ყანის ჭლექი (ლათ. Fallopia convolvulus) — ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 10-100 სმ სიმაღლისაა, ხვიარა, იშვიათად – მწოლიარე ან სწორი, დაკუთხულ-დაღარული, ძირიდანვე დატოტვილი. ფოთლები სამკუთხაკვერცხისებურია, საკმაოდ გრძელყუნწიანი. ყვავილები შეკრებილია 3-6 მეჩხერ კენწრულ მტევნებად. ყვავილსაფარი ნახევრამდე ხუთნაკვთიანია, მომწვანო ფერისაა. ნაყოფი სამწახნაგოვანია, შავი, 3-3,5 მმ სიგრძის. იზრდება ნათესებსა და ნაჩხატებში, დანაგვიანებულ ადგილებში, იშვიათად – ბუჩქნარებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს ჩრდილოეთ და ცენტრალურ ევროპას, მცირე აზიას, შუა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას, ირანს.
- სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 626.