ქსოვრისის ციხე-დარბაზი

ციხესიმაგრე საქართველოში

ქსოვრისის ციხე-დარბაზი — არქიტექტურული ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის ცენტრში. ძეგლი თარიღდება XVIII საუკუნით.

ციხე-დარბაზის გალავანი, კოშკი, ეკლესია და სასახლე ნაგებია რიყის ქვით, ასევე კონსტრუქციის ადგილებში გამოყენებულია აგური.

გალავანი გეგმით ოთხკუთხაა (30×38 მ). მისი კედლები სამიარუსიანია, მათი საშუალო სისქე 1 მეტრია. პირველი იარუსი ყრუა, ხოლო მეორე და მესამე იარუსებზე სათოფურებია. გალავანი ძლიერაა დაზიანებულია

გალავანზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მიდგმული კოშკი ოთხსართულიანია, ცილინდრული (დიამეტრი 5 მეტრი; სიმაღლე 14 მეტრამდე). კოშკის პირველი და მეორე სართული შიგნითაც ცილინდრულია, ხოლო მესამე — კვადრატული. პირველ სართულში შესასვლელი ეზოდანაა. ამ სართულის კედლებში სამეურნეო დანიშნულების 4 ნიშია. იქვეა ჭა. მეორე და მესამე სართულზე თითო ბუხარი და რამდენიმე ცალმაგი და ორმაგი სათოფურია. სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა (არ შემორჩენილა).

ციხე-დარბაზის ეკლესია დარბაზულია (9,8×6,2 მეტრი), დგას გალავნის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში. ეკლესიას დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით თითო შესასვლელი აქვს. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია. ეკლესიის დასავლეთის კედელში ერთი სარკმელია (სამხრეთ სარკმელი გვიანდელია). დარბაზი გადახურულია საბჯენ თაღზე დამყარებული შეისრული კამარით.

ფასადებზე (გარდა დასავლეთისა), სწორკუთხედებში ჩასმულია შეისრული დეკორატიული თაღები. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადზე აგურის წყობით გამოყვანილია თითო ჩაღრმავებული ჯვარი. ამავე ფასადებზე შემორჩენილი სამშენებლო მხედრული წარწერის თანახმად, ეკლესია აუგიათ 1712 წელს, რატიშვილ ზურაბს და მის მეუღლეს სოლოღაშვილის ასულს ანას.

ციხე-დარბაზის თავდაპირველი სასახლიდან აღარაფერია შემორჩენილი. ნანგრევებზე, სამხრეთით, მიდგმული სასახლე XIX საუკუნისაა და მრავალჯერაა გადაკეთებული.

ლიტერატურა

რედაქტირება