შაფიგა ეფენდიზადე

შაფიგა ეფენდიზადე (აზერ. Şəfiqə Əfəndizadə; დ. 1882, აწყური, ახალციხის რაიონი - 1959, ბაქო) — აზერბაიჯანის ერთ-ერთი პირველი განმანათლებელი ქალი, პედაგოგი, მწერალი, პუბლიცისტი.

შაფიგა ეფენდიზადე
მშობლიური სახელი აზერ. Şəfiqə Əfəndizadə
დაბადების სახელი შაფიგა შეიხზადე
დაბადების თარიღი 1882
სოფელი აწყური, ახალციხის რაიონი
გარდაცვალების თარიღი 1959
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ
ეროვნება აზერბაიჯანელი
საქმიანობა პედაგოგი, ჟურნალისტი
მეუღლე(ები) ალაედდინ ეფენდიზადე
შვილ(ებ)ი ადილ ეფენდიზადე, ფუად ეფენდიზადე
მშობლები მამა: მამედემინ შეიხზადე

ბიოგრაფია

რედაქტირება

შაფიგა ეფენდიზადე აზერბაიჯანის ერთ-ერთი პირველი განმანათლებელი ქალი, მასწავლებელი, პუბლიცისტი და მწერალი იყო. დაიბადა 1882 წელს ახალციხის რაიონის სოფელ აწყურში ცნობილი განმანათლებლის მამედემინ შეიხზადეს ოჯახში[1]. ამიერკავკასიის მუსლიმთა სულიერი განყოფილებისა და III ალექსანდროვსკის ვაჟთა გიმნაზიის მიერ გაცემულ დოკუმენტებში შაფიგას სახელი დარეგისტრირებული იყო, როგორც „ასმა სოლტანი“[2].

უმცროს დასთან საიდასთან ერთად შაფიგა ეფენდიზადემ პირველი განათლება მამისგან მიიღო. მოგვიანებით მათი ოჯახი ნუხაში გადავიდა საცხოვრებლად და როდესაც შაფიგა 14 წლის იყო, ის ასწავლიდა გოგონების სკოლაში, რომელიც მამამისმა გახსნა. 1901 წელს, როგორც ნამდვილმა მასწავლებელმა, ჰაჯი ზეინალაბდინ თაღიევის მიერ დაარსებულ ალექსანდრიის რუსულ-მუსულმანურ გოგონათა სკოლაში დაიწყო აზერბაიჯანული ენის სწავლება[2].

შაფიგა ცოლად გაჰყვა თავის კოლეგა მასწავლებელს ალაედდინ ეფენდიზადეს და 1907 წელს შეეძინა პირველი შვილი ადილი, ხოლო 1909 წლის თებერვალში მეორე ვაჟი ფუადი. ამ მიზეზით, 1906-1909 წლებში მას დროებით მოუწია დაეტოვებინა სამსახური[2].

1909 წლის 13 ოქტომბერს ეფენდიზადემ მიმართა ბაქოს სასკოლო კომისიის თავმჯდომარეს და დაინიშნა აზერბაიჯანული ენის მასწავლებლად პირველ რუსულ-თათრულ ქალთა სკოლაში. 1911 წელს შაფიგა ხანუმი გადაიყვანეს მეორე რუსულ-თათრულ ქალთა სკოლაში, რომელსაც სარა ვაზიროვა ხელმძღვანელობდა, სადაც 1918 წლამდე მუშაობდა[2].

1918 წლის მარტის სისხლიანი მოვლენების გამო ბაქოს მუსლიმ მოსახლეობას მოუწია საკუთარი სახლების მიტოვება. შაფიგა ხანუმმა ოჯახთან ერთად ცოტა ხანი გაუძლო ბაქოში არსებულ რთულ ვითარებას, მაგრამ აგვისტოს ბოლოს დატოვა ბაქო და მშობლიურ აწყურში ჩავიდა, მაგრამ იქ მდგომარეობა კიდევ უფრო ტრაგიკული დახვდა. ამის შემდეგ გაემგზავრა სტამბოლში. ეს მოგზაურობა ძალიან რთული და სევდიანი აღმოჩნდა ეფენდიზადესთვის. მოგზაურობის დროს მან ოჯახის ორი წევრი დაკარგა - მეუღლე აწყურში ქოლერისგან გარდაეცვალა, უმცროსი და საიდა კი სტამბოლში[2].

1919 წლის აპრილში, როცა გაიგო, რომ ბაქოში მდგომარეობა გაუმჯობესდა, შაფიგამ გადაწყვიტა დაბრუნება. ბაქოში დაბრუნების შემდეგ მასწავლებლად მუშაობა ვერ დაიწყო, მაგრამ დაინიშნა აზერბაიჯანის პირველ პარლამენტში ოფისის უფროსის თანაშემწედ[2].

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემის შემდეგ წლებში აგრძელებს პედაგოგიურ საქმიანობას. 1920 წელს შაფიგა ეფენდიზადე აქტიურ მონაწილეობას იღებდა ალი ბაირამოვის კლუბის ორგანიზებაში და ასწავლიდა უწიგნურობის აღმოფხვრის კურსებს. 1920 წლის შემდეგ არაერთხელ მონაწილეობდა ამიერკავკასიაში, კავკასიასა და მოსკოვში გამართულ ქალთა კონფერენციებსა და კონგრესებში, როგორც წარმომადგენელი. საბჭოთა მმართველობის წლებში შაფიგა ეფენდიზადე ეწეოდა კულტურულ საქმიანობას. 1920-1926 წლებში ასწავლიდა მასწავლებელთა მომზადების პედაგოგიურ სკოლაში[3].

ჟურნალი „აღმოსავლეთის ქალი“ მის შესახებ ასე წერდა: „შაფიგა ხანუმი იყო პირველი აზერბაიჯანული ენის მასწავლებელი ამიერკავკასიაში, ასევე პირველი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და მწერალი ქალი“ (1924, #1). 1923 წლიდან, როდესაც ჟურნალმა დაიწყო გამოცემა იყო ჟურნალის პასუხისმგებელი მდივანი და მხატვრული ლიტერატურის განყოფილების გამგე. შაფიგა ეფენდიზადე ასევე აირჩიეს აზერბაიჯანის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად 1923 წელს[3][1].

შაფიქა ეფენდიზადე მონაწილეობდა სხვადასხვა კონგრესებში - 1906 წელს აზერბაიჯანელ მასწავლებელთა პირველ კონგრესში, 1917 წელს ბაქოში ამიერკავკასიის მუსლიმთა კონგრესში, ყაზანის სრულიად რუსეთის მუსლიმ ქალთა კონგრესში და მოსკოვში რუს მუსულმან ქალთა კონგრესში[3][2].

შაფიგა ეფენდიზადე მჭიდროდ მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებასა და მის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს სიახლე იყო აზერბაიჯანელი ქალისთვის. 1917 წლის 3 ოქტომბერს შამახში გამართულ მუნიციპალურ არჩევნებში ეროვნული კომიტეტის თხოვნით იგი დამკვირვებლად გაგზავნეს. შაფიგა ხანუმის მიერ გაზეთ „აჩიგ სოზში“ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ქალთა არჩევნები შამახიში“ ახსნილი იყო იმ არჩევნებში ქალთა მონაწილეობის ორგანიზების პრობლემები[2][3].

შაფიგა ეფენდიზადე გარდაიცვალა ბაქოში 1959 წელს. მის სახელს ატარებს ბაქოს იასამალის რაიონის მე-13 სკოლა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება