ქორქუთი (შეჰზადე)

(გადამისამართდა გვერდიდან შეჰზადე ქორქუთი)

შეჰზადე ქორქუთი (თურქ. Şehzade Korkut; დ. 1467, ამასია — გ. 13 მარტი 1513, ემეთი) — ოსმალეთის სულთნის, ბაიაზიდ II-ისა და მისი ხარჭის, ნიგარ ხათუნის ვაჟი. ოსმალეთის დროებითი მმართველი (რეგენტი) და მანისისა და ანტალიის სანჯაყების სანჯაყ-ბეი.

შეჰზადე ქორქუთი
Şehzade Korkut
მანისის სანჯაყ-ბეი
მმართ. დასაწყისი: 1483
მმართ. დასასრული: 1502
წინამორბედი: შეჰზადე აჰმედი
მემკვიდრე: სულეიმან I
ანტალიის სანჯაყ-ბეი
მმართ. დასაწყისი: 1502
მმართ. დასასრული: 1513
მემკვიდრე: დამატი რუსტემ-ფაშა
სულთანი: ბაიაზიდ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1467
დაბ. ადგილი: ამასია, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 13 მარტი, 1513
გარდ. ადგილი: ემეთი, ოსმალეთის იმპერია
დინასტია: ოსმანები
მამა: ბაიაზიდ II
დედა: ნიგარ ხათუნი
რელიგია: ისლამი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ქორქუთი 1467 წელს ამასიაში დაიბადა, როცა მამამისი ჯერ არ იყო ტახტზე ასული და მართავდა ამასიას. ის წლოვანებით ძმა აჰმედზე პატარა იყო, მაგრამ რაღაც პერიოდის განმავლობაში სულთან ბაიაზიდს ყველაზე მეტად ის მოსწონდა და ტახტის მემკვიდრედ თვლიდა. 1481 წელს, როცა ქორქუთის ბაბუა, მეჰმედ II გარდაიცვალა და ტახტზე ბაიაზიდი ავიდა, ქორქუთი 18 დღის განმავლობაში გახდა რეგენტი, სანამ ბაიაზიდი დედაქალაქში ჩავიდოდა, რადგან ბაიაზიდს ეშინოდა, ძმა ჯემს მისთვის არ ჩაესწრო მისთვის დედაქალაქში და არ დაეკავებინა ტახტი.

ოსმალური ტრადიციის მიხედვით, ყველა შეჰზადეს უნდა ემართა ანატოლიაში მდებარე ერთ-ერთი სანჯაყი. ბედნიერი ის იყო, ვისაც მბრძანებელი დედაქალაქთან ახლოს მდებარე სანჯაყში გაგზავნიდა, რადგან მამის გარდაცვალების შემდეგ, ვინც უფრო მალე ჩავიდოდა დედაქალაქში, მას შეეძლო დაეკავებინა სულთნის ტახტი და ამაში ვერავინ შეედავდებოდა. თავდაპირველად, ბაიაზიდის ფავორიტი უფროსი ვაჟი, შეჰზადე აჰმედი იყო, რომელიც 1481 წელს მანისის სანჯაყის მმართველად დანიშნა. მანისა ითვლებოდა საუფლისწულო დომენად და ვინც იქ მსახურობდა იყო ოსმალეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრე. 1483 წელს ბაიაზიდმა ქორქუთი მანისაში გაგზავნა, ხოლო აჰმედი — ამასიაში. ასე რომ, სავარაუდოდ, ბაიაზიდი მხარდაჭერას სწორედ ქორქუთს უცხადებდა.

ბრძოლა ტახტისთვის

რედაქტირება

1502 წელს, მისდა მოულოდნელად, სულთან ბაიაზიდ II-მ იგი თექეს (დღევანდელი ანტალია) სანჯაყში გაგზავნა, რომელიც მდებარეობდა სამხრეთ ანატოლიის რეგიონში და ბევრად შორს იყო დედაქალაქისგან ვიდრე მანისა. როგორც ჩანდა, ბაიაზიდის რჩეული არც მომავალი სულთანი, სელიმი ყოფილა. ბაიაზიდი უპირატესობას კვლავ შეჰზადე აჰმედს ანიჭებდა, რომელიც წარმატებით განაგრძობდა ამასიის მართვას.

ქორქუთი მივიდა ფადი-შაჰთან და სთხოვა, რომ დაებრუნებინა მისთვის ყოფილი ადგილი, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. ქორქუთი მიხვდა, რომ ტახტზე ასვლის შანსები ძალზე შეუმცირდა, თუმცა 7 წლის განმავლობაში ის წარმატებით განაგრძობდა თექეს მართვას. 1509 წელს ის ამბოხებისთვის მოემზადა და ეგვიპტეში გაიქცა იმ იმედით, რომ იქიდან დახმარებას მიიღებდა, მაგრამ მან ეგვიპტეშიც უარი მიიღო და უთხრეს, რომ დაუდევრად მოიქცა. ბაიაზიდმა აპატია შვილს ეგვიპტეში გაქცევა და ის ოსმალეთში მოიხმო. ქორქუთის გემს უცნობი პირები თავს დაესხნენ, თუმცა მან გაქცევა მოახერხა და უვნებებლად ჩავიდა ოსმალეთში.[1][2]

დედაქალაქში დაბრუნების შემდეგ, მან დიდ ვეზირ ჰადიმ ალი-ფაშასა და ძმა აჰმედთან ერთად ჩაახშო შაქჰულუს აჯანყება.

ბაიაზიდი იყო მოხუცი და ავადმყოფი. ქორქუთმა გადაწყვიტა ფარულად გამგზავრებულყო მანისაში, რადგან ძალიან ახლოს იყო ბაიაზიდის სიკვდილი. მანისის შემდეგ, ის მალულად ჩავიდა დედაქალაქში.

ტახტზე უარის თქმა

რედაქტირება

ქორქუთი დედაქალაქში შეხვდა თავის უმცროს ძმას, შეჰზადე სელიმს, რომელიც იყო ტრაპიზონის წარმატებული მმართველი. ქორქუთმა და სელიმმა მოლაპარაკებები აწარმოეს. სელიმმა დაარწმუნა ძმა, რომ უარი ეთქვა ამბოხებაზე და დაბრუნებულიყო საკუთარ სანჯაყში. ქორქუთი დაბრუნდა საკუთარ სანჯაყში და სელიმის დასანახად, სამუდამოდ უარი თქვა ტახტსა და ძალაუფლებაზე. მას მონაწიელობაც არ მიუღია იმ დაპირისპირებაში, რომელიც სელიმსა და აჰმედს შორის ძალიან მწვავედ მიმდინარეობდა ბაიაზიდის მმართველობის ბოლო 2 წელიწადში.

სიკვდილით დასჯა

რედაქტირება

სელიმი ოსმალეთის მე-9 სულთანი გახდა 1512 წელს, ბაიაზიდის გადადგომის შემდეგ. ქორქუთი არ ეწინააღმდეგებოდა ძმის მმართველობას, მაგრამ სელიმმა მისი შემოწმება გადაწყვიტა. მან ძმას რამდენიმე გავლენიანი მმართველის სახელით გაუგზავნა ყალბი წერილები. წერილებში ეწერა, რომ ესა თუ ის მმართველი აჯანყებას სთავაზობდა ქორქუთს სელიმის წინააღმდეგ. ქორქუთმა ყველას საპასუხო წერილი მისწერა და ეს წერილები რა თქმა უნდა სელიმის ხელში აღმოჩნდა. სელიმი პასუხებით მიხვდა, რომ ქორქუთი ამბოხებას აპირებდა და 1513 წლის 13 მარტს, ემეთში სიკვდილით დაასჯევინა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. .Prof. Yaşar Yüce-Prof. Ali Sevim: Türkiye tarihi Cilt II, AKDTYKTTK Yayınları, İstanbul, 1991 p 220-227
  2. Joseph von Hammer:Osmanlı Tarihi cilt I (condensation: Mehmet Ata-Abdülkadir Karahan), Milliyet yayınları, İstanbul. pp 243