ფურგონი (ავტომობილი)

ავტომობილის სახეობა

ფურგონი (ფრანგ. fourgon; ინგლ. van) — დახურული ძარას მქონე ავტომობილის სახეობა მაღალი ტევადობით, დიდი ოდენობით ხალხის ან ტვირთის გადასაზიდად. ფურგონი ზომით, ჩვეულებრივ აღემატება მსუბუქ ავტომობილებს და ჩამოუვარდება სატვირთოებს. სახეობის მიხედვით კი სპორტულ უნივერსალზე შეიძლება დიდიც იყოს და პატარაც.[1]

სრულგაბარიტიანი ფურგონები
ფიატის „დუკატო“ — საქართველოში აღჭურვილი სასწრაფოს მანქანად
ფორდის „ტრანზიტი“ — ქარხნულად გადაკეთებული მიკროავტობუსად თბილისისთვის

ფურგონის ტიპის მანქანას, რომელიც მსუბუქ ავტომობილზეა დაფუძნებული, უნივერსალი ეწოდება. გაზრდილი ტევადობის უნივერსალს — მინი-ფურგონი (მინივენი), ხოლო კიდევ უფრო დიდი სიგრძისა და მოცულობის, ოთხკუთხა ფორმის, სატვირთოს მსგავსი პლატფორმისა და ძალური გადაცემის მქონეს — სრულგაბარიტიანი ფურგონი.[2]

ტერმინის წარმომავლობა და გამოყენება

რედაქტირება

სახელწოდება „ფურგონი“ მომდინარეობს ფრანგული სიტყვისგან fourgon, რაც ნიშნავს საბარგო ვაგონს. ხოლო ინგლისურში გავრცელებული დასახელება van მომდინარეობს სიტყვისგან caravan (ქართ. ქარავანი) და აღნიშნავს გადახურული საზიდრების მწკრივს, რომლის მეშვეობითაც სავაჭრო საქონელი გადაჰქონდათ შორ მანძილზე აღმოსავლეთის ქვეყნებში (თანამედროვე ინგლისურში „ქარავანს“ საცხოვრებელ ფურგონსაც უწოდებენ).[3][4]

დღესდღეობით, ფურგონები უმეტესად მცირე საწარმოებისა და დაწესებულებების მიერ გამოიყენება, ხალხის ან ტვირთის გადასაზიდად და მომხმარებლებისთვის მომსახურების გასაწევად. მაგალითად, თანამშრომლებისა და ტექნიკის დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებისთვის, აგრეთვე საწყობებიდან საქონლის სავაჭრო წერტილებამდე მიწოდებისა და განაწილებისთვის, საფოსტო ამანათების ჩასაბარებლად და ა. შ.[5]

სრულგაბარიტიანი ფურგონი

რედაქტირება
 
ფორდის ფურგონი განცალკევებული შასით, საქონლის გადასაზიდად

სრულგაბარიტიან ფურგონებს უწოდებენ გაზრდილი სამგზავრო-სატვირთო სივრცის მქონე, მაღალჭერიან სახეობებს, რომელთაც გააჩნია მცირე ზომის კაპოტი, ძრავას სათავსის დიდი ნაწილი კი სალონშია შეჭრილი და წინა დასაჯდომი სავარძლები, შედარებით მაღლაა განთავსებული.[2]

სრულგაბარიტიან ფურგონებს, უმეტესად დამატებული აქვს საგანგებო აღჭურვილობა, ქარხნულად ან ცალკე კომპანიების მეშვეობით[6] და გამოიყენება სასწრაფო დახმარების მანქანებად, სატელევიზიო სადგურებად, მოძრავ სტუდიებად, სამაცივრე სატვირთოებად, აგრეთვე საცხოვრებელ ფურგონებად, ხალხის ბარგიანად ტრანსპორტირებისთვის სასტუმროებსა და აეროპორტებში, სკოლის მოსწავლეთა გადასაყვანად და ზოგჯერ მიკროავტობუსებადაც.

ამერიკაში, მეტად პოპულარულია ფურგონი განცალკევებული შასით, რომელიც უფრო მეტად ჰგავს სატვირთო ავტომობილს, ვინაიდან მძღოლის არე სრულადაა გამოყოფილი უკანა სივრცისგან, რაც უკანა სატვირთო-სამგზავრო ნაწილის მოხსნისა და ასევე სურვილისამებრ გაზრდის საშუალებას იძლევა.[7]

  1. W. Haajanen, Lennart. Illustrated Dictionary of Automobile Body Styles, გვ. 170. ციტირების თარიღი: 2019-03-6. 
  2. 2.0 2.1 N. Jazar, Reza. Vehicle Dynamics: Theory and Application, გვ. 30. ციტირების თარიღი: 2019-03-6. 
  3. Definition of fourgon. ციტირების თარიღი: 2019-3-7.
  4. Sfetcu, Nicolae. The Car Show. ციტირების თარიღი: 2019-3-7. 
  5. Goldasz, Stephen. (2017-6-20) What is a commercial vehicle?. ციტირების თარიღი: 2019-3-7.
  6. Vehicle Conversions. ციტირების თარიღი: 2019-3-7.
  7. Cab-Forward vs. Cutaway Van (2011-9-6). ციტირების თარიღი: 2019-3-7.