ყოყოჩაანთ საყდარი
ყოყოჩაანთ საყდარი — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნიდან 2-3 კილომეტრზე მთის კალთაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია (6,65 X 5,6 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. აგური კონსტრუქციულ ნაწილებშია გამოყენებული. ძლიერაა დაზიანებული: ლავგრადანი, კამარა, დანგრეულია კედლების ზედა ნაწილები. ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარს შიგნით ხის გადახურვა ჰქონია. გარედან გვერდები და გადახურვა მონგრეული აქვს. აღმოსავლეთით ნახევარ წრიული აფსიდია, რომელშიც შეისრულთაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმელის ორივე მხარეს ერთ დონეზე ორ- ორი შეისრული ნიშაა. სარკმლის ქვემოთ კედელს, რიყის ქვით ნაგები ტრაპეზი ეკვრობა. საკურთხევლის სარკმლის გარდა: დასავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ გაჭრილი თითო სარკმელი აშუქებს. აბსიდი გადახურულია რიყისქვის შერეული წყობით გამოყვანილი კონქით. კონქი მთლიანად აგურისაა. დარბაზის კამარა გვიანდ რემონტის დროს აღუდგენიათ. მისი წყობა ტაძრის სხვა ნაწილების წყობის გან სიტლანქით გამოირჩევა. კამარის საყრდენად დასავლეთ კედელის გასწვრივ გამოყოფილი აგურია კონშტაინებზე დაყრდნობილი საბჯენი თაღი. ფასადებიდან მხოლოდ აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებია მორთული. ორივე ფასადის ფრონტონის არეში აგურის წყობით, შეღრმავებით გამოსახულია თითო ჯვარი. აღმოსავლეთ ჯვარს დიდი, გრძელი განივი კლავები აქვს და თითქმის სამჯერ აღემატება ვერტიკალურ მკლავებს. დასავლეთით ჯვრის ორივე მხარეს ორი რომბისებრი ფიგურაა გამოყვანილი. გარდა ამისა ფასადის მარცხენა არეში თაღოვანი სარკლმის ძირის დონეზე მოწყობილია პატარა სწორკუთხა ნიშა. დასავლეთ მხარეს კარის ღიობი ჩასმულია აგურის წყობის საფეხურით შეღრმავებულ სწორკუთხა არეში. იგი დასრულებულია სამსაფეხურიანი ფრიზით, რომლის ზედა და ქვედა საფეხურები აგურის ხერხულა წყობითაა გამოყვანილი, ხოლო შუა ჩვეულებრივად ნაწყობი აგურის ერთი რიგით. ლავგარდანი მთლიანად ჩამონგრეულია. სავარაუდოდ იგი, ამ პერიოდის ნაგებობების უმრავლესობის მსგავსად, აგურის ხერხულა წყობით იქნებოდა გამოყვანილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 224.