შაქრიანის სასახლეების კომპლექსი

შაქრიანის სასახლეების კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანის სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე, სასაფლაოსთან, ტყიანი მთის ფერდობზე. კომპლექსის ტერიტორია ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენაა. დაფერდებული სასახლეები ფერდობის დახრილობის შესაბამისად, სხვადასხვა დონეზე დგას, ორმოციოდე მეტრზე. ორივე მათგანი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენაა ორიენტირებული. ორივე, როგორც ჩანს, ორსართულიანი ყოფილა. მათ მახლობლად, აღმოსავლეთით, დგას დარბაზული ეკლესია. სასახლეები, საავარაუდოდ, აგებული უნდა იყოს IX-XX საუკუნეებში. ეკლესია გვიანდელ შუა საუკუნეებს განეკუთვნება.

სასახლეები

რედაქტირება

ჩრდილოეთით, შედარებით უფრო მაღლა მდგარი ნაგებობიდან, აღმოსავლეთი კედლის ნაწილი და ჩრდილოეთი კედლის ნაშთებიღაა შემორჩენილი. აღმოსავლეთი კედელი შეიცავს ორ ქრონოლოგიურად განსხვავებულ ფენას, რომლებიც ერთმანეთისგან საშენი მასალით და ბათქაშის ფერით. კედლის ქვედა ნაწილი წვრილი, ნატეხი ქვითაა ნაწყობი და, ბათქაშის გამო, მოყვითალო ფერი დაჰკრავს. ზემოთა ნაწილი ბევრად უფრო მოზრდილი ქვებითაა ნაგები და რუხი ფერისაა. კედლის ქვედა ნაწილს შესასვლელის წირთხლი შემორჩა. ზედას კი, ერთი მცირე ზომის, სწორკუთხა ნიშა. სასახლის შუაში, გრძივი ღერძის გასწვრივ, ორი სვეტი მდგარა. შემორჩენილია ერთის ნაწილი და მეორის ბაზისი, მანძილი სვეტების ღერძებს შორის 14,3 მეტრია, ხოლო სვეტების ღერძებიდან განივ კედლებამდე — 7,8 მეტრი.

სამხრეთით მდგარი ნაგებობა გეგმით სწორკუთხაა და ჩრდილოეთით მდგარ ნაგებობასთან შედარებით უკეთაა შემორჩენილი. პირველი სართულის აღმოსავლეთ კედელში ფართო, თაღოვანი კარია გაჭრილი. თაღი ნახევარწრიულია და თხელი, მოგრძო, ნატეხი ქვითაა ნაწყობი. ამავე კედელში, მეორე სართულის დონეზე, მოწყობილი ყოფილა განიერი, მაღალი, თაღოვანი, ღიობები. შენობის ჩრდილოეთ კედელს, მთელ სიგრძეზე, გასდევს სართულშუა გადახურვის კოჭების საყრდენი ბუდეები, რომლებიც ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით არის დაშორებული. მეორე სართულის დონეზე, აღმოსავლეთი კედელი ჩრდილოეთით გრძელდება და პირველი სართულის ჩრდილოეთი კედლის ხაზს ცილდება. სავარაუდოდ, ამ მხარეს მეორე სართული გრძელდებოდა და პირველ სართულთან შედარებით უფრო მეტ ფართობს შეიცავდა.

ნაგებობებს შორის რამდენიმე საფლავია.

ეკლესია გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედია. ნაგებია ნატეხი ქვით. კარ-სარკმლების ღიობების, კონქის და ნაწილობრივ გარე კუთხეების წყობაში გამოყენებულია აგური . დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა და კონქის უმეტესი ნაწილი. ინტერიერი, დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლეზე, ნანგრევებითა და მიწითაა ამოვსებული. მონგრეულია გარეთა კედლების ზედა ნაწილები. ჩრდილოეთი ფასადის მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარულია მიწით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი გარედან თაღოვანი ყოფილა. შიგნიდან კი მიჯრით დაწყობილი ხის ძელებით გადახურული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც ფართო, თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშაა. თითო სარკმელი სამხრეთით და დასავლეთითაცაა. დასავლეთი სარკმელი ორივე მხრიდან თაღოვანია. მოგვიანებით სარკმლის გარეთა თაღი აგურის წყობით შეუვსიათ და ღიობისთვის სწორკუთხა მოხაზულობა მიუციათ. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე, სარკმლების ზემოთ, აგურის წყობით, საფეხურებიან საფუძველზე დაყრდნობილი, შეღრმავებული ჯვარია გამოსახული. ეკლესია გადახურული იყო ღარისებრი კრამიტით.

ლიტერატურა

რედაქტირება