ქართლის ერისმთავრის დრაქმები

ქართლის ერისმთავრის დრაქმებიVI საუკუნის დასასრულსა და VII საუკუნის დასაწყისში ქართლში მოჭრილი სასანური ტიპის ვერცხლის მონეტები. ცნობილია ქართულ-სასანური მონეტების სახელითაც.

ქართულ-სასანური მონეტა: გურგენი

ნაპოვნია ოცდაათიოდე ცალი. მასა 2,5-3,5 გ შორის მერყეობს. ქართლის ერისმთავრის დრაქმები სასანიანთა ირანის მმართველების ჰორმიზდ IV-ისა (579-590) და ხოსრო II-ის (590/591-628) მონეტების იმიტაციაა. შუბლზე გამოსახულია მარჯვნივ მიბრუნებული ჰორმიზდ IV ან ხოსრო II და სათანადო ფალაური წარწერა, ცეცხლთაყვანისმცემელთა ემბლემა (საკურთხეველზე წმინდა ცეცხლი, რომელსაც 2 შეიარაღებული მცველი დარაჯობს) და შესაბამისი ფალაური წარწერა.

ქართულ-სასანურ მონეტებში გამოიყოფა 3 ჯგუფი:

  1. ანონიმური მონეტები, რომელთა შუბლზე სასანიანთა მმართველის ბიუსტის გვერდით ან ზურგზე წმინდა ცეცხლის ნაცვლად გამოხატულია ქრისტიანული სიმბოლო — ჯვარი.
  2. მონეტები, რომელთა შუბლზე ქართლის ერისმთავართა სახელები დაქარაგმებულია ქართული ასომთავრულით ან ამ ასოების ლიგატურით, მაგრამ ზურგზე მაინც შენარჩუნებულია ცეცხლთაყვანისმცემელთა ემბლემა. ამ ჯგუფის დრაქმებზე ამოკვეთილია ორი ქართული ასო ႢႬ (გნ), ე. ი. გურგენი (სავარაუდოდ, გუარამი).
  3. მონეტები, რომლების შუბლზეც ვრცელი ქარაგმით ან სრულად წერია ქართლის ერისმთავრის სტეფანოზის სახელი, ხოლო ზურგზე წმინდა ცეცხლის ნაცვლად საკურთხეველზე ჯვარია გამოხატული. ამ მონეტებს ჭრიდნენ 593/595-600/702 წლებში. სავარაუდოა, რომ დრაქმა, რომელზედაც სტეფანოზის სახელი სრულადაა მოცემული, მოიჭრა მას შემდეგ, რაც ქართლმა დამოუკიდებლობა მოიპოვა.

ლიტერატურა

რედაქტირება