ფხოველის ცხენიჭამიას ეკლესია
ფხოველის ცხენიჭამიას ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხოველის აღმოსავლეთით 1 კილომეტრზე, ტყეში, ცხენიჭამიად წოდებულ ადგილას. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია (5X3,5 მეტრზე). თითქმის მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილი კედლები დაახლოებით 1,5-2 მეტრ სიმაღლეზე დგას; ინტერიერი 1-1,5 მეტრ სიმაღლეზე ამოვსებულია მიწითა და ქვებით. ეკლესიის შიგნით ხეებია ამოსული.
შენობა ნაგები ყოფილა საშუალ ზომის რიყის ქვითა და აგურით. ეს უკანასკნელი, როგორც ჩანს, მოგვიანებით გამოუყენებიათ ეკლესიის აღდგენისას.
ერთადერთი შესასვლელი ეკლესიის დასავლეთიდან ჰქონია (შემორჩენილია კარის სამხრეთი წირთხლი საურდულე ხვრელით). აღმოსავლეთით ეკლესია დასრულებული ყოფილა ნახევარწრიული აფსიდით (შემორჩენილია გვერდების მცირე ნაწილები), რომლის ჩრდილოეთ გვერდში ერთი თაღოვანი ნიშაა. გრძივ კედლებზე შემორჩენილია აგურით ნაწყობი კამარის ქუსლის ნაშთები.
ლიტერატურა
რედაქტირება- მარკოზაშვილი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 201-202.