შავი ჭირი (რომანი)

ალბერ კამიუს რომანი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

შავი ჭირი (ფრანგ. La Paste) 一 ფრანგი ავტორის, ალბერ კამიუს 1947 წლის რომანი, რომლის სიუჟეტიც, გადმოცემული მთავარი გმირის, ბერნარ რიეს პერსპექტივიდან, ალჟირის ქალაქ ორანში, შავი ჭირის მოდების დროს მიმდინარეობს. პროტაგონისტ ექიმს პირველად ნაწარმოების რიგით მეხუთე თავში ვაწყდებით. წიგნში გვხვდება ორანში შავი ჭირის შედეგად მყისიერად განვითარებული მოვლენები, რომლებიც ასახულია ავტორის აბსურდისტული აღქმით.[1]

„შავი ჭირი“
La Peste

პირველი ფრანგული გამოცემა
ავტორი ალბერ კამიუ
ქვეყანა საფრანგეთი
ენა ფრანგული
ჟანრი ფილოსოფიური ნოველა
გამომცემელი Éditions Gallimard
გამოცემის თარიღი 1947
ქართულად გამოიცა 2013
მედია ბეჭდური
გვერდი 272
წინამორბედი Resistance, Rebellion, and Death
ISBN 978-9941-19-831-1

კამიუ ნაწარმოებზე მუშაობისას მთავარ წყაროდ ქოლერას ეპიდემია გამოიყენა, რომელმაც მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში იფეთქა[2] და 1849 წელს ორანის მოსახლეობის დიდი ნაწილი შეიწირა, თავად რომანის სიუჟეტი კი თითქმის ასი წლის შემდეგ ვითარდება. კამიუს მიერ ნაწარმოების გამოქვეყნებამდე ორანს კვლავ რამდენჯერმე დაესხა თავს ეპიდემია. ისტორიული წყაროების თანახმად, ორანი განადგურდა 1556 და 1678 წლებში ბუბონური ჭირის გააქტიურების შედეგად, თუმცა შემდგომი აფეთქებები (1921 წელი: 185 შემთხვევა, 1931 წელი: 76 შემთხვევა, 1944 წელი: 95 შემთხვევა) საკმაოდ შორს იყო რომანში აღწერილი ეპიდემიის მაშტაბებისგან.[3]

შავი ჭირი მიიჩნევა ეგზისტენციალისტურ კლასიკად, მიუხედავად იმისა, რომ თავად კამიუ ამ იდეას უარყოფდა.[4][5] ნოველა ხაზს უსვამს ცალკეულ პერსონაჟთა უძლურებას, შეცვალონ საკუთარი ბედი, რაც აბსურდიზმის, როგორც ფილოსოფიური კონცეფციის, ქვაკუთხედს წარმოადგენს. მრავალმა კრიტიკოსმა აღნიშნა, რომ თხრობის ტონი საკმაოდ წააგავს ფრანც კაფკას ენას და ამ უკანასკნელის რომანის - "პროცესი" - ენას ხშირად ზემოხსენებული ნაწარმოების მთავარი გმირის თხრობის სტილს უკავშირებენ. ბერნარ რიეს მონოლოგები, და არამხოლოდ მონოლოგები, ხშირ შემთხვევაში ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელობას იძენენ, რითაც იგი ადამიანის ქვეცნობიერისა და სულიერი მდგომარეობის მკვეთრ ალეგორიასაც წარმოადგენს.

რომანი წარმოადგენს თვითმხილველის მონათხრობს, რომელმაც საკუთარ თავზე გამოცადა ალჟირის სანაპიროზე, ტიპური ფრანგული პრეფექტურის ქალაქ ორანზე 194... წელს თავს დამტყდარი შავი ჭირის ეპიდემიის საშინელება. ეს არის ექიმი ბერნარ რიე, იგი თავად ხელმძღვანელობდა დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებებს დასნეულებულ ქალაქში.

ჭირი, რომელიც ყველას და ყველაფერს ანადგურებს, ქალაქში მოულოდნელად ვრცელდება. ყველაფერი იმით იწყება, რომ ქუჩებსა და სახლებში საიდანღაც მკვდარი ვირცხები ჩნდებიან. ძალიან მალე კი მათ ყოველდღიურად ათასობით პოულობენ. უბედურების მომასწავებელი ამ საშინელი არსებების გამოჩენის პირველივე ხანებში ექიმი რიე, რომელსაც ფიქრადაც არ მოსდის, თუ რა ელოდება ქალაქს, დიდი ხანია, რაღაც სნეულებით გატანჯულ თავის ცოლს მთის სანატორიუმში გზავნის დასასვენებლად. საოჯახო საქმეებში მოსახმარებლად, მასთან დედამისიც გადადის.

დაავადებისგან პირველი ექიმი რიეს კარის მცველი კვდება. ჯერ არავინ ეჭვობს, რომ ქალაქში გავრცელებული ავადმყოფობა შავი ჭირია. სნეულთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება. ექიმ რიეს პარიზიდან შრატი მოაქვს, რომელიც უმნიშვნელოდ ეხმარება ავადმყოფებს, მაგრამ ძალიან მალე ისიც თავდება. ქალაქის პრეფექტურისთვის ნათელი ხდება, რომ აუცილებელია კარანტინის გამოცხადება. ორანი დაკეტილ ქალაქად ცხადდება.

ერთ საღამოს ექიმს თავისთან უხმობს მისი დიდი ხნის პაციენტი, მერიის თანამშრომელი - გრანი, რომელსაც რიე, სიღარიბის გამო, უფასოდ მკურნალობს.

საქმე ის არის, რომ მისი მეზობელი კოტარი ცდილობდა, თვითმკვლელობით დაესრულებინა სიცოცხლე. გრანისთვის უცნობია ის მიზეზები, რომელთაც მის მეზობელს ამ ნაბიჯის გადადგმა აიძულეს. მაგრამ მოგვიანებით ის ექიმის ყურადღებას კოტარის უცნაური ქცევისაკენ მიაპყრობს. ამ ინცინდენტის შემდეგ, კოტარი ხალხთან ურთიერთობაში არაჩვეულებრივ მოწიწებას იჩენს, თუმცა მანამდე საოცრად უჟმური კაცი იყო. ექიმი ეჭვობს, რომ ამ ადამიანს სულაც არ აქვს სინდისი სუფთა და ახლა, ცოდვებით დამძიმებული, ცდილობს თავისი გარემოცვის სიყვარული და კეთიოლგანწყობა მოიპოვოს.

თავად გრანი ხანშიშესული, სუსტი აღნაგობის მორიდებული კაცია, ის ადამიანთა იმ კატეგორიას ეკუთვნის, რომლებიც თავიანთი აზრების გამოსახატავად ძნელად პოულობენ სიტყვებს. თუმცა, როგორც შემდეგ ექიმისთვის ხდება ცნობილი, უკვე დიდი ხანია, რაც გრანი თავისუფალ დროს წიგნის წერას ანდომებს და ოცნებობს, შექმნას შედევრი, ჭეშმარიტი ხელოვნების ნიმუში. მაგრამ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მთელი ეს წლები მან პირველი და ერთადერთი ფრაზის დახვეწას მოანდომა.

ეპიდემიის დასაწყისში ექიმი რიე საფრანგეთიდან ჩამოსულ ჟურნალისტს, რაიმონდ რამბერს და ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა, ათლეტური აღნაგონის ჟან ტარის ხვდება. ეს უკანასკნელი, ქალაქში ჩამოსვლის დღიდან, ანუ ავადმყოფობის გავრცელებამდე რამდენიმე კვირით ადრე, თავის რვეულში ქალაქის მცხოვრებთა შესახებ ჩანაწერებს აკეთებს. მოვლენათა განვითარების შემდეგ იგი ექიმის უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი ხდება. ისინი მოხალისეებისგან ეპიდემიასთან მებრძოლ ბრიგადებს ქმნიან.

კარანტინის გამოცხადების წუთიდან ორანის მცხოვრებდნი თავს პატიმრებად გრძნობენ. მათთვის აკრძალულია წერილების გაგზავნა, ზღვაში ბანაობა, შეიარაღებული ჯარისკაცების მიერ დაცული ქალაქის საზღვრების გადაკვეთა და ა.შ.

ნელ-ნელა მოსახლეობას სურსათ-სანოვაგეც უთავდება, რითაც სარგებლობენ კონტრაბანდისტები, კოტარის კატეგორიის ადამიანები. უფრო თვალსაჩინო ხდება განხეთქილება უბადრუკად მცხოვრებ ღატაკებსა და ორანის შეძლებულ მოსახლეობას შორის, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ, შავ ბაზარზე სამჯერ უფრო ძვირად შეიძინონ კვების პროდუქტები, იარონ კაფეებში, რესტორნებსა და გასართობ ადგილებში. არავინ უწყის, რამდენ ხანს გასტანს ეს საშინელება. ხალხი თითო დღით ცხოვრობს.

რამბერი უცხოდ და ეულად გრძნობს ორანში თავს და ცდილობს, პარიზში, თავის ოჯახში დაბრუნდეს - ჯერ ოფიციალური გზებით, შემდეგ კი კონტრაბანდისტებისა და კოტარის მეშვებოთ გააღწიოს თავი ამ მიწიერ ჯოჯოხეთს. ექიმი რიე კი დღე-აღამეში ოცი საათის განმავლობაში არ ისვენებს, დაუღალავად უვლის ავადმყოფებს. რამბერი, რომელიც ხედავს, როგორი თავგანწირვით ებრძვიან ექიმი და ჟან ტარი ეპიდემიას, უარს ამბობს ქალაქის დატოვებაზე, მაშინ, როდესაც ამის რეალური შანსი ეძლევა და ტარის სანიტართა ბრიგადას უერთდება.

მაშინ, როდესაც ეპიდემია ცოფიანი ძაღლივით დაძრწის ქუჩებსა თუ სახლებში, ანადგურებს გზად ყველაფერს და სპობს უამრავ სუიცოცხლეს, ერთადერთი, ვინც შედარებით ნორმალურად გრძნობს თავს, კოტარია. იგი სარგებლობს ეპიდემიის გამო არსებული განუკითხაობით, გამწარებით აგროვებს სიმდიდრეს და სულაც არ ნერვიულობს, რომ პოლიციელს მასზე აღძრული საქმის განახლება მოაგონდა.

სპეციალური საკარანტინო დაწესებულებებიდან დაბრუნებული, განსჯის უნარდაკარგული ადამიანები, წვავენ თავიანთ სახლებს იმ იმედით, რომ ამ გზით, ეპიდემიის გავრცელებას შეაფერხებენ. გულგრილი მეპატრონეების თვალწინ, ცეცხლმოკიდებულ სახლებში მოროდიორები შერბიან და იტაცებენ ყველაფერს, რისი წაღებაც შეუძლიათ.

ეპიდემიის გავრცელების პირველ ხანებში დაკრძალვის პროცედურები მთელი წეს-ჩვეულებების დაცვით ტარდებოდა. თუმცა, ძალიან მალე შავი ჭირი ისეთი სისწრაფით ხოცავს ადამიანებს, რომ დაღუპულთა გვამების დაკრძალვას ვეღარ აუდიან, თხრილში ყრიან, შემდეგ ქალაქგარეთ გააქვთ და წვავენ. ეპიდემია გაზაფხულიდან მძვინვარებს, ოქტომბერში ექიმი კასტელი შრატს ქმნის სწორედ იმ ვირუსისგან თავდასაცავად, რომელმაც მოიცვა ქალაქი, რადგან შავი ჭირის ეს სახეობა რამდენადმე განსხვავდება მისი კლასიკური ვარიანტისგან.

ვაქცინას უიმედო ავადმყოფზე, გამომძიებლის შვილზე, ოჰანზე ცდიან. ექიმი რიე და მისი მეგობრები, რამდენიმე საათის განმავლობაში აკვირდებიან მომაკვდავ ბავშვს, მაგრამ მის გადარჩენას ვერ ახერხებენ. ყველას ძალიან უჭირს ამ უცოდველი არსების სიკვდილის გადატანა.

ზამთრის დადგომასთან ერთად, იანვრის დასაწყისში, უფრო და უფრო ხხშირდება გამოჯანმრთელების შემთხვევები, ავადმყოფობას ამარცხებს გრანიც. დროთა განმავლობაში ნათელი ხდება, რომ ეპიდემია თავის მზაკვრულ ბრჭყალებს ხსნის და, ღონემიხდილი, მსხვერპლთ ხელიდან უშვებს. შავი ჭირი მარცხდება.

ქალაქის ცოცხლად დარჩენილ მცხოვრებთა სულში ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები ცვლის ერთმანეთს. გადარჩენის უდიდეს სიხარულთან ერთად მათ საშინელი სევდა და გულგატეხილობა ეუფლებათ. ბოლომდე არც სჯერათ, რომ გადარჩნენ, რომ ეს რეალობაა. კოტარი კი ხშირად ამბობს ექიმ რესა და ტარისთან საუბარში, რომ, როდესაც ეს ჯოჯოხეთი დასრულდება, ხალხი ზურგს შეაქცევს მას. ტარის დღიურის უკანასკნელი ფრაზები, რომელიც ძნელად გასარჩევადაა დაწერილი, სწორედ კოტარზე მოგვითხრობს. უეცრად ტარი შავი ჭირით ავადდება. ექიმი რიე ვერაფრით ახერხებს მეგობრის გადარჩენას.

თებერვლის ერთ მშვენიერ დღეს, ბოლსო და ბოლოს, ქალაქში კარანტინი სრულდება. ხალხი მიწიერი ჯოჯოხეთის დასრულებას ზეიმობს, თუმცა მრავალი მათგანი გრძნობს, რომ ვეღარასდროს გახდება ისეთი, როგორიც მანამდე იყო. ეპიდემიამ მათ ბევრ რამეზე აუხილა თვალი, გააშიშვლა სუფთა ადამიანური გრძნობები და მათ ხასიათში ახალი, აქამდე არარსებული, განდგომილების შტრიხი შეიტანა.

ერთხელ გრანთან მიმავალი ექიმი რიე ხედავს, შეშლილობის ზღვარზე მყოფი კოტარი, როგორ ესვრის ფანჯრიდან გამვლელებს. პოლიცია ძლივს ახერხებს მის განიარაღებას.

გრანი გადაწყვეტს, აღადგინოს თავისი ჩანაწერები, რომელთა დაწვა ავადმყოფობის დროს ისურვა.

სახლში დაბრუნებული ექიმი რიე დეპეშას იღებს, რომელშიც ატყობინებენ, რომ მისი მეუღლე გარდაიცვალა. მას ძალიან უმძიმს ამ ამბავთან შეგუება, თავს საშინლად გრძნობს, მაგრამ აცნობიერებს, რომ ეს არ არის მოულოდნელობით გამოწვეული განცდა, რადგან, იგივე ტკივილი რამდენიმე უკანასკნელი თვის განმავლობაში განუწყვეტლივ ტანჯავდა მას. ექიმს ქუჩაში გამოსული ხალხის მხიარულ იშეძახილები ესმის და ხვდება, რომ ნებისმიერ ბედნიერებას, ნებისმიერ სიხარულს ყოველთვის ემუქრება დიდი საფრთხე. ჭირის მიკრობი შეიძლება ათეულობით წელი თვლემდეს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ინებოს და კვლავ მოავლინოს ბედნიერებით სავსე ქალაქის ქუჩებში ასობით და ათასობით ავის მომასწავლებელი ვირთხა...

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Aronson, Ronald (27 October 2011). Zalta, Edward N. (ed.). „Albert Camus“. The Stanford Encyclopedia of Philosophy. Summer 2017 Edition.
  2. Magill 1989:683
  3. Bertherat, Eric; Bekhoucha, Souad; Chougrani, Saada; Razik, Fathia; Duchemin, Jean B.; Houti, Leila; Deharib, Larbi; Fayolle, Corinne; Makrerougrass, Banaouda; Dali-Yahia, Radia; Bellal, Ramdan; Belhabri, Leila; Chaieb, Amina; Tikhomirov, Evgueni; Carniel, Elisabeth (2007). „Plague Reappearance in Algeria after 50 Years, 2003“. Emerging Infectious Diseases. 13 (10): 1459–1462. doi:10.3201/eid1310.070284. PMC 2851531. PMID 18257987.
  4. Camus (in Thody, 1970):345. In an interview on 15 November 1945, Camus said: "No, I am not an existentialist."
  5. Forsdick 2007:119