შერეული კრებული (A-65)
შერეული კრებული (A-65) — XII-XIII საუკუნეების ქართული ხელნაწერი წიგნი. შერეული კრებული ქაღალდზე დაცული პირველი თარიღიანი ქართული ხელნაწერია, რომელიც საყურადღებოა თავისი შედგენილობით. საეკლესიო ცხოვრებისათვის მნიშვნელოვან ტექსტებთან ერთად მასში ჩართულია არაბულიდან ნათარგმნი ასტროლოგიური თხზულება.
არაბულიდან ნათარგმნ თხზულებას თან ახლავს ილუსტრაციებიც: დისკოში ჩახატული მთვარე მისი ფაზებითურთ, ვარსკვლავთა სიდიდე-სიმცირის ამსახველი დიაგრამა, ზოდიაქოთა გამოსახულებები. ეს გამოსახულებები ტექსტზე არა მისი მხატვრული შემკობის მიზნითაა დართული, არამედ ასტროლოგიური ცოდნისათვის საჭირო თვალსაჩინოების შესაქმნელად. ზოდიაქოებს ორნამენტის სახით წინ უზის მხატვრული გემოვნებით შესრულებული ქუფური შრიფტი. ხელნაწერში აგრეთვე წარმოდგენილია ჯვარცმის კომპოზიცია.
ხელნაწერი გადაწერილია 1188-1210 წლებში. წიგნის ერთი ნაწილის გადამწერია ესაია. საწერ მასალად ქაღალდია გამოყენებული. შეიცავს 214 ფურცელს, რომელთა ზომებია 23X30,5 სანტიმეტრი.
მოგვიანებით ხელნაწერი ქართლის მეფე ვახტანგ VI-ს ეკუთვნოდა. დღეს დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის A ფონდში (A-65).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 39