შილდის ვახვახიშვილების კოშკი და ეკლესიები
შილდის ვახვახიშვილების კოშკი და ეკლესიები — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტ სოფელ შილდის თავში, მდინარე ნელთის პირას. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. კოშკის აღმოსავლეთით და დაახლოებით 30-35 მეტრზე, ამავე დროის თითო პატარა დარბაზული ეკლესია დგას, რომლებსაც სახელი დაკარგული აქვთ. ადგილობრივი მოსახლეობა კოშკის მიმდებარე ტერიტორიას თავად ვახვახიშვილების სახელს უკავშირებს და სამივე ნაგებობას მათ აგებულად მიიჩნევს. კოშკი გეგმით კვადრატულია (6.2x6.2 მეტრი). ზემოთკენ შევიწროებული. ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. კედლების ზედაპირი შიგნიდან და გარედან გასწორებულია ბათქაშით, რომელიც ქვებს შორის არსებულ არეებს ავსებს და ნაწილობრივ, ქვის ზედაპირებსაც ფარავს. შესასვლელის წირთხლები და თაღი, ნიშები და ბუხარი გამოყვანილია ქართული აგურით. შენობა დაზიანებულია: შემორჩენილია სამი სართულის სიმაღლეზე, ჩამოშლილია სართულშუა ხის გადახურვა, მთელ სიმაღლეზე გაბზარულია დასავლეთ კედელი. კოშკში შესასვლელი დასავლეთიდანაა, პირველი სართულის დონეზე. კარი გარედან თაღით იყო დასრულებული (შემორჩენილია ორივე ქუსლი), შიგნიდან კი ფიცრული გადახურვა ჰქონია. კარის წირთხლებში საურდულე ხვრელებია. აღმოსავლეთ კედლის შუაში ნახევარწრიული, შეისრულთაღიანი (უმეტესი ნაწილი ჩამონგრეულია) ბუხარია. ბუხრის გვერდებზე, ჩრდილოეთ კედლის შუაში და სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდესთან, თითო თაღოვანი ნიშაა. ჩრდილოეთ ნიშის თაღი შეისრულია. დანარჩენებისა — ნახევარწრიული, შედარებით ტლანქად არიან ნაწყობი. სართულის კედლების ზედა ნაწილში კიდევ რვა სწორკუთხა ნიშაა. მათგან სამი ჩრდილოეთითაა, ოთხი სამხრეთით, ხოლო ერთი, საკმაოდ გრძელი-დასავლეთით. მათი გადახურვა ჭერის დონეზეა. სართულის სამხრეთ კედელში ორი შეწყვილებული სათოფურია, ჩრდილოეთ კედელში კი ერთი შეწყვილებული და ერთი ცალმაგი სათოფური. კოშკის მეორე სართულის თითოეულ კედელში ორ-ორი ცალმაგი სათოფურია გაჭრილი. სათოფურები ანალოგიურადაა განლაგებული მესამე სართულზეც, მხოლოდ აღმოსავლეთ მხარეს, ორის ნაცვლად ერთი სათოფურია გაჭრილი. ამ და სამხრეთით მდებარე ერთი სათოფურის გარდა, ყველა დანარჩენი შეწყვილებულია. შენობის დასავლეთ ფასადზე, შესასვლელის გვერდებზე, კარის თაღოვანი გადახურვის დონეზე, თითო, მცირედ შეღრმავებული თაღოვანი ნიშაა. კოშკის აღმოსავლეთით მდგარი ეკლესია თითქმის მთლიანად დანგრეულია (შემორჩენილი კედლების მაქსიმალური სიმაღლე 0.7 მეტრია). ეკლესია გეგმით სწორკუთხაა (6x4.9 მეტრი), უაფსიდო. შემორჩენილი კედლები ნაგებია რიყის ქვითა და კირის ხსნარით. აქა-იქ გამოყენებულია კვადრატული აგურიც. ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია (შემორჩენილია მხოლოდ ერთი წირთხლის მცირე ნაწილი). XX საუკუნეში ადგილობრივ მოსახლეობას, საკურთხევლის ადგილას, მოგვიანებით პატარა სასანთლე ნიში აუგიათ. კოშკის დასავლეთით მდგარი ეკლესიაც უაფსიდოა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული (5.25x3.85 მეტრი). ნაგებია სხვადასხვა (ალაგ-ალაგ საკმაოდ მოზრდილი) ზომის რიყის ქვით. შესასვლელის წირთხლები და თაღი, აღმოსავლეთ სარკმლის წირთხლები და აქა-იქ გარე კუთხეების ნაწილი გამოყვანილია აგურით. დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა და ეკლესიის შიგნით გროვადაა დაყრილი, დასავლეთ კედელი კარის ღიობის სიგანეზე გარღვეულია, ჩამოშლილია ლავგარდანი. შესასვლელი დასავლეთიდანაა . კარი გარედან თაღით ყოფილა გადახურული (შემორჩენილია ერთი ქუსლის ნაწილი), ხოლო შიგნიდან ხის თარაზული გადახურვა ჰქონია. საკურთხევლის გვერდით კედლები დარბაზის გრძივი კედლების უშუალო გაგრძელებაა. აღმოსავლეთ კედლის შუაში მცირე, სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში თითო მცირე ნიშაა მოწყობილი, რომლებიც გადახურულია ერთმანეთთან კუთხით მიდგმული ორ-ორი აგურით.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 456.