შალვა ხუნდაძე
შალვა ხუნდაძე (დ. 29 მარტი, 1920, ქ. სოხუმი — გ. 11 იანვარი, 1991) — ქართველი პედაგოგი და გეოგრაფი. პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1961), დოცენტი.
შალვა ხუნდაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 29 მარტი, 1920 |
გარდ. თარიღი | 11 იანვარი, 1991 (70 წლის) |
მოქალაქეობა | სსრკ |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაშალვა ხუნდაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს.[1]
1941–1962 წლებში მუშაობდა თბილისის სხვადასხვა სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად, სასწავლო ნაწილის გამგედ, დირექტორად; 1959 წელს მუშაობა დაიწყო იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. კითხულობდა გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე. მისი სამეცნიერო მუშაობის თემატიკა გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკას ეკუთვნის.[1]
მუშაობდა აგრეთვე ბუნებისმცოდნეობის სწავლების საკითხებზე. იყო ჟურნალ „სკოლა და ცხოვრების“ დამატების — „ისტორია და გეოგრაფია სკოლაში“ რედკოლეგიის წევრი. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1961 წელს თემაზე: „მათემატიკური გეოგრაფიის ელემენტების სწავლება საშუალო სკოლაში“. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო-მეთოდური ნაშრომი. შეადგინა დაკვირვების დღიურები II და IV კლასებისათვის.[1]
დაჯილდოებულია იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედლითა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით.[1]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- დაკვირვების დღიური: ბუნება და ადამიანის შრომითი საქმიანობა. თბ., 1990;
- დაკვირვების დღიური ბუნებასა და ადამიანის შრომით საქმიანობაზე. თბ., 1987;
- ბუნების კარი: ბუნების სახელმძღვ. მე-2 კლასისათვის (თანაავტორი). თბ., 1982;
- ფიზიკური გეოგრაფიის სწავლება ახალი პროგრამით. თბ., 1972;
- მათემატიკური გეოგრაფიის ელემენტების სწავლება საშუალო სკოლაში. თბ., 1958.