ქვემო ხოდაშნის ლაშარის ეკლესია
ქვემო ხოდაშნის ლაშარის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სოფელ ქვემო ხოდაშნის მაღლა ხუთასიოდე მეტრის მანძილზე, სამების ეკლესიისაკენ მიმავალი გზის პირას, ყოფილ სასაფლაოზე. თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია, მცირე ზომის (6,15 მ - 4,5 მ). ნაშენია სხვადასხვა ზომის წყობა ირეგულარულია. შენობას ორი შესასვლელი აქვს - სამხრეთით და დასავლეთით. სამხრეთით კარი შიგნიდან სწორკუთხა, ხის ძვლებით ბრტყლად გადახურული. გარედან კი ორსაფეხურიანი თაღი აქვს. თაღის ორივე საფეხური რიყის, თხელი ქვებითაა გამოყვანილი. დასავლეთ კარი შიგნიდან სამხრეთის მსგავსია, გარედან კი — თაღოვანი. კარის გარეთა ღიობი შირიმის მოზრდილ, სწორკუთხა ქვაშია გამოკვეთილი. საკუთრივ ღიობი ჩასმულია ქვის ზედაპირის ამოკვეთით გამოყვანილ, სწორკუთხა არეში, რომელსაც ვიწრო ღარი ავს შემოვლებული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე ვიწრო, პარალელწირთხლებიანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ჰორიზონტალური ძირი და დეფორმირებული ნალის ფორმის თაღი აქვს, რომელიც მთლიანად კონქის არეშია მოქცეული სმენადობის ხარისხის გაზრდის მიზნით, სარკმლის ორივე მხარეს, კონქის ქუსლის დონეზე. თითო კვადრატული ხვრელია მოწყობილი. აფსიდში, ოდნავ შემაღლებული პროპორციის მქონე, სწორკუთხა ნიშა ჩრდილოეთ კედელშიცაა. სარკმლის ქვემოთ, კედელს ეკვრის რიყის ქვით ნაგები მოზრდილი, ოთხკუთხა ტრაპეზი. კიდევ ერთი მცირე სწორკუთხა სარკმელი ეკლესიის დასავლეთ კედელშიცაა. დარბაზი ნახევარცილინდრული კამარითაა გადახურული. დარბაზის გრძივი კედლები და კამარა, მარტივი პილასტრების წყვილითა და მათზე დაყრდნობილი თაღით ორ, თანაბარ ნაწილად იყოფა.
ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. შენობის ფასადებს ნათლად ეტყობა გვიანდელი შეკეთების კვალი: შევსებულია საფასადო სიბრტყეების დაკარგული ნაწილები, სახურავი, ზემოდან დასხმული დუღაბის ფენით, რამდენადმე ამაღლებულია. ეკლესიის შეკეთების დროინდელია დასავლეთ კედელზე დადგმული, ხუთი, თაღოვანი ღიობის მქონე, ცილინდრული ფორმის სამრეკლო, რომელიც მთლიანად აგურითაა ნაგები. სამრეკლო თითოეული ღიობის თავზე, გამოყვანილია რელიეფური, ნახევარწრიული თაღი. თაღები ბოლოებით ებმის ერთმანეთს და ერთ, უწყვეტ ზოლს ქმნის. თაღების ზემოთ სამრეკლო თანდათან ვიწროვდება და დასრულებულია დაბალი, ორსაფეხურიანი ლავგარდნით. გადახურულია აგურისავე, კონუსური ფორმის სახურავით. ეკლესიის გარშემო საფლავის ქვებია. 2007 წელს სოფლის ერთ-ერთ მაცხოვრებელს ეკლესია თვითნებურად შეუკეთებია, რომლის შედეგადაც ძეგლს თავდაპირველი სახე დაკარგული აქვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 357.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 12287