გურანდა ღვალაძე

ქართველი ბოტანიკოსი
(გადამისამართდა გვერდიდან ღვალაძე, გურანდა)

გურანდა ევგენის ასული ღვალაძე (დ. 23 ივნისი, 1932, თბილისი — გ. 24 იანვარი, 2020) — ქართველი ბოტანიკოსი, მცენარეთა ემბრიოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1990), აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (1998), მეცნიერების, საინჟინრო საქმისა და ტექნოლოგიების მსოფლიო აკადემიის (WASET) ნამდვილი წევრი (2008).

გურანდა ღვალაძე
დაბ. თარიღი 23 ივნისი, 1932(1932-06-23)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 24 იანვარი, 2020(2020-01-24) (87 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ბოტანიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი, სამეცნიერო მწერალი და სამეცნიერო მუშაკი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
მეუღლე ზურაბ ურუშაძე
მამა ევგენ ღვალაძე
დედა თამარ ღვალაძე
შვილ(ებ)ი ლევან ურუშაძე

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა თბილისში, ადვოკატის და პუბლიცისტის, 1920-1930-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ცნობილი მოღვაწის ევგენ (გენო) ღვალაძის (1900-1937) და მკვლევარ-ბიბლიოგრაფის თამარ კუცია-ღვალაძის (1902-1986) ოჯახში.

1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1956-1959 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის (ამჟამად ნ. კეცხოველის სახელობისა) ასპირანტი. 1959 წლიდან დღემდე იგი ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას ეწევა აღნიშნულ ინსტიტუტში. 1966-1982 წლებში ღვალაძე იყო ინსტიტუტის კულტურული ფლორის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1982-1990 წლებში ამავე განყოფილების გამგე, ხოლო 1990-2002 წლებში განაგებდა მის მიერვე დაარსებულ მცენარეთა ემბრიოლოგიის განყოფილებას (ამჟამად მცენარეთა რეპროდუქციული კვლევის განყოფილება). 2002-2010 ინსტიტუტის მცენარეთა რეპროდუქციული კვლევის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. 1962 წელს მან წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1974 წელს მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1990 წელს მას მიეკუთვნა პროფესორის სამეცნიერო წოდება.

სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა

რედაქტირება

1956 წლიდან პროფ. ღვალაძე მოღვაწეობს მცენარეთა ემბრიოლოგიის დარგში და ითვლება ამ დარგის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთ ფუძემდებლად. მისი პირველი ნაშრომი გამოქვეყნდა 1959 წელს. ამჟამად იგი არის 180-მდე სამეცნიერო შრომის, მათ შორის 3 მონოგრაფიისა და 2 დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი (30–ზე მეტი ნაშრომი გამოქვეყნებულია საზღვარგარეთ). მას ეკუთვნის ფუძემდებლური გამოკვლევები ფარულთესლოვან მცენარეთა ორმაგი განაყოფიერების, კულტურულ მცენარეთა ციტოგენეტიკის, საქართველოს ენდემურ მცენარეთა ემბრიოლოგიის, ფარულთესლოვან მცენარეთა სტრუქტურულ-ფუნქციური თავისებურებების კვლევის დარგში. ღვალაძე არის საერთაშორისო კოლექტიური მონოგრაფიის "ყვავილოვან მცენარეთა ემბრიოლოგია. ტერმინოლოგია და კონცეფციები" პირველი ტომის (სანქტ–პეტერბურგი, 1994; აშშ, 2000) თანაავტორი. მისი ხელმძღვანელობით დაცულია არაერთი საკანდიდატო დისერტაცია, არის 30-ზე მეტი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციის ოფიციალური ოპონენტი.

გარდა სამეცნიერო მოღვაწეობისა, გურანდა ღვალაძე წლების მანძილზე ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას: იყო საქართველოს ზოოვეტერინარული ინსტიტუტის ბოტანიკის კათედრის პროფესორი. 1980-1986 წლებში ასრულებდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. გარდა ამისა, იგი არის ბიოლოგიაში მე-7 - მე-8 კლასების სასკოლო სახელმძღვანელოების თანაავტორი. მასვე ეკუთვნის 2008 წელს ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის მიერ სტუდენტთათვის გამოცემული სახელმძღვანელო "მცენარეთა გამრავლება".

მცენარეთა ემბრიოლოგიაში შეტანილი დიდი წვლილისათვის 1990 წელს პროფ. ღვალაძე დაჯილდოვდა აკადემიკოს ს. ნავაშინის სახელობის საერთაშორისო მედლით (რომელიც 2008 წლის ოქტომბერში უკან დააბრუნა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისადმი პროტესტის ნიშნად). 2006 წელს საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა (კემბრიჯი, დიდი ბრიტანეთი) იგი შეიყვანა მსოფლიოს გამოჩენილ მეცნიერთა საპატიო სიაში.

ღვალაძე არის არაერთი სამეცნიერო ფორუმის მონაწილე და ორგანიზატორი. იგი იყო აქტიური მონაწილე მცენარეთა ემბრიოლოგიის საერთაშორისო სიმპოზიუმებისა, რომლებიც გაიმართა ინდოეთში, საფრანგეთში (ორჯერ), ჩეხეთში, სლოვაკეთსა და პოლონეთში. გარდა ამისა, რამდენიმეგზის ხანგრძლივი სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტში.

პროფ. ღვალაძე არის მცენარეთა რეპროდუქციული კვლევის საერთაშორისო ასოციაციის (IASPRR, ნიდერლანდები–კანადა) დამფუძნებელი წევრი (1990), მცენარეთა შესახებ ინფორმაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOPI, აშშ) ნამდვილი წევრი (1998), მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ხელშემწყობი ევროპული ასოციაციის - ევრომეცნიერების (ES, საფრანგეთი) წევრი (1998), ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის (ABI) მრჩეველთა სამეცნიერო საბჭოს საპატიო წევრი (1999), აფხაზეთის მეცნიერებათა რეგიონული აკადემიის აკადემიკოსი (1997), საქართველოს ბოტანიკოსთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი და პედაგოგიკის სექციის თავმჯდომარე (1981). მისი სახელი შეტანილია მაქს პლანკის საზოგადოების (გერმანია) გამოჩენილ ბიოლოგთა ნუსხაში და საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრის (კემბრიჯი) რამდენიმე პრესტიჟულ საცნობარო–ენციკლოპედიურ გამოცემაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გ. ნახუცრიშვილი. ბოტანიკა.- ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, თბილისი, 1997, გვ. 470-471.
  • გ. ნახუცრიშვილი. ემბრიოლოგია მცენარეთა.- ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 2, თბილისი, 2013, გვ. 653-654.
  • ლ. ბიწაძე. არდავიწყება მოყვრისა, ქუთაისი, 2004, გვ. 32-33.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება