შაჰი (ალმასი)
„შაჰი“ — 90 კარატიანი (18 გ), 3-სანტიმეტრიანი, ყვითელი შეფერილობის ალმასი, რომელიც ცენტრალურ ინდოეთში, სავარაუდოდ 1450 წელს აღმოაჩინეს.
ალმასის თავდაპირველი მეპატრონე იყო ჰოლკონდის მმართველი, რომელმაც ქვა აჰმადნაგარის მმართველს, სულთან ბურხან II-ს მიჰყიდა. ახალმა მფლობელმა გადაწყვიტა ალმასზე თავისი სახელის უკვდავყოფა. ამ მიზნით, ოსტატს ნემსით ამოაკაწვრინა „შაჰი ბურხან–ნიზამ მეორე. 1000 წელი“. ეს წარწერა მეცნიერებს ქვის ისტორიის დადგენაში დაეხმარა. ალმასი 1591 წლამდე ბურხანის განძეულში ინახებოდა. ჩრდილოეთ ინდოეთის მმართველისა და მხედართმთავრის, დიდი მოგოლის აქბარის ლაშქარმა 1595 წელს აჰმადნაგარი დაიკავა და სხვა ძვირფასეულობასთან ერთად, ამ ქვასაც დაეპატრონა. ასე გახდა ალმასი დიდ მოგოლთა დინასტიის მთავარი რეგალია. ორმოცი წლის მანძილზე ის მათ საგანძურს ამშვენებდა, სანამ მისი მესაკუთრე გახდებოდა შაჰ–ჯაჰანი. მან უბრძანა გაეკეთებინათ ალმასზე წარწერა:„ჯეჰან–ანგირ შაჰის ძე – შაჰ ჯაჰანი. 1501 წელი“.
1665 წელს ალმასი პირველად ნახა ჟან ბატისტ ტავერნიემ. ალმასი ამშვენებდა დიდ მოგოლთა ტახტს. 1739 წელს ინდოეთის ქალაქ დელის თავს დაესხა ნადირ შაჰი და ალმასს დაეპატრონა. ის გაგზავნა ირანში, სადაც ქვაზე გაჩნდა მესამე წარწერა „მბრძანებელი ყაჯარ–ფაჰო–ალ–შაჰი. სულთანი.1242 წელი.“
1829 წელს ირანის დედაქალაქ თეირანში რუსი დიპლომატების (მათ შორის, ალექსანდრე გრიბოედოვის) დახოცვის შემდეგ, იგი რუსეთის იმპერიას კომპენსაციის მიზნით გადასცეს. იგი ამჟამად კრემლში არის დაცული. [1]