ქართული ხალხური სანახაობები თბილისში
თბილისი მდიდარია ქართული სანახაობითი კულტურის მრავალსახოვანი ფორმებით. აქ თავს იყრიდა თითქმის ყველა სანახაობა, განსაკუთრებით ძლიერი იყო ფოლკროლური ნაკადი, რომელიც არსებითად განსაზღვრავდა თეატრალური სანახობითი კულტურის ხასიათს XVIII საუკუნემდე. თუმცა არც შემდეგ შეწყვეტილა მისი განვითარება, ხოლო XIX საუკუნეში იგი უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა.
საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში, რომელშიც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა დედაქალაქის განთავისუფლებას, გარკვეულ როლს ასრულებდა სანახაობითი კულტურაც. ერთ-ერთი ასეთი სანახაობა გაიმართა როცა თბილისი ბაგრატ IV-ს ეგებებოდა. მოედანზე მოეწყო ხალხის გრანდიოზული შეხვედრა მეფესთან. მთელი რიტუალი მეფის შემოსვლისა, ვიდრე ჩააბარეს „კლიტენი ქალაქისანი“, მდიდარია სანახაობის სხვადასხვა ფორმებით. თავად სისტემა, წყობა მეფის ქალაქში მობრძანებისა თავისი კომპოზიციით, გარკვეულ რეჟისორულ გადაწყვეტას გულისხმობდა. ქალაქის მისასვლელიდან ქალაქამდე, სადაც მეფეს უნდა გაევლო, გზაზე იქით და აქეთ სანახაობანი იყო გამართული — დაკვრა-სიმღერებით, ცეკვა-თამაშით.
ხალხური სანახაობითი კულტურის ფორმათა მრავალსახეობიდან, რომელიც თბილისში იმართებოდა, იყო ჩრდილების, გამოცანების, პანტომიმის, კუკების თეატრები. პოპულარობით სარგებლობდა რელიგიურ-საკულტო და საერთო ხასიათის სანახაობანი, რომლებიც ხშირად ერთმანეთში იყო შერწყმული.
ძველი ნიღბების საიმპროვიზაციო თეატრალური სანახაობანი დიდი წარმატებით იმართებოდა ღია ცის ქვეშ, სადაც მრავალი მოქალაქე მონაწილეობდა. ამ მხრივ გამოირჩეოდა ბერიკაობა და ყეენობა. კარგად ორგანიზებულ ამ სანახაობებს თავიანთი წინამძღვები ყავდათ, რომლებიც ერთგვარ რეჟისორულ ფუნქსიასაც ასრულებდნენ. ხალხური საიმპროვიზაციო თეატრალური სანახაობის ეს ფორმები ყველაზე მეტად გამოიკვეტა საუკუნეთა მანძილზე, როგორც მაღალი კლასის ხალხური თეატრი. ხალხურ სანახაობათა მრავალი ფორმა, ოლიმპიადების, თბილისური დღესასწაულების, ფესტივალებისა თუ სხვა ღონისძიებების პირობებში შესანიშნავად ავლენენ თავიანთ პირველქმნილ საწყისებს. წარსულში ხალხური სანახობანი მიმართული იყო დამპყრობთა, ადგილობრივ მოძალადეთა წინააღმდენ. XX საუკუნის 20-იან წლების შემდეგ კი სანახაობანი გარკვეულ იდეოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა, მაგრამ ამგვარ პირობებშიც კი, არ მცირდებოდა სანახაობათა მასშტაბები და ფორმები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 891, ISBN 99928-20-32-2.