ყანობილის ნამოსახლარი
ყანობილის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის ტერიტორიაზე. იგი 1972 წელს ობსერვატორიის საბაგირო გზის ქვემო სადგურთან, შემთხვევით იქნა ნაპოვნი გზის გაყვანის დროს. 1973 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ისტორიული გეოგრაფიის ექსპედიციის (ხელმძღვანელი დავით მუსხელიშვილი) აბასთუმნის ჯგუფმა აღნიშნულ ნამოსახლარზე ჩაატარა მცირე მასშტაბის გათხრები, რომლის მიზანი იყო ძეგლის გადარჩენა განადგურებისაგან, მისი საერთო ხასიათის გარკვვა, კულტურული ფენების გავრცელების საზღვრების დადგენა და სტრატიგრაფიის შესწავლა. მდ.ოცხეს მარჯვენა ნაპირას 15 მეტრ სიმაღლეზე მდებარე 1 ჰექტარი ფართობის მქონე ამ ნამოსახლარზე საკონტროლო თხრილის გავლების შედეგად, ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი, ტერასულად განლაგებული, ქვის მშრალიწყობით ნაგები ხუთი სწორკუთხა ფორმის ბანურგადახურვიანი შენობა გამოვლინდა. გზის ჭრილის ჩამოწმენდისას კიდევ ორი შენობის კედლის ნაშთი გამოვლინდა. აქედან მთლიანად მხოლოდ ერთის გათხრა მოხერხდა, მის წითლად შეღებილი იატაკის ცენტრში თიხალესილი კერა დაფიქსირდა. ნამოსახლარზე მოპოვებულია მრავალრიცხოვანი კერამიკული და ოსტეოლოგიური მასალა, ქვისა და ძვლის იარაღები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20050