ქისი

(გადამისამართდა გვერდიდან ქისი (ყურძენი))

ქისიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

მას რქაწითელსა და მწვანეს შორის შუალედური ადგილი უჭირავს. ვაზის საერთო შეხედულებით, ფოთლის ფორმითა და მისი ფირფიტის მოხაზულობით რქაწითელს ჰგავს, ხოლო მარცვლების შეფერვით და ძლიერი ჯიშური არომატით — მწვანეს. დანარჩენი ნიშნებითაც ქისს შუალედური ადგილი უჭირავს ნახსენებ ჯიშებს შორის. ღვინის ხარისხით ქისი რქაწითელს არ ჩამოუვარდება, ხოლო ზოგიერთ წლებში მწვანესაც კი უსწრებს.

ამჟამად ქისი გავრცელებულია კახეთში, ძირითადად ახმეტის, თელავის, ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში რქაწითელისა და მწვანეს ვენახებში შენარევების და იშვიათად წმინდა ნარგავების სახით. მას სოფელ ქისტაურში შეცდომით „წობენურას“ ეძახიან, ხოლო ხოდაშენში „დამპალას“.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური,სამ-ხუთნაკვთიანი.ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია საშალო აბლაბუდისებრი და მის ქვეშ მოფენილი საშუალო სიხშირის ჯაგრისებრი შებუსვით.ყვავილი ორსქესიანია.მტევანი საშუაოზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ ფრთიანი. ფრთის სიგრძე ხანდახან მტევნის ნახევარს აღწევს. საშუალო სიკუმსისაა, იშვიათად გვხვდება როგორც თხელი, ისე კუმსი მტევნებიც. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური, ზოგჯერ მომრგვალო. სრულ სიმწიფეში მომწვანო-ყვითელია. მონაცრისფრო ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. მზის მხარეზე მარცვლებს უჩნდება ყავისფერი ლაქები. კანი თხელი და ნაკლებმკვრივია. რბილობი საშუალოდ წვნიანი, მდნარი. გემო სასიამოვნო და ჰარმონიული აქვს, კარგად გამოხატული ჯიშური არომატით.

ქისი საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 152 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის შუა რიცხვებში შედის. მტევნის საშუალო წონა 170-180 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-24%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6-8.5 გ/ლ-ს.

ქისი მაღალხარისხიანი საღვინე ჯიშია. კარგად გამოხატული არომატით, ნაზი და სასიამოვნო. გემო სრული და ჰარმონიული აქვს. კახური წესით დაყენებული ღვინო უფრო მაღალი ღირსებისაა — მუქი ჩალისფერი, კარგად გამოხატული ხილის სასიამოვნო არომატით, ნაზი, სრული, შინაარსიანი, ჰარმონიული და ხავერდოვანი გემოთი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ცერცვაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 537.
  • ხარბედია მ., „ქართული ღვინის გზამკვლევი“, გვ. 51-52, თბ., 2013
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 381-382
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ქისი&oldid=4466429“-დან