ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (ლაგოდეხი)
ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია | |
ეკლესიის ხედი სამხრეთ-დასავლეთიდან | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°49′25″ ჩ. გ. 46°16′31″ ა. გ. / 41.82361° ჩ. გ. 46.27528° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
პროვინცია | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XIX საუკუნე |
ეკლესია XIX საუკუნის ბოლოსაა აგებული რომანულ სტილში. საქართველოს გასაბჭოვების შემდეგ ეკლესიას, სხვა ეკლესიათა მსგავსად, გუმბათები მოანგრიეს, ხოლო თავად ეკლესია ხან კლუბად, ხან საწყობად იყო გამოყენებული. სამნავიანი ბაზილიკაა, გარეთ განზიდული ხუთწახნაგა აფსიდითა და მართკუთხა პასტოფორიუმებით. შესასვლელი სამი აქვს: დასავლეთის, სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლებში. აფსიდა სამი, პასტოფორიუმები თითო, გვერდითა ნავები ორ-ორი, ცენტრალური ნავი კი - 16 ფართო, თაღოვანი სარკმლითაა განათებული. ცენტრალური ნავის სარკმლები მორიგეობით ორ და სამ წყვილადაა განაწილებული აღმოსავლეთის და გრძივ კედლებზე. ცენტრალური ნავის აღმოსავლეთი კედელი ჯვრის ფორმის ფრონტონით სრულდება, რომლებზეც თავის დროს ხახვისებრი ფორმის ცრუ გუმბათები იყო დადგმული. ტაძრის ფასადები გაფორმებულია კართა მოჩარჩოებით, პილასტრებითა და კბილანა არშიებით, რომლებიც საფეხუროვან კარნიზებს და მის ქვედა დონეზე შემოსდევს კედლებს. ცენტრალური ნავი აღმოსავლეთით წახნაგოვანი აფსიდითაა დასრულებული, აფსიდა ორი საფეხურითაა ამაღლებული და სატრიუმფო თაღით დასრულებული. პასტოფორიუმები შიდა კარით საკურთხეველს, ხოლო დასავლეთის კარებით გვერდითა ნავებთანაა დაკავშირებული. ნავები ერთმანეთისგან ორ წყვილ სვეტზე გადაყვანილი სხვადასხვა ზომის თაღითაა გაყოფილი, რომლებიც საფეხუროვან კაპიტელებს ეყრდნობა. ინტერიერი ორ-ორი წყვილი სრული და შეკიდული პილასტრებითაა დანაწევრებული, რომლებიც კაპიტელისებრი თავსართებითაა გაფორმებული. როგორც ცენტრალურ ისე, გვერდითა ნავებს სწორი გადახურვა აქვს. დასავლეთის თაღნარს ქვეშ, ტაძრის მთელს სიგანეზე მასიური პატრონიკეა გაკეთებული, რომელზეც ასასვლელი ტაძრის დასავლეთ კედელზე მიდგმული სამრეკლოდანაა. სამრეკლო სამსართულიანი იყო, მესამე სართული, რომელიც საარქივო მასალის მიხედვით, ფანჩატურს წარმოადგენდა, მორღვეულ იქნა საბჭოთა კავშირის დროს. პირველი სართული კარიბჭეა და აქედანვეა ასასვლელი პატრონიკესა და სამრეკლოს ზედა სართულებზე. მეორე სართული ფართო სარკმლებით განათებული ოთახია. სამრეკლოს ფასადური გაფორმება შედარებით უფრო მდიდრულია. მისი თაღოვანი კარიბჭე აქაც მოჩარჩოებულია. კედლებს კუთხეებში პილასტრები აუყვება. სარკმელთა თაღოვანიგადახურვა საფეხუროვან კაპიტელებს ეყრდნობა და გაფორმებულია შეისრული არკადით. კედლები დასრულებულია კბილანა არშიებით გაფორმებული პილასტრებითა და კარნიზით.
ლიტერატურა
რედაქტირება- დიღმელაშვილი ქ., ყვავაძე დ., ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ისტორიული ძეგლები, თბ., 2021, გვ. 37-39 ISBN 978-9941-8-3699-2