ფუნქციონალიზმი (არქიტექტურა)
ფუნქციონალიზმი — მიმართულება არქიტექტურაში, დამახასიათებელი XX საუკუნის მეორე ნახევრისთვის. ფუნქციონალიზმის სტილში ნაგები შენობის მთავარი უპირატესობა მისი მშენებლობის სისწრაფეა. საბჭოთა კავშირში მისი გავრცელება განაპირობა მასიური ინდუსტრიალიზაციის გამო წარმოქმნილი საბინაო პრობლემის გადაჭრის აუცილებლობამ.
ფუნქციონალიზმის მთავარი პრინციპით შენობის პროექტი უნდა ემყარებოდეს თვით ამ შენობის დანიშნულებას. თვით ეს განცხადება საკმაოდ ბუნდოვანია და გაურკვევლობისა და კამათის მიზეზი ხდება პროფესიულ წრეებში, განსაკუთრებით მოდერნისტულ არქიტექტურასთან მიმართებაში. XX საუკუნის ადრეულ წლებში ჩიკაგოს არქიტექტორი ლუის სულივანი პოპულარიზაციას უწევდა ფრაზას "ფორმა მუდამ მოჰყვება ფუნქციას" — მისი რწმენით შენობის ზომა, მასა, სივრცობრივი გრამატიკა და სხვა მახასიათებლები მხოლოდ და მხოლოდ განპირობებული უნდა იყოს შენობის ფუნქციით. ამ განაცხადის უკან მოიაზრება, რომ თუ ფუნქციონალური ასპექტები დაკმაყოფილებულია, არქიტექტურული სილამაზე ბუნებრივად და უეჭველად მოჰყვება მას.