შალუტაშვილების მარანი

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

შალუტაშვილების მარანი — არქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის ქალაქ კასპში.

მარანი აშენებულია სხვადასხვა ზომის ნატეხი და ყორე ქვით. შენობა წაგრძელებულია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. მარანში ჩასასვლელია ოთხსაფეხურიანი ქვის კიბით. ინტერიერის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მოწყობილია რიყის ქვით ნაშენი საწნახელი. საწნახელის გრძივ კედელზე, გარედან გაკეთებულია პატარა სამკუთხა ნიში, ხოლო მის ქვემოთ, ქვევრისკენ მიმართული ლითონის მილია დატანებული, რომელიც სადინარის ფუნქციას ასრულებს.

მარნის კედლებს იატაკის დონიდან დაახლოებით 0,5 მ. სიმაღლეზე, გარდა სამხრეთის კედლის შუა მონაკვეთისა თითქმის სრულად შემოუყვება ყორე ქვით ამოყვანილი კედლის სიბრტყიდან შვერილი საფეხური. აღნიშნული შვერილის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში გაკეთებულია ორ-ორი თაღოვანი ნიში. დასავლეთი კედლის მარცხენა ნაწილში, ზემოთ განთავსებულია მართკუთხა ფორმის ღიობი. მარნის ჭერი გამართულია ხის კონსტრუქციით, ორ დედაბოძზე დაფუძნებულ კოჭზე პერპენდიკულარულად დალაგებულია ხის ძელები, რომლებზეც შემდეგ დაფენილია ხის ფიცრები. მარანში ჩაყრილი ქვევრების გარშემო იატაკი ნაწილობრივ ბეტონისაა, ხოლო ნაწილობრივ სხვადასხვა ფორმის ქვის ფილებითაა მოკირწყლული.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 29896