ქანწილი
ქანწილი, იგივე წილქანი — ჯვრის ფორმის პირობითი ნიშანი ქართულ ხელნაწერებში, რომელიც დაისმოდა ტექსტის დასაწყისში. მონოგრამა მიღებულია ქართული ასომთავრული „Ⴕ“ და „Ⴜ“ ასოების გრაფიკული შეერთების შედეგად. ხელნაწერებში გვხვდება რამდენიმე სახესხვაობით, რომელთაგანაც ყველაზე გავრცელებულია: ⳩ და . ამგვარი ნიშნები გავრცელებული იყო როგორც ქართულ ხელნაწერებში, ისე — მთელ ქრისტიანულ სამყაროში. ქანწილის პირველი გამოყენების ფაქტი დასტურდება სინურ მრავალთავში (864 წელი) და აქედან მოყოლებული თითქმის ყველა ოთხთავში გამოიყენება. გვხვდება როგორც ტექსტის დასაწყისში, ისე ტექსტის შიგნით, ცალკეული მუხლების გამოსაყოფად. ტრადიციულად, შესრულებულია სინგურით. იწერება ტექსტის მარცხენა კიდეზე, ზოგჯერ შეიძლება საზედაო ასოს თავზე იყოს მოთავსებული[1]. ქანწილი ოთხთავის ხელნაწერებში საკითხავების დასაწყისებს აღნიშნავს. თვეების მიხედვით განლაგებული საკითხავები ოთხთავს ბოლოს აქვს დართული. ტექსტი მუხლებად არის დაყოფილი და საკითხავის მოძებნა შეიძლება მუხლის რიცხვის საშუალებით. ამასთან, მკითხველის თვალსაჩინოებისათვის გადამწერი საკითხავთან ნიშანსაც სვამდა. ქართულ ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერების მიხედვით ნიშანს ქანწილი ეწოდება. ტერმინი „ქანწილი“, ან „წილქანი“, როგორც მოხსენიებულია ხელნაწერში A-38, წერილობით ძეგლებში X საუკუნიდან გვხვდება. უფრო მოგვიანებით მას „ჯვარსაც“ უწოდებენ:
„ზანდუკი საწელიწდოჲ გამოკრებული სახარებისაჲ, საძიებელი ესრედ სახედ. სადაცა წითელი ჯუარი ჯდეს ესეთი , მუნ სახარებისა თავი არს და სადაცა ჯუარვარსკულავი ჯდეს ესრეთი > სახარებისა ბოლოჲ არს...[2]“
ქანწილი, როგორც ჩანს, ბერძნულის გავლენით გავრცელდა სხვადასხვა ქრისტიანულ კულტურებში. იგი დასაწყისის აღსანიშნავად დადასტურდა კოპტურსა და ძველ ბულგარულ წარწერებში. ასევე, ქართულშიც ბერძნულის საფუძველზე დამკვიდრდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯავახიშვილი ივ., ქართული პალეოგრაფია, 1949, გვ. 147
- ჟორდანია თ., ქრონიკები I, 1892, გვ. 94
- Гранстрем Е.,О происхождении глаголической азбуки, Труды отдела древнерусской литературы, институтрусской литературы, XI, М. 1955
- Groningen B., Short Manual of Greek Paleography, 2-nd edition, Leiden, 1955