შარლოტ დე ბურბონი (1546-1582)

შარლოტ დე ბურბონი (ფრანგ. Charlotte de Bourbon, ნიდერლ. Charlotte van Bourbon; დ. 1546 — გ. 5 მაისი, 1582, ანტვერპენი) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ორანის პრინცესა 1575-1582 წლებში როგორც ვილემ ორანელის მესამე მეუღლე და მისი ექვსი ქალიშვილის დედა.

შარლოტ დე ბურბონი
ორანის პრინცესა
მმართ. დასაწყისი: 24 ივნისი, 1575
მმართ. დასასრული: 5 მაისი, 1582
წინამორბედი: ანა საქსონიელი
მემკვიდრე: ლუიზ დე კოლინი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1546
გარდ. თარიღი: 5 მაისი, 1582, (36 წლის)
მეუღლე: ვილემი, ორანის პრინცი
შვილები: ექვსი ქალიშვილი
დინასტია: ბურბონები
მამა: ლუი, მონპესიეს ჰერცოგი
დედა: ჟაკლინ დე ლონგუი
რელიგია: ჯერ კათოლიციზმი
შემდეგ კალვინიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

შარლოტ დე ბურბონი დაიბადა 1546 წელს საფრანგეთში. იგი იყო მონპესიეს ჰერცოგ ლუი დე ბურბონისა და მისი მეუღლის, ჟაკლინ დე ლონგუის ქალიშვილი. აღსანიშნავია, რომ დედამისის დედა იყო საფრანგეთის იმჟამინდელი მეფის, ფრანსუა I-ის ნახევარ-და.

დედამისი რეფორმატორული მოძღვრების მიმდევარი იყო და თავის შვილებსაც მალულად ზრდიდა ჰუგენოტებად. ცოლის ჩანაფიქრისათვის ხელის შესაშლელად ჰერცოგმა ლუიმ შარლოტი და მისი ორი და მონასტერში გააგზავნა კათოლიკური განათლების მისაღებად. ამ დროს შარლოტი მხოლოდ ცამეტი წლის იყო და მამას დედასთან დარჩენის უფლებას ევედრებოდა, რომელიც იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც იგი მონასტერში იყო. მამამისი საფრანგეთის დედოფალ ეკატერინე მედიჩის ერთ-ერთი უდიდესი მოკავშირე იყო და მასთან ერთად დევნიდა რეფორმატორებს. ეკატერინეს კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ლუიმ ცამეტი წლის შარლოტი მონაზვნად იძულებით აღკვეცა, რის გამოც მისგან წერილობითი პროტესტი მიუვიდა დედოფალს.

თავდაპირველად შარლოტი ჟუარში გააგზავნეს, სადაც მამიდამისი აბატისა იყო. მამიდის გარდაცვალების შემდეგ აბატისა შარლოტი გახდა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკე მონაზონი იყო, ყოველთვის კალვინისტურად ლოცულობდა.

1572 წელს შარლოტმა მიატოვა სასულიერო წოდება და გააოგნა მთელი არისტოკრატია, როდესაც მონასტრიდან აღვირახსნილობით ცნობილ საფრანგეთის სამეფო კარზე წავიდა. აქ იგი შეხვდა ნავარის ჰუგენოტ დედოფალ ჟანა დ'ალბრეს, რომელიც ეკატერინე მედიჩისთან თავისი ვაჟის, ანრი დე ბურბონისა და მარგარიტა ვალუას ქორწინების თაობაზე მოსალაპარაკებლადიყო საფრანგეთში ჩასული. ჟანას მფარველობით შარლოტი საბოლოოდ მოინათლა კალვინიზმზე და მისივე ხელშეწყობით მოახერხა გერმანიაში, კერძოდ კი კურპფალცში გაქცევა.

1575 წლის 24 ივნისს შარლოტი დაქორწინდა ასევე კალვინისტ ვილემ ორანელზე, რითაც იგი ორანის პრინცესა გახდა. აღსანიშნავია, რომ შარლოტი მისთის მესამე ცოლი იყო. მათი ქორწინება ბედნიერი და ნაყოფიერი იყო, რომელშიც შარლოტმა ექვსი გოგონა გააჩინა, რომლებიც სხვადასხვა პროტესტანტ მონარზე დააქორწინეს. წყვილის აშკარა ბედნიერებამ ნიდერლანდებში ვილემის პოპულარობა საგრძნობლად გაზარდა.

1582 წლის 18 მარტს, ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის დაკვეთით სცადეს ვილემის მოკვლა, თუმცა შარლოტისა და მისი მულის წყალობით ვილემი გადარჩა. მისი მოვლისას თავად შარლოტი დაავადდა და გარდაიცვალა 1582 წლის 5 მაისს, 36 წლის ასაკში. მისი დაკარგვით გამოწვეულმა ტკივილმა ვილემს ჭრილობა განუახლა და კინაღამ ფატალური შედეგი გამოიღო.

მისი გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში ვილემი მეოთხედ დაქორწინდა ლუიზ დე კოლინიზე, თუმცა იგი 1584 წელს ფილიპე II-ის მიგზავნილმა მკვლელმა მოკლა, 51 წლის ასაკში.

  1. ლუიზა იულიანა (1576-1644), ცოლად გაჰყვა პფალცის კურფიურსტ ფრიდრიხ IV-ს, რომელთანაც შეეძინა ბოჰემიის მეფე ფრიდრიხ V;
  2. ელიზაბეთი (1577-1642), ცოლად გაჰყვა ოვერნის გრაფ ანრი დე ლა ტურს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  3. კათარინა ბელგიკა (1578-1648), ცოლად გაჰყვა ჰანაუ-მიუნცენბერგის გრაფ ფილიპ ლუდვიგ II-ს, რომელთანაც შეეძინა ათი შვილი;
  4. შარლოტა ფლანდრინა (1579-1640), მონაზონი;
  5. შარლოტა ბრაბანტინა (1580-1631), ცოლად გაჰყვა ტუარის ჰერცოგ კლოდ დე ლა ტრემუალს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  6. ემილია ანტვერპინა (1581-1657), ცოლად გაჰყვა ცვაიბრიუხენ-ლანდშბერგის პფალცგრაფ ფრიდრიხ კაზიმირს, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Famous Women of the Reformed Church|date=1901 page=103}
  • Robin, Larsen and Levin (2007). Encyclopedia of Women in the Renaissance: Italy, France, and England. p. 56.
  • Wedgwood, C.V. William the Silent, Jonathan Cape, 1944, p. 153
  • Charmarie Blaisdell, ‘Religion, Gender, and Class: Nuns and Authority in Early Modern France’, in Michael Wolfe (ed.), Changing Identities in Early Modern France (London, 1997), pp.147–168, p155
  • Blaisdell, Charmarie, ‘Religion, Gender, and Class: Nuns and Authority in Early Modern France’, in Michael Wolfe (ed.), Changing Identities in Early Modern France (London, 1997), pp. 147–168.
  • Dalberg-Acton, John Emerich Edward, et al. The Cambridge Modern History. Vol. III, New York: Macmillan Co, 1902.