შავი ანგელოზები (ქრამი)

„შავი ანგელოზები“ (ინგლ. Black Angels, ქვესათაურით „ცამეტი სურათი ბნელი მიწიდან“ („Thirteen Images from the Dark Land“)[1] — ამერიკელი ავანგარდისტი კომპოზიტორის, ჯორჯ ქრამის ნაწარმოები „ელექტრონული სიმებიანი კვარტეტისთვის“. იგი ერთი წლის განმავლობაში იქმნებოდა და პარტიტურის მიხედვით შემდეგნაირად თარიღდება: „პარასკევი, ცამეტი მარტი, 1970 (in tempore belli)“ („Friday the Thirteenth, March 1970 (in tempore belli)“.[2] ლათინური ფრაზა in tempore belli („ომის დროს“), რომელიც პარტიტურას ქრამმა დააწერა, უკავშირდება ვიეტნამის ომს, რომელიც „შავი ანგელოზების“ შექმნის დროს მიმდინარეობდა. კომპოზიტორმა ნაწარმოების სტრუქტურა რიცხვების 13 და 7 გარშემო ააწყო, რომლებიც, ტრადიციულად, ბედსა და ბედისწერას უკავშირდება. იგი გამორჩეულია უჩვეულო ინსტრუმენტული შემადგენლობით, რომელიც მოიცავს ელექტრონულ სიმებიან საკრავებს, ბროლის ჭიქებს და ორ ტამტამს. ნაწარმოებში ციტირებულია ფრანც შუბერტის მე-14 სიმებიანი კვარტეტის („სიკვდილი და ქალიშვილი“) მეორე ნაწილი (Andante con moto).

ჯორჯ ქრამი 90 წლის ასაკში

ნაწარმოები წარმოადგენს ოდას ან გოდებას ვიეტნამის ომზე.[3] რობერტ გრინბერგის მიხედვით, შესავალი ნაწილი სიმბოლურად მოიერიშე ვერტმფრენებს უკავშირდება, რომლებიც ამერიკული ძალებისთვის უმთავრეს ინსტრუმენტს წარმოადგენდა საველე ოპერაციების დროს.[3] მისივე აზრით, „ელექტრონული მწერები“ (Electric Insects) სწორედ მოიერიშე ვერტმფრენების აღმნიშვნელი ევფემიზმია, ხოლო მუსიკაში ეს გადმოცემულია ვიოლინოებით, რომლებიც ტონალობის საწინააღმდეგოდ, სწრაფ ტემპში და მაღალ რეგისტრში უკრავენ.[3]

 
რობერტ გრინბერგის ინტერპრეტაციით, „ელექტრონული მწერები“ ვიეტნამის ომში ხშირდ გამოყენებული ამერიკული მოიერიშე ვერტმფრენების აღმნიშვნელია (სურათზე AH-64 Apache).

ქრამის მიხედვით, კომპოზიციის დამკვეთი მიჩიგანის უნივერსიტეტი იყო და პირველად იგი სტენლის კვარტეტმა შეასრულა.[4] მასში ქრამმა ციტირების სახით რამდენიმე კომპოზიტორის მუსიკა გამოიყენა, მათ შორის, ფრანც შუბერტისა. კომპოზიტორის თქმით, „შავ ანგელოზებში“ ტონალური მუსიკის რამდენიმე ალუზიაა: ციტატა შუბერტის კვარტეტიდან „სიკვდილი და ქალიშვილი“ (Pavana Lachrymae-ში და ნაკლებ შესამჩნევად, ნაწარმოების ბოლო გვერდზეც); ავტორისვე სარაბანდა სტილისტურად სინთეტურია; შენარჩუნებულია სი-მაჟორული ტონალობა ნაწილში „ღმერთის მუსიკა“; ასევე, რამდენიმე მინიშნებაა ლათინურ ჰიმნზე Dies Irae („რისხვის დღე“).“ ნაწარმოებში მრავლადაა ტრადიციული მუსიკალური სიმბოლიზმები, როგორიცაა Diabolus in Musica („ეშმაკი მუსიკაში“, შემცირებული კვინტა, იგივე ტრიტონი) და Trillo Di Diavolo („ეშმაკის ტრილი“, ტარტინის მიხედვით).[5]

მუსიკალური კომპოზიციის ზოგადი ანალიზისას ქრამმა თქვა, რომ „შავი ანგელოზები (ცამეტი სურათი ბნელი მიწიდან)“ შეიქმნა, როგორც ჩვენი, თანამედროვე, სირთულეებით სავსე სამყაროს პარაბოლა. ნაწარმოებში მოცემული არაერთი კვაზი-პროგრამული მინიშნება, ამდენად, სიმბოლურია, თუმცა, საფუძველში არსებული წინააღმდეგობა — ღმერთი ეშმაკის წინააღმდეგ — არა მხოლოდ წმინდად მეტაფიზიკურ რეალობას გულისხმობს. „შავი ანგელოზის“ ხატება ადრეული მხატვრების მიერ ხშირად გამოყენებული სახე იყო დაცემული ანგელოზის აღსანიშნავად“.[6]

ნაწილები

რედაქტირება

„შავი ანგელოზების“ ცამეტი ნაწილი სამ ჯგუფადაა დაყოფილი:

ნაწილი ქართული თარგმანი
I: Departure (გამგზავრება)
Threnody I: Night of the Electric Insects (tutti) გოდება I: ელექტრონული მწერების ღამე (tutti)
Sounds of Bones and Flutes (trio) ძვლებისა და ფლეიტების ხმები (ტრიო)
Lost Bells (duo) დაკარგული ზარები (დუეტი)
Devil-music (solo) ეშმაკის მუსიკა (სოლო)
Danse Macabre (duo) სიკვდილის ცეკვა (დუეტი)
II. Absence (არყოფნა)
Pavana Lachrymae (trio) ცრემლების პავანა (ტრიო)
Threnody II: Black Angels! (tutti) გოდება II: შავი ანგელოზები! (tutti)
Sarabanda de la Muerte Oscura (trio) სარაბანდა უცნობ მიცვალებულს (ტრიო)
Lost Bells (Echo) (duo) დაკარგული ზარები (ექო) (დუეტი)
III. Return (დაბრუნება)
God-music (solo) ღმერთის მუსიკა (სოლო)
Ancient Voices (duo) უძველესი ხმები (დუეტი)
Ancient Voices (Echo) (trio) უძველესი ხმები (ექო) (ტრიო)
Threnody III: Night of the Electric Insects (tutti) გოდება III: ელექტრონული მწერების ღამე (tutti)

სტრუქტურა

რედაქტირება

ქრამმა განაცხადა, რომ „შავი ანგელოზების“ სტრუქტურას საფუძვლად უდევს უზარმაზარი თაღოვანი დიზაინი, რომელიც სამ „გოდებაზე“ დგას. „ნაწარმოები სულის მოგზაურობას ასახავს. ამ მოგზაურობის სამი ეტაპია გამგზავრება (მადლის დაკარგვა), არყოფნა (სულიერი ანიჰილაცია) და დაბრუნება (მიტევება).“[5]

ვიქტორია ადამენკომ სცადა ღრმად გამოეკვლია ის, რასაც ქრამი „მთელი ნაწარმოების ნუმეროლოგიურ საფუძველს“ უწოდებდა, რაც დაკავშირებულია „სიმეტრიის ღერძთან“, რიცხვთან 7, რომელიც 1-დან 13-მდე რიცხობრივი მიმდევრობის ზუსტად შუა წერტილს წარმოადგენს.[7] როგორც ადამენკო ამბობს, „ამ ნაწილის იდუმალი ქვესათაური აერთიანებს რიცხვებს 7 და 13 განმეორებითი სახით: 7-გზის 7 და 13-გზის 13. ნაწილი ტრიტონით იხსნება, რომელიც თითოეულ პარტიაში 7-ჯერ მეორდება. ქვესათაურით ნაკარნახევი კონტექსტით თუ ვიმსჯელებთ, ტრიტონის სიმბოლო რიცხვი 7 უნდა იყოს. ფორმულა „13-ჯერ 13“ უკავშირდება სიტყვა „ცამეტის“ წარმოთქმას სხვადასხვა ენაზე — სახელდობრ, იგი 3 შემსრულებლის მიერ 3-3-ჯერ წარმოითქმება (სულ 9 წარმოთქმა) პარტიტურის მე-5 გვერდზე, ერთხელ კი ნაწილის ბოლოს ოთხივე შემსრულებლის მიერ (9 + 4 = 13). ეს ცენტრალური ნაწილი შემოსაზღვრულია ორი ნაწილით, რომლებიც ასევე შეიცავენ ერთნაირ რიცხვებს: 13 13-ზე „სარაბანდაში“ და 13 13-ის ქვეშ „პავანაში““.[7]

ნაწარმოების სტრუქტურა გამოხატავს ქრამისთვის მნიშვნელოვან ნუმეროლოგიურ ელემენტებს, როგორიცაა ცამეტი ნაწილი, რომელთა შორისაც ცენტრალური მეშვიდეა. მეტიც, ნაწილები სიმეტრიულად და პალინდრომულადაა ორგანიზებული, პალინდრომულია თითოეული ნაწილის ინსტრუმენტული შემადგენლობაც: 4, 3, 2, 1, 2, 3, 4, 3, 2, 1, 2, 3, 4. პირველი, ცენტრალური და მეცამეტე ნაწილების სახელია „გოდება“, ხოლო „ღმერთის მუსიკა“ და „ეშმაკის მუსიკა“ სიმეტრიულად პირისპირაა განლაგებული.[8]

კომპოზიციის ნუმეროლოგიურ სიმბოლიზმზე საუბრისას ქრამმა თქვა: „შავი ანგელოზების“ ნუმეროლოგიური სიმბოლიზმი, შესაძლოა, ყურისათვის შესამჩნევი არაა, მაგრამ კარგადაა ასახული მუსიკალურ სტრუქტურაში. ეს „მაგიური“ მიმართებანი სხვადასხვაგვარადაა გადმოცემული, მაგალითად, ფრაზის სიგრძეში, ერთი და იგივე ნოტების დაჯგუფებებში, გრძლიობებში, გამეორების ფორმებში და ა.შ. მნიშვნელოვანი ტონური ელემენტი ნაწარმოებში — დაღმავალი მი, ლა, რე- — ასევე აღნიშნავს საბედისწერო რიცხვებს 7-13. ნაწარმოების ზოგიერთ ადგილას არის თითქოსდა რიტუალური დათვლა სხვადასხვა ენებზე, მათ შორის, გერმანულად, ინგლისურად, ფრანგულად, რუსულად, უნგრულად, იაპონურად და სუაჰილიზე.“[5]

ინსტრუმენტული შემადგენლობა

რედაქტირება

„შავი ანგელოზები“, პირველ რიგში, ქრამის სიტყვებით, „ელექტრონული სიმებიანი კვარტეტისთვისაა“ დაწერილი. როგორც წესი, იგი აკუსტიკური ინსტრუმენტების ელექტრონული ამპლიფიკაციის საშუალებით სრულდება, თუმცა, არსებობს შესრულების შემთხვევები საგანგებოდ დამზადებულ ელექტრონულ ინსტრუმენტებზეც. მუსიკა ინსტრუმენტების უკიდურეს რეგისტრებს და გაფართოებულ ხერხებს იყენებს, როგორიცაა დაკვრა გრიფზე თითების ზემოთ და დარტყმა სიმებზე სათითეებით.

ქრამის თქმით, „სიმებიანი ინსტრუმენტების ამპლიფიკაცია „შავ ანგელოზებში“ გამიზნულია ძლიერი სურრეალისტური ეფექტის მისაღებად. ამ სურრეალიზმს აძლიერებს უჩვეულო ეფექტების გამოყენება, მაგალითად, პედალური ტონები (ინტენსიური, აუტანელი ხმოვანება „ეშმაკის მუსიკაში“), ხემის გასმა სიმების „არასწორ“ მხარეს (ვიოლა-და-გამბას ეფექტის მისაღებად) და ტრილები სათითეებით. შემსრულებლები, ასევე, უკრავენ მარაკებზე, ტამტამებზე და წყლით მომართულ ბროლის ჭიქებზე. ჭიქებზე ხემით უკრავენ „შუშია ჰარმონიკას“ ეფექტის მისაღებად „ღმერთის მუსიკაში“.[6]

სცენაზე მუსიკოსების სწორად განაწილების მიზნით ქრამის პარტიტურას სპეციალური დიაგრამაც ახლავს, სადაც შემსრულებლები კოლოფის მსგავსად არიან განაწილებული. ელექტრონული ვიოლინო II და ელექტრონული ჩელო სცენის სიღრმეში, შესაბამისად, მარჯვნივ და მარცხნივ არიან განლაგებული, მათ შორის კი ტამტამებია. ელექტრონული ვიოლინო I და ელექტრონული ალტი პარტერის ახლოს, შესაბამისად, მარჯვნივ და მარცხნივ არიან, თუმცა, მათ შორის მეტი დისტანციაა, რათა სცენაზე ოთხივე შემსრულებლის დანახვა შეიძლებოდეს. I, II ვიოლინოებს და ალტს პარტერის მხარეს ბროლის ჭიქები აქვთ დალაგებული, ხოლო I ვიოლინოს და ჩელოს სცენის სიღრმისკენ მარაკები აქვთ. ოთხივე მუსიკოსს ახლოს უდევს სპიკერი.

აღნიშნული ინსტრუმენტები თითოეულ შემსრულებელზეა განაწილებული. ზოგიერთი მათგანი წინასწარ მომზადებას საჭიროებს, მაგალითად, ბროლის ჭიქებში სხვადასხვა ოდენობის წყალი უნდა ჩაისხას.

ვიოლინო 1

  • მარაკა
  • 7 ბროლის ჭიქა
  • 6" ზომის მინის ჯოხი
  • 2 მეტალის სათითე
  • მეტალის ჩხირი (ქაღალდის სამაგრი)

ვიოლინო 2

  • 15" ზომის ჩამოკიდებული ტამტამი და მისი ჯოხი
  • კონტრაბასის ხემი (ტამტამზე გამოსაყენებლად)
  • 7 ბროლის ჭიქა
  • 6" ზომის მინის ჯოხი
  • 2 მეტალის სათითე
  • მეტალის ჩხირი (ქაღალდის სამაგრი)

ალტი

  • 6 ბროლის ჭიქა
  • 6" ზომის მინის ჯოხი
  • 2 მეტალის სათითე
  • მეტალის ჩხირი (ქაღალდის სამაგრი)

ჩელო

  • მარაკა
  • 24" ზომის ჩამოკიდებული ტამტამი, რბილი და მაგარი ჯოხი
  • კონტრაბასის ხემი

უტა შვიმანი ნაწარმოების განხილვისას TelDec-ისთვის წერდა, რომ „ქრამი ღრმა პატივს სცემს ესპანელ მწერალ გარსია ლორკას და მის არაერთ ტექსტზე აქვს დაწერილი მუსიკა. მისი მუსიკის სპირიტუალური ასპექტები განსაკუთრებით თვალშისაცემია. ადრეული პერიოდების მუსიკისადმი მისი ახლო კავშირი კარგად ჩანს გვიანდელ ნამუშევრებში, რომელშიც ტრადიციულ ფორმებს უბრუნდება. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მუსიკალური ციტირებებს, რომლებიც ქრამის სპეციფიკურ სტილშია სახეცვლილი. „შავ ანგელოზებში“ მოცემულ ციტირებათა შორისაა თემა შუბერტის კვარტეტიდან „სიკვდილი და ქალიშვილი“, რომელსაც იგი სრულიად ახალ ხასიათს სძენს. ტერციის ამოღებამ თემა შუასაუკუნეების სეკვენციას დაამსგავსა. სიშორის აკუსტიკურ შთაბეჭდილებასთან შერწყმა ამ პასაჟს ჰაეროვან ხასიათს აძლევს... წინ წამოწეულია სრული აოხრების შეგრძნება, რომელსაც პირველ ვიოლინოში „ელექტრონული მწერების ღამის“ რემინისცენცია აძლიერებს.“[9]

პოპულარულ კულტურაში

რედაქტირება

ნიუ-იორკის სიმებიანი კვერტეტის მიერ შესრულებული „შავი ანგელოზების“ ჩანაწერი (Composers Recordings, Inc.) დეივიდ ბოუიმ თავის 25 ფავორიტ ჩანაწერს შორის დაასახელა.[10] „კრონოსის კვარტეტი“ (Kronos Quartet), რომელიც ახალ მუსიკას ასრულებს, 1973 წელს მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც მევიოლინე დეივიდ ჰარინგტონმა რადიოში „შავი ანგელოზები“ მოისმინა.[11] მისი აზრით, ქრამის ნაწარმოები „რაღაც უცხო, რაღაც საშიში“ იყო და „აბსოლუტურად ზუსტად ის მუსიკა, რაც უნდა დაკრულიყო“.[12] იგი კვრტეტის მიერ სცენაზე შესრულებული ერთ-ერთი პირველი ნაწარმოებიც გახდა.[12] კვარტეტმა ნაწარმოები ჩაწერა და შეიტანა 1990 წლის ალბომში Black Angels, რომელიც მათი მე-11 კომპაქტ-დისკი იყო. „გოდება I: ელექტრონული მწერების ღამე“ საუნდტრეკის სახით გამოყენებულია ფილმში „ეგზორცისტი“,[13] ხოლო „ღმერთის მუსიკა“ მესამე ნაწილიდან (III. Return - God-music) ისმის კარლ სეიგანის სატელევიზიო პროგრამაში „კოსმოსი: პერსონალური მოგზაურობა“ (Cosmos: A Personal Voyage), კერძოდ, მესამე ეპიზოდში, სახელწოდებით „სამყაროთა ჰარმონია“ (The Harmony of the Worlds).[14]

მწერალმა ელიზაბეთ ჰენდმა ბნელი ფენტეზის ჟანრის რომანისთვის „მთვარის გაღვიძება“ (Waking the Moon) თავების სათაურები „შავი ანგელოზებიდან“ აიღო, რაც აღნიშნა კიდეც წიგნის „კოდაში“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Edition Peters, New York, no. 66304, copyright 1971
  2. Kronos Quartet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-07. ციტირების თარიღი: 2016-03-25
  3. 3.0 3.1 3.2 Music as a mirror of history, [videorecording (DVD)] by Greenberg, Robert (b.1954). Date: Chantilly, VA : Teaching Company, [2016]
  4. George Crumb. Black Angels. Liner Notes, page 10. TelDec 9031-76260-2.
  5. 5.0 5.1 5.2 George Crumb. Black Angels. Brodsky Quartet. Liner Notes, page 9. TelDec 9031-76260-2.
  6. 6.0 6.1 George Crumb. Black Angels. Brodsky Quartet. Liner Notes, page 10. TelDec 9031-76260-2.
  7. 7.0 7.1 Victoria Adamenko. "George Crumb's Channels of Mythification". American Music journal, Fall 2005. Page 346.
  8. MTO 18.2: Johnston, George Crumb's Black Angels. ციტირების თარიღი: 2016-03-25
  9. George Crumb. Black Angels. Brodsky Quartet. Liner Notes, page 7. TelDec 9031-76260-2.
  10. Confessions of a Vinyl Junkie. Vanity Fair. ციტირების თარიღი: 21 January 2016.
  11. Elizabeth Farnsworth. (3 December 1998) KRONOS. PBS NewsHour. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მარტი 2000. ციტირების თარიღი: 9 January 2010.
  12. 12.0 12.1 Yaple, Carol. (2008) Four Hundred Candles: The Creation of a Repertoire. Kronos Quartet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-01. ციტირების თარიღი: 2009-01-26. [მკვდარი ბმული]
  13. George Crumb. Internet Movie Database. ციტირების თარიღი: 9 January 2010.
  14. Cosmos: A Personal Voyage. groove.nl. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 სექტემბერი 2011. ციტირების თარიღი: 17 July 2011.