შალვა ჟიჟილაშვილი
შალვა ნიკოლოზის ძე ჟიჟილაშვილი (20 თებერვალი, 1913, ქსანი — 29 დეკემბერი, 1992, მოსკოვი) — ქართველი სამხედრო ინჟინერი, გენერალ-ლეიტენანტი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაშალვა დაიბადა 1913 წლის 20 თებერვალს თბილისთან ახლოს, სოფელ ქსანში. მამა, ნიკოლოზ ჟიჟილაშვილი, მუშაობდა რკინიგზის მუშად, ხოლო დედა, ეფემია - უბნის დარაჯად. მათ ოთხი შვილი შეეძინათ.[1]
1922 წელს შალვა შევიდა რკინიგზის მე-6 საშუალო სკოლაში, რომელიც თბილისში, ლენინის რაიონში მდებარეობდა. აქ მან 7 კლასი დაამთავრა. 1929 წელს შალვას მამა დედაქალაქში გადაიყვანეს სამუშაოდ და ოჯახი დიდუბეში დასახლდა. შალვამ სწავლა თბილისის რკინიგზის ტექნიკურ სასწავლებელში განაგრძო, რომელიც 1933 წელს დაამთავრა მიმოსვლის გზათა ტექნიკოსის კვალიფიკაციით. სწავლის დამთავრების შემდეგ შალვამ 10 თვის განმავლობაში ტექნიკოსად იმუშავა სადგურ ინგირში შავი ზღვის რკინიგზის მშენებლობაზე.
1934 წლიდან იწყებს სამხედრო სამსახურს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების სარკინიგზო ჯარებში. იყო ოცეულის მეთაური, ტექნიკური სადგურის ბატალიონის უფროსი.
1939 წელს ჩაირიცხა ლენინგრადის წითელი არმიის საინტენდანტო აკადემიაში ხიდების მშენებლობის ფაკულტეტზე. მეორე მსოფლიო ომის გამო სწავლის დამთავრება ვერ შეძლო.
1942 წლიდან მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. ასრულებდა ბრიანსკის ფრონტის სარკინიგზო ჯარების შტაბის უფროსი ინჟინერ-ხიდმშენებლის მოვალეობას. ამავე წლის სექტემბერში მაიორის წოდებით დაინიშნა 82-ე სამშენებლო-საგზაო სარკინიგზო ბატალიონის მეთაურად. სარკინიგზო გზების აღდგენასთან ერთად, მისი ბატალიონი უზრუნველყოფდა ჯარების გადაყვანას.
1943 წლის ზაფხულში ბატალიონმა მონაწილეობა მიიღო ორლოვის სარკინიგზო კვანძის, ბრიანსკი-2 სადგურის აღდგენაში და მოქმედებდა ვორონეჟის, შემდეგ კი ცენტრალური ფრონტების შეტევის ზონაში. იმავე წლის შემოდგომაზე შალვას ბატალიონმა მონაწილეობა მიიღო კიევის რაიონში დნეპრზე დაბალწყლიანი სარკინიგზო ხიდის მშენებლობაში.
1943 წლის 5 ნოემბერს, ომის რთულ პირობებში სარკინიგზო ეკონომიკის აღდგენის საქმეში განსაკუთრებული დამსახურებისთვის, შალვა ჟიჟილაშვილს მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება.
ომის დასასრულს შალვა ჟიჟილაშვილი პოლკოვნიკის ჩინით მეთაურობდა სარკინიგზო ბრიგადას. შემდგომ წლებშიც მსახურობდა სარკინიგზო ჯარებში. ომის შემდგომ მისი მეთაურობით 35-ე სარკინიგზო ბრიგადა მონაწილეობდა დონბასის აღდგენაში.
1947 წელს შალვა დაუბრუნდა იმ სამხედრო აკადემიას, სადაც მას სწავლა ომმა შეაწყვეტინა და 1950 წელს დაამთავრა იგი. მალევე მიიღო ერთ-ერთი შენაერთის მეთაურის პირველი მოადგილის თანამდებობა. 1954 წელს შალვას მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება და რამდენიმე ხნის შემდეგ იმავე შენაერთის უფროსად დანიშნეს.
1962 წლის 27 აპრილს მიანიჭა გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება. 1964-1973 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების სარკინიგზო ჯარების შტაბის უფროსად. 1973 წელს გავიდა ტექნიკური სამსახურის თადარიგში.
დაჯილდოებული იყო ლენინის, წითელი დროშის, ორი სამამულო ომის პირველი ხარისხის, შრომის წითელი დროშის, ორი წითელი ვარსკვლავის ორდენით და 16 მედლით.
შალვა ჟიჟილაშვილი ცხოვრობდა მოსკოვში. გარდაიცვალა 1992 წლის 29 დეკემბერს.[2] დაკრძალულია პრეობრაჟენის სასაფლაოზე.
ლიტერატურა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ დოლიძე, ლ. მხედართუფროსები საქართველოდან. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1986. - გვ. 76-77.
- ↑ შალვა ჟიჟილაშვილის საფლავი