შილდის ზეგაანის ღვთისმშობლის ეკლესია
შილდის ზეგაანის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 10 კილომეტრის მანძილძე, ნასოფლარ ზეგაანის ტერიტორიაზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყის ქვით და აგურით.
შესასვლელი ორია: სამხრეთიდან და დასავლეთიდან, კარები გარედან თაღოვანია, შიგნიდან — სწორკუთხა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე ოთხკუთხა სარკმელია გაჭრილი. თითო მსგავსი სარკმელი გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილშია — ერთმანეთის პირდაპირ, ხოლო ერთი — დასავლეთ აფსიდში. სარკმლის სამხრეთით და ჩრდილოეთით თითო ოთხკუთხა ნიშაა. საკურთხეველი საფეხურითაა შემაღლებული და შუაში ნახევარწრიული ამბიონი აქვს მოწყობილი.
შიგნით ეკლესია გადახურულია შეისრული კამარით, რომელიც ორ საბჯენ თაღს ეყრდნობა, მათგან ერთი — დარბაზის შუაშია, ხოლო მეორე — დასავლეთ კედელთან. შუა თაღი მარტივი პროფილის კრონშტეინებზეა გადაყვანილი, ხოლო დასავლეთის — კუთხის პილასტრებზე. ფასადები შელესილია.
ლიტერატურა
რედაქტირება- აბაშიძე მ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 456.