ფშაველის ციხე-გალავნის კომპლექსი

ფშაველის ციხე-გალავნის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი სოფელ ფშაველის შუაგულში, თარიღდება XVIII საუკუნის II ნახევრით. ციხის შესახებ ისტორიულ წყაროებში ცნობები არ შემონახულა. იგი ე. წ. ციხე-გალავნების ტიპს მიეკუთვნება და მათ შორის მცირე ზომებითაა გამორჩეული.

ციხე მთლიანად რიყის ქვითა ნაგები. მისი გეგმა კვადრატს მიახლოებული სწორკუთხედია, რომლის ყოველ კუთხეში ცილინდრული კოშკია დადგმული ისე, რომ ისინი, თითქმის მთლიანად, გალავნის ფარგლებს გარეთ არის მოქცეული. ციხის კედლები ძლიერ დაზიანებულია. მათი სიმაღლე ოთხ მეტრს არ აღემატება. კედლები ორიარუსიანი. ქვედა ნაწილი, ჩვეულებისამებრ, აქაც ყრუა, ზედა კი — საბრძოლო და ორრიგად განლაგებული, ცალმაგი სათოფურებითაა აღჭურვილი. შიგნიდან კედლის ზედა ნაწილი ქვედასთან შედარებით, ოდნავ უფრო თხელია, რომლის მეშვეობით მათ საზღვარზე ხის, საბრძოლო ბილიკი იყო მოწყობილი. ქვედა რიგში განლაგებული სათოფურები მაღალია და მიწისკენაა დახრილი, ზედა რიგის სათოფურები თითქმის კვადრატულია — ჰორიზონტალური კედლები ქონგურების გარეშეა და თავი გადამრგვალებული აქვს. ციხეს ერთადერთი, ნახევარწრიულთაღოვანი შესასვლელი შემორჩა, იგი დასავლეთ კედლის შუაშია მოწყობილი. კოშკები მეტ-ნაკლებად დაზიანებულია. ყველა მათგანს ზედა ნაწილი მონგრეული აქვს, რის გამოც მათი სართულიანობა არ ირკვევა.

კოშკები დაახლოებით ორი სართულის სიმაღლეზეა შემორჩენილი და არქიტექტურული გადაწყვეტით ერთმანეთის მსგავსია. პირველ და მეორე სართულებს, ეზოს მხრიდან, ცალ-ცალკე შესასვლელი აქვს. პირველი სართულის კედელი ყრუა, მეორე სართულის კედელში კი ცალმაგი და ორმაგი სათოფურებია მოწყობილი. მათი ნაწილი დახრილია ნაწილი _ პირდაპირი შესასვლელები ხის ძელებით თარაზულად იყო გადახურული. ციხის ტერიტორიაზე თავდაპირველად ნაგებობების კვალი არ ჩანს. XIX საუკუნეში, ეზოს შუა ნაწილში, აუგიათ წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესია მომდევნო ხანებში კი, მისთვის დასავლეთიდან სამსართულიანი სამრეკლო უდგავთ. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, შვერილი, ნახევარწრიული მოხაზულობის აფსიდით, რომლის კედელი ძირითადი კორპუსის გრძივი კედლების ხაზზეა და მათგან, ჩვეულებისამებრ, მხრებით არ გამოიყოფა საშენი მასალა ორგვარია რიყის ქვა და კვადრატული აგური. შენობის გარეთა კედლები რიყის ქვის ერთი და აგურის ორი რიგის მონაცვლეობითაა ნაწყობი. აგურის შრეები მკვეთრად გამოირჩევა რუხ ფონზე და სიმაღლეზე ზედაპირს. სამრეკლო მთლიანად აგურისაა. ერთადერთი შესასვლელი ეკლესიის დასავლეთ კედლის შუაშია მოწყობილი. კარი ბრტყელი თაღითაა გადახურული. ეკლესიის შიდა სივრცე ვრცელია. განათებულია ექვსი, ნახევარწრიულთაღოვანი სარკმლით, რომელთა შორის თითო-თითო — აღმოსავლეთით და დასავლეთითაა, ხოლო ორ-ორი, ერთმანეთის მოპირდაპირედ — სამხრეთით და ჩრდილოეთით გრძივ კედლებზე სამ-სამი, მარტივი პილასტრია, რომლებზეც კამარის საბჯენი თაღებია გადაყვანილი. მათ შორის დასავლეთ წყვილი, დანარჩენ ორზე, რამდენადმე უფრო განიერია. მათ დასავლეთ კედლის მიმდებარე საბჯენი თაღის ქუსლებთან გამოყოფილია მაღალი, სწორხაზოვანი პროფილის იმპოსტები. საბჯენი თაღებიც და კამარაც ოდნავ შეისრულია. პილასტრების აღმოსავლეთ წყვილი, შესაბამისს საბჯენ თაღთან ერთად, საკურთხევლის სივრცის დარბაზისგან გამოყოფს თვით საკურთხეველი დარბაზის იატაკის მიმართ ორი, დაბალი საფეხურითაა შემაღლებული. აფსიდის გვერდებში, სიმეტრიულად, თითო, განიერი, ნახევარწრიულთაღიანი ნიშაა. თითო, მსგავსი ნიშა დარბაზის გრძივი კედლების აღმოსავლეთ ბოლოებშიცაა. აფსიდში, ჩრდილოეთ ნიშასთან ახლოს, ერთი პატარა, ასრულთაღოვანი ნიშაა. აფსიდი გადახურული წესიერი ფორმის კონქით. გარედან ეკლესიის კედლების ბათქაშით გასწორებული ზედაპირი კირით იყო შეთეთრებული. შეთეთრებული იყო სამრეკლოც. ფასადები სადაა, მოკლებულია ყოველგვარ დეკორატიულ სამკაულს. დასავლეთ სარკმლის გარდა, ყველა სარკმელი საფეხურით შეღრმავებულ არეშია ჩასმული. გრძივ ფასადებზე, დასავლეთ კიდესთან ახლოს, თითო, სწორკუთხა, ზემოთკენ შევიწროვებული კონტრფორსია მიშენებული.

2007-2008 წლებში საქართველო ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით ეკლესიას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები: აღდგა კედლების ზედა ნაწილები და ლავგარდანი. გაკეთდა აგურის კანკელი — სამი თაღოვანი კარით. აღდგა აგრეთვე სამრეკვლოს ფანჩატურის ზედა ნაწილი და იგი თუნუქით შემოლესილი, პირამიდისებრი სახურავით გადაიხურა, ეკლესია კი — ღარისებრი კრამიტით.

ლიტერატურა

რედაქტირება