ყვინთია იხვები, ყურყუმელები, შავულები — ფრინველების ტრიბა ბატისნაირთა (ღერღეტისნაირთა) რიგისა. მოიცავს ზომიერ სარტყელში გავრცელებული 2 გვარის (Netta, Aythya) 15 სახეობას, მათ შორის საქართველოში, ჯავახეთის ტბებზე (ბოლო დროს მეტად იშვიათად) - 4: წითელცხვირა ყვინთია იხვი (Netta rufina), წითელთავა ყვინთია იხვი (Aythya ferina), თეთრთვალა ყვინთია იხვი (Aythya nyroca) და ქოჩორა შავულა იხვი (Aythya fuligula). გავრცელებული არიან ზღვის დონიდან 2100 მ-მდე. ბუდობენ ტბისპირა ლერწამ-ლელქაშში, დებენ 7-12 კვერცხს. იკვებებიან წყლის მცენარეულობით, უხერხემლოებით. წითელცხვირა ყვინთია იხვი იშვიათია. ყვინთია იხვის მასა 1 კგ აღწევს. სპორტული ნადირობის ობიექტია.