ქრონოგრაფი (ხელსაწყო)
ქრონოგრაფი (ძვ. ბერძნ. χρονος — „დრო“ და γραφω — „ვწერ“) — დროის უმცირესი მონაკვეთების გასაზომი ან ამა თუ იმ მოვლენის დროის ცალკეული მომენტების სარეგისტრაციო ხელსაწყო. რეგისტრაციის პრინციპის მიხედვით ქრონოგრაფი არის თვითმწერი, მბეჭდავი და გადამღები. დღესდღეობით ქრონოგრაფების ხელსაწყოები აუცილებელ შემოწმებას გადიან ქრორონგრაფების გამოსაცდელ ინსტიტუტ COSC-ში[1].
თვითმწერი ქრონოგრაფი შედგება ლენტსაწევი და მარეგისტრირებელი მექანიზმისაგან. ლენტსაწევი მექანიზმი მოძრაობს ზამბარით. იგი აღჭურვილია რეგულატორით, რომელიც თანაბრად ამოძრავებს ქაღალდის ლენტს, შერთვის ან განრთვის მომენტების აღსანიშნავად ლენტის ზემოთ მოთავსებულია თვითმწერი კალმები ან მჩხვლეტი ნემსები. მელნიანი კალმები ოდნავ ეხება ქაღალდის ლენტს და ტოვებს სწორხაზოვან კვალს. ყოველი კალამი ან ნემსი მოთავსებულია ბერკეტის ერთ ბოლოზე, რომლის საწინააღმდეგო ბოლო ეხება ელექტრომაგნიტს. ელექტროწრედის შერთვისას ელექტრომაგნიტი იზიდავს კალმის ბერკეტის ბოლოს, ხოლო განრთვისას ზამბარა ბერკეტს უბრუნებს პირვანდელ მდგომარეობას. ამგვარად აღინიშნება წრედის შერთვისა და განრთვის მომენტები ტეხილი ხაზებით. ჩვეულებრივად ერთი კალამი ჩართულია საათთან ან ქრონომეტრთან, რომლითაც მიიღება ზუსტი დროის საყრდენი ჩანახაზი, მეორე კალმით კი აღინიშნება რომელიმე მოვლენის მომენტი. სათანადო გაზომვების ჩატარების შედეგად შეიძლება დადგინდეს მოვლენის ზუსტი დრო. თვითმწერი ქრონომეტრის საშუალებით კვადრატულიი ცთომილება დაახლოებით 0,01-0,02 წამია.
მბეჭდავი ქრონოგრაფის ძირითადი ნაწილია სამი დისკო, რომელთა დანიშნულება წუთების, წამებისა და წამის მეასედების რეგისტრირებაა. დისკოები ერთმანეთთან დაკავშირებულია პლანეტარული გადამცემებით, რომლებიც მოძრაობენ სინქრონული ძრავის რედუქტორით. ძრავა იკვებება კვარციანი გენერატორით, რომელიც იძლევა სტაბილურ დენს და უზრუნველყოფს ძრავას თანაბარ მოძრაობას დიდი სიზუსტით. წამის მეასედების მარეგისტრირებელი დისკო ერთ ბრუნს აკეთებს ერთ წამში. წამებისა და წუთების მარეგისტრირებელი დისკოები შესაბამისად — 1 წუთში და 1 საათში. წამისა და წუთის დისკოებს აქვთ ამოზნექილი რიცხვები 0-დან 59-მდე, წამის მეასედის მარეგისტრირებელ დისკოს კი — 0-დან 99-მდე. ყოველი რიცხვის შემდეგ ხაზებია. დისკოების ქვეშ მოთავსებულია საბეჭდი მანქანის ლენტი. ქრონოგრაფის შესასვლელ რელეში იმპულსის მიღებისას ქრონოგრაფის დარტყმამ მექანიზმში წრედი იკვრება და ჩაქუჩი სწრაფად და მკვეთრად ეცემა ლენტს, რომელზედაც მიიღება სათანადო წარწერები. მათი საშუალებით კი შეიძლება ანთვლის განსაზღვრა 0,001 წმ სიზუსტით. ასეთი ქრონოგრაფის საშუალებით საშუალო კვადრატული ცთომილება დაახლოებით 0,005 წამია.
გადამღებ ქრონოგრაფში საბეჭდი მოწყობილობა შეცვლილია ფოტოკამერით. მოძრავი დისკოების მყისიერი სურათი მაჩვენებელ ნიშანთან ერთად მიიღება ნეონის ნათურის უეცარი ანთებით. ასეთი მექანიზმი თითქმის ინერციის გარეშე მუშაობს, ამიტომ მისი სიზუსტე უფრო მეტია, ვიდრე მბეჭდავი ქრონოგრაფისა.
არსებობენ ქრონოგრაფები, რომლებიც უზრუნველყოფენ 0,001 წამს და უფრო მეტ სიზუსტეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- კვირკველია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 560.
- Блажко С. Н. Курс практической астрономии, 4 изд., М., 1979.