი ამ მიმართულებით სროლას დაიწყებდა განურჩევლად და საკუთარ მეომრებს მოკლავდა, რათა თავიდან აეცილებინათ საიგოს გაქცევის შესაძლებლობა.
24 სექტემბრის ღამის ინტენსიური არტილერიული დაბომბვის შემდეგ იმპერიულმა ძალებმა გამთენიისას საიგოს ბანაკის ბორცვზე იერიში მიიტანეს. სამურაებმა, მძიმე სროლების მიუხედავად, იმპერიულ არმიას პირდაპირ შეუტიეს და მათი რიგების გარღვევა მოახერხეს. ტრადიციული ხმლით ბრძოლის წვრთნას მოკლებულმა სამთავრობო ჯარის ნაწილებმა ელვისებურ იერიშს ვერ გაუძლეს და რამდენიმე წუთში ორგანიზებული ნაწილების მწკრივები სრულიად აირია. მცირე ხნის განმავლობაში საიგოს მხარემ იმარჯვა, თუმცა მოწინააღმდეგის რიცხოვნობის გამო იძულებული გახდა უკან დაეხია. დილის 6 საათისთვის მხოლოდ 40 აჯანყებული იყო ცოცხალი. საიგო ბარძაყის არტერიაში და მუცელში იყო დაჭრილი. ვინაიდან სისხლისგან დაცლით მისი დაღუპვა გარდუვალი გახდა, საიგომ სიკვდილისთვის შესაფერისი ადგილის მოძებნა ითხოვა. ერთ-ერთმა მისმა ყველაზე ერთგულმა მომხრემ, ბეპუ შინსუკემ, ის საკუთარი მხრებით ბორცვის ვაკე ადგილას ჩაიყვანა. ლეგენდის თანახმად ბეპუმ მას კაშაკუნინის სამსახური გაუწია და საიგოს სეპუკუს ჩატარებაში დაეხმარა, სანამ მას მტერი შეიპყრობდა. თუმცა სხვა წყაროების მიხედვით, საიგო სინამდვილეში ტყვიით მიყენებული ჭრილობისგან გარდაიცვალა და მხოლოდ შემდეგ მოკვეთა მას ბეპუმ თავი, მისი ღირსების დასაცავად. საიგოს დაღუპვის შემდეგ, ბეპუ და დარჩენილი ბოლო სამურაები ხმლებით მოწინააღმდეგის პოზიციებს ეკვეთნენ, სანამ ბოლო მათგანი არ დაეცა ტყვიამფქვრევით განგმირეული. მათი დაღუპვით საცუმას აჯანყება დასრულდა.
1889 წლის 22 თებერვალს იმპერატორმა მეიძიმ საიგოს სიკვდილის შემდეგ ბრალი მოხსნა. მისი ხსოვნის პატივსაცემად კაგოშიმას ცენტრალურ პარკში საიგოს ქანდაკებაა აღმართული.
ეს ბრძოლა მხატვრულად არის აღწერილი კინოფილმის "ბოლო სამურაი" ბოლო სცენაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Buck, James Harold (1979). Satsuma Rebellion: An Episode of Modern Japanese History. University Publications of America. ISBN 0-89093-259-X.
- Keane, Donald (2005). Emperor Of Japan: Meiji And His World, 1852-1912. Columbia University Press. ISBN 0-231-12341-8.
- Mounsley, Augustus H (1979). Satsuma Rebellion: An Episode of Modern Japanese History. University Publications of America. ISBN 0-89093-259-X.
- Ravina, Mark (2004). The Last Samurai : The Life and Battles of Saigō Takamori. Wiley. ISBN 0-471-08970-2.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Satsuma Rebellion: Satsuma Clan Samurai Against the Imperial Japanese Army დაარქივებული 2007-10-14 საიტზე Wayback Machine.
- Dana Jasek. Satsuma Rebellion ends. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-14. ციტირების თარიღი: 2007-02-16.
- Satsuma Rebellion: Battle of Shiroyama დაარქივებული 2017-01-08 საიტზე Wayback Machine.