ქვემო ხოდაშნის წმინდა გიორგის ეკლესია

ქვემო ხოდაშნის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სოფელ ქვემო ხოდაშენში. მდებარეობს გურჯაან-თელავის საავტომობილო გზიდან სამხრეთით, დაახლოებით 2 კილომეტრის დაშორებით, დოლიაურისხევის დამრეც ფერდობზე, სასაფლაოზე. თარიღდება XVI-XVII საუკუნეების მიჯნით. XIX საუკუნის მიწურულში იგი შეუკეთებიათ და დასავლეთ ფრონტონის წვერზე სამრეკლო დაუშენებიათ. XX საუკუნის მეორე ნახევარში ადგილობრივმა მოსახლეობამ, საკუთარი ინიციატივით, ბაზალტის უზარმაზარი ფილებით გაამაგრა ეკლესიაში შესასვლელი კარი და დასავლეთ ფრონტონი.

ეკლესია დარბაზულია, უაფსიდო, ნაგებია სხვადასხვა ზომის, რიყის ქვით კირის ხსნარზე. დარბაზის გეგმა კვადრატს უახლოვდება. საკურთხეველს ტაძრის მთელი სივრცის დაახლოებით მესამედი უჭირავს. საკურთხეველში, სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლების აღმოსავლეთ კიდეში, თითო, მცირე, სწორკუთხა ნიშაა. საკურთხეველი გადახურულია კონქით, რომლის ნახევარწრიულ საფუძველზე გადასვლა, საკურთხევლის კუთხეებში განლაგებული ტრომპების საშუალებით ხდება. ერთადერთი, სწორკუთხა შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან აქვს. კარის ზღურბლი მიწის დონიდან დაახლოებით 70 სანტიმეტრის სიღრმეზეა. აქედან კი, კიდევ ერთი საფეხურია ეკლესიის იატაკის დონემდე. შიგნიდან შესასვლელი მოზრდილი, ბრტყელი ქვითაა გადახურული, ეკლესიის იატაკი არაერთგვაროვანია, ზოგან ის ქვითაა გაწყობილი, ხოლო დანარჩენი მოლესილია კირხსნარით.

აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებში გაჭრილია თითო, მცირე ზომის, თარაზულად გადახურული სარკმელი, რომლებიც ზემოთკენ თანდათან ვიწროვდება. ორივე სარკმლის ღიობი რიყის ქვითაა გამოყვანილი. აღმოსავლეთ სარკმლის ქვემოთ, კედელს, რიყის ქვით ნაგები, კუბური ფორმის ტრაპეზი ეკვრის, შიგნით კედლები უხარისხოდაა გალესილი. ნალესობის დიდი ნაწილი ჩამოშლილია.

ეკლესიის ფასადები სადაა, აღმოსავლეთის ფრონტონის წვერში ჩასნულია სამკუთხა ფორმის, შირიმის ქვა, რომელზედაც ჯვარია გამოკვეთილი. ლავგარდანი ჩამოშლილია იგი შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთ ფასადზე და შირიმის, მარტივ თაროს წარმოადგენს. დასავლეთ ფრონტონის წვერზე დადგმულია აგურითა და რიყის ქვით ნაგები, ერთთაღიანი სამრეკლო.

რესტავრაცია

რედაქტირება

2011 წელს საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით, ეკლესიას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები (რეაბილიტაციის პროექტის ავტორი, არქიტექტორი ნ. ყანჩელი). გარედან ეკლესიის კედლები გაიწმინდა ნატარი მიწისგან, აღდგა კედლების ზედა ნაწილები და ლავგარდანი. ეკლესია გადაიხურა ღარისებრი კრამიტით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 13570