ქრისტოდულე ფილოსოფოსი
ქრისტოდულე ფილოსოფოსი – ქართველი მართლმადიდებელი წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 18 აგვისტო, ახალი სტილით - 31 აგვისტო.
ცხოვრება
რედაქტირებაღირსი მამა ქრისტოდულე ფილოსოფოსი XII საუკუნის იმ წმინდა მამათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა ცხოვრებამ და მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ეკლესიისა და ერის ისტორიაში.
ცნობილი საეკლესიო მწერლისა და ფილოსოფოსის, არსენ ვაჩეს ძის „დოგმატიკონში“ გვხვდება ერთი ანტიმაჰმადიანური საპოლემიკო თხზულება, რომელსაც ასეთი სათაური აქვს: „ჴსენებაჲ სიტყვისგებისაჲ და სასჯელისაჲ სჯულისათჳს ქრისტიანეთაჲსა და სარკინოზთა“. აქ მოთხრობილ ამბავს ავსებს იოანე ბატონიშვილის „კალმასობა“, რომელშიც გვაქვს ცნობები „მამისა ქრისტოდულე ოსად წოდებულისათჳს“.
ამ ცნობების მიხედვით, მამა ქრისტოდულე იყო მონაზონი, წარჩინებულთაგან და კეთილშობილთა ძირთაგან აღმოსრული. ქრიტოდულე ფილოსოფოსი ყოფილა, წმინდა წერილში ღრმად ჩახედული, არაბულ და სპარსულ ენებში განსწავლული და ყურანის მცოდნე.
როცა საქართველოში სპარსთა ხელმწიფე იამამე შემოიჭრა, თბილისში იგი უომრად შემოუშვეს, რისთვისაც უსჯულო მეფე მათ კეთილად მოექცა და „მრავალთა მიანიჭა საბოძვარნი“.
ერთხელ იამამემ შეკრიბა ქართველნი და სარკინოზნი. მათ შორის იყო ქართველი ბერი ქრისტოდულეც. მასა და სარკინოზებს შორის ამ კრებაზე პაექრობა გაიმართა. ბერს შეეკამათა ჯერ თვით იამამე ხელმწიფე, რომელიც ძლეულ იქნა, შემდეგ მას შეენაცვლა ვინმე მოგვი, ვარსკვლავთმრიცხველი. ისიც რომ ვერას გახდა, მოუწოდეს „კაცსა ვისმე მოძღუარსა და სიტყჳს მეცნიერად საგონებელსა“, რომელიც თითქოს უფრო მომზადებული იყო საპაექროდ. კამათი წარმოებდა შემდეგი საკითხების ირგვლივ: აზრი და მნიშვნელობა ქრისტიანთა ბერმონაზვნობისა; იესო ქრისტეს ღვთაება და განხორციელება; არის თუ არა მუჰამედი ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი. ბერს თავისი არგუმენტები მოჰყავდა როგორც საღვთო წერილიდან, ისე ყურანიდან. მან სძლია მეტოქეებს, რომელნიც „შეკდიმებულ და სირცხვილეულ“ დარჩნენ.
მიტროპოლიტი ტიმოთე გაბაშვილი თავის „მიმოსვლაში“ აღწერს ათონის მთაზე მოგზაურობას, მოიხსენიებს იქ მოღვაწე მამებს და წერს:
სავარაუდოა, რომ საქართველოში მოღვაწე ბერი შემდგომ ათონს გაემგზავრა, ქართველთა მონასტერში და აღესრულა კუნძულ პატმოსზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- „ქართველი წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.