ქეთევან ერემაძე
ქეთევან ერემაძე (დ. 14 თებერვალი, 1975 წელი, თბილისი) — ქართველი იურისტი, სამართლის პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.[1]
ქეთევან ერემაძე | |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2006 – 2016 | |
დაბადებული | 14 თებერვალი, 1975 თბილისი |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პროფესია | იურისტი, პროფესორი |
ქეთევან ერემაძემ 1998 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2003 წელს ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურა საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით. 2003 წელს მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი (სამართლის დოქტორის ხარისხი), დისერტაციისთვის თემაზე: „საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა ურთიერთდამოკიდებულების პრობლემები საქართველოში“. 2006-2007 წლებში იყო ავსტრიის აკადემიური გაცვლის პროგრამის სტიპენდიატი, ვენის უნივერსიტეტის კონსტიტუციური და ადმინისტრაციული სამართლის ინსტიტუტში, აწარმოებდა სამეცნიერო კვლევას თემაზე: „სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის პრობლემები“.[1]
1998-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სხვადასხვა პოზიციაზე: წამყვან სპეციალისტად (1998-1999 წლებში); საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მრჩევლად (1999-2001 წლებში); საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწედ (2001-2005 წლებში); საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის უფროსად (2005-2006წ წლებში).[1]
2006 წელს საქართველოს პარლამენტმა აირჩია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ (2006-2016 წ). იმავდროულად, იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი.[1]
2005 წლიდან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას: 2005-2014 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი; 2010-2011 წლებში – თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2014 წლიდან – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2017 წლის 1 მარტიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. 2018 წლის 8 ოქტომბრიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.[1]
2008-2016 წლებში კითხულობდა ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ერთობლივად ორგანიზებულ საზაფხულო სკოლის ფარგლებში ადამიანის უფლებათა სამართალში.[1]
2018 წელს ქეთევან ერემაძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაინიშნა საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის თავმჯდომარედ.[1]
ქეთევან ერემაძე არის სამი წიგნის, 12 სტატიის ავტორი, საკონსტიტუციო სამართალში ორი სახელმძღვანელოს თანაავტორი, სამი წიგნის სამეცნიერო რედაქტორი.[1]